ფედერაციის სპეციალური პროგრამით მიმდინარე სანაკრებო ვარჯიშები დასრულდა

0
26

დასრულდა საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშები, რომელიც 4 კვირის განმავლობაში, 28 ივნისიდან, სპორტკომპლექს “არენაში” მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, გასული მარტის შემდეგ სპორტის სხვა სახეობებთან ერთად აქტივობა კალათბურთშიც შეჩერებული იყო და სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამით მოხერხდა წვრთნის პროცესის განახლება.

ფედერაციის მიერ შემუშავებულ პროგრამაში გათვალისწინებული იყო ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის დააწესა. აღნიშნული პროგრამა მოწონებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, რომელმაც ერთი თვის წინ ვარჯიშების დადგენილი წესით განახლებისთვის წერილობითი თანხმობა გასცა.

პროგრამის სპორტულ მხარეზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტმა, მილოშ გლიგორიევიჩმა ნაკრებების მწვრთნელებთან და მენეჯერებთან ერთად იზრუნა, რომლებმაც რეკომენდაციებისა და რეგულაციების გათვალისწინებით სხვადასხვა ვარჯიშები შეადგინეს.

აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერისთვის საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ფედერაციის სპონსორს – კომპანია  „ბორჯომს”.

სპორტკომპლექს “არენაში” ვარჯიშები ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობით მიმდინარეობდა. ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების მწვრთნელები ძირითადად უკონტაქტო, ინდივიდუალურ ვარჯიშებს უტარებდნენ კალათბურთელებს, რაც სამთვიანი პაუზის შემდეგ თითოეული მათგანისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა.