თრილერი ლოს ანჯელესის დერბიში – გადამწყვეტი ბურთი ლებრონმა ჩააგდო

0
6
თრილერი ლოს ანჯელესის დერბიში - გადამწყვეტი ბურთი ლებრონმა ჩააგდო

NBA განახლდა! კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ განახლებულ რეგულარულ ჩემპიონატში, რომელსაც ფლორიდა მასპინძლობს, ლოს ანჯელეს ლიეკერსმა ლოს ანჯელეს კლიპერსი დაამარცხა. გადამწყვეტი სროლა, როდესაც ანგარიში 101:101 იყო, ლებრონ ჯეიმსმა შეასრულა.

თამაშის დაწყებამდე აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს, მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და არბიტრებმა მუხლი მოიყარეს. ლებრონმა, ენტონი დევისმა, კავაი ლეონარდმა, პოლ ჯორჯმა და სხვებმა, რომლებსაც მაისურებზე Black Lives Matter ეწერათ, სოლიდარობა აშშ-ში რასობრივ და სოციალურ სამართლიანობას გამოუცხადეს.

რაც შეეხება მატჩს, გამარჯვებულთა რიგებში 34 ქულითა და 8 მოხსნით ენტონი დევისი გამოირჩა, ლებრონ ჯეიმსმა კი 16 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 16 ქულა ჰქონდა კაილ კუზმას, ხოლო დიონ უეიტერსს – 11. კლიპერსში პოლ ჯორჯის ანგარიშზე 30 ქულა იყო, ხოლო კავაი ლეონარდმა 28 ქულა ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ლეიკერსის კალათბურთელები, ენტონი დევისი და ლებრონ ჯეიმსი კალიფორნიული კლუბის პირველი დუეტია შაკილ ო’ნილისა და კობი ბრაიანტის წყვილის (2002/03 წლების სეზონი) შემდეგ, რომლის თითოეულმა წარმომადგენელმა 30 და მეტი ქულის შედეგიანობით, სეზონში სულ ცოტა 20 მატჩი ჩაატარა. ენტონი დევისისთვის ეს მიმდინარე ჩემპიონატში სწორედ მე-20 მატჩი აღმოჩნდა, 30 და მეტი ქულით, ლებრონს კი ეს ზღვარი გადალახული აქამდე ჰქონდა.