ოთარ კაკაბაძე: “ყველაფერს ბელარუსთან შეხვედრის გადასახედიდან ვუყურებ”

0
13

ოთარ კაკაბაძე საქართველოს ნაკრების ის მოთამაშეა, რომლის იმედიც ვლადიმირ ვაისს ყოველთვის აქვს. კრეატიულმა მარჯვენა მცველმა ყურადღება განსაკუთრებით მაშინ მიიქცია, როდესაც ესპანურ ხიმნასტიკში მოხვდა. კაკაბაძემ ადაპტაციასთან და ტრავმებთან დაკავშირებული სირთულეები უკან მოიტოვა და ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდს სრულ მზადყოფნაში ხვდება.

‘ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი’ - ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან

ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, კაკაბაძის ლუცერნმა ლუგანოსთან ფაქტობრივად უიმედო თამაში შემოატრიალა. 3-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაში და საბოლოოდ ქულის მოპოვებაში ლუცერენს ქართველი მცველიც დაეხმარა, რომლის ზუსტი გადაცემის შემდეგაც ერთ-ერთი გოლი გავიდა. ოთარ კაკაბაძეს შვეიცარიულ ფეხბურთზე, კლუბში მის მდგომარეობაზე და ბელარუსის ნაკრებთან მატჩის წინ არსებულ მოლოდინებზე სასაუბროდ დავუკავშირდით.

შვეიცარიიდან ვირუსთან დაკავშირებით უსიამოვნო ინფორმაციები ვრცელდება. არსებობს საშიშროება, რომ ჩემპიონატი ისევ გაჩერდეს?
სამწუხაროდ, ციურიხის სამ მწვრთნელს, შვიდ ფეხბურთელს და პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდათ, ახლა კიდევ ერთი შემთხვევა ქსამაქსში დაფიქსირდა, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი დრო აღარაა დარჩენილი. ამიტომ გადაწყდა, რომ ტურნირი აუცილებლად ჩამთავრდება – მიუხედავად იმისა, რა შემადგენლობით მოუწევს თამაში თუნდაც ციურიხს.

გარკვეული პერიოდი თამაში არ გიწევდა, ბოლო მატჩში მოედანზე 90 წუთი გაატარე და საგოლე გადაცემაც გააკეთე…
სამწუხაროდ ტრავმები მქონდა. ამის გამო ვერ ვთამაშობდი, მაგრამ ლუგანოსთან მოედანზე 90 წუთი ვიყავი, რამაც ძალიან გამახარა, თან კარგად ვითამაშე. ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. თანაც, ახლა შემჭიდროებული გრაფიკია, რაც ხელს მიწყობს. მუდმივად ტონუსში ვიქნები. სენტ გალენთან თამაშისთვის სრულიად მზად ვარ

ესპანეთიდან შვეიცარიაში ტრანსფერი მოულოდნელი იყო…
ბოლომდე ველოდებოდი, რომ ესპანური კლუბებიდან შემოთავაზება მექნებოდა, მაგრამ რეალური წინადადება არ ყოფილა. იყო ხეტაფეს ვარიანტი, თუმცა მოლაპარაკებები ბოლომდე აღარ მივიდა. შემეძლო ხიმნასტიკში დარჩენა, მაგრამ რეალურად თუ შევაფასებთ, სუსტი გუნდია. ლუცერნი შვეიცარიის სუპერლიგაში თამაშობს. ახლა რომ ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა: სწორი ნაბიჯი გადავდგი.

‘ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი’ - ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან

რა განსხვავებას ხედავ ესპანეთის და შვეიცარიის ჩემპიონატებს შორის?
სანამ ფეხბურთამდე მივალთ, უნდა ვთქვა, რომ უდიდესი განსხვავებაა ქვეყნებს შორის. რაც შეეხება ფეხბურთს: ხიმნასტიკში ბევრი მწვრთნელი გამოვიცვალე და ყველა მათგანი ყურადღებას პირველ რიგში ტაქტიკას აქცევდა, ამ ტაქტიკური ხედვის მთავარი ღერძი კი ბურთის ფლობაა. შვეიცარიაში განსხვავებული მიდგომაა. აქ გაცილებით მეტს მუშაობენ ფიზიკურ კონდიციებზე. ესპანეთში მიდგომა ისეთი იყო, რომ მოთამაშეს, თუ იგი ტაქტიკურად სრულყოფილად იყო მომზადებული, შეეძლო ეთამაშა – მიუხედავად იმისა, იყო თუ არა იგი ფიზიკურად 100 პროცენტით მზად.

შვეიცარიაში რამდენიმე კლუბს ხელოვნურსაფარიანი მოედანი აქვს. ხომ არ გიჭირს ასეთ მოედნებზე თამაში?
 სამი კლუბია ისეთი, ვინც ხელოვნურზე თამაშობს. როდესაც მათ წინააღმდეგ მიწევს ასპარეზობა, ცოტათი მაინც ვერიდები, არ ვრისკავ. ბუნებრივ ბალახზე თამაში ბევრად მირჩევნია.

და ბოლოს: რას ელოდები ბელარუსთან მატჩის წინ?
პირველ რიგში ხალხს! გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს. ძალიან დიდი ხანია, ამ მატჩს ველოდები. შემიძლია ვთქვა, რომ სულ ამ თამაშზე ვფიქრობ და ყველაფერს ამ შეხვედრის გადასახედიდან ვუყურებ. ტრავმა რომ მქონდა, რეაბილიტაციის კურსის პერიოდში ნაკლებად ვრისკავდი. მერჩივნა, საფუძვლიანად გამევლო სარეაბილიტაციო პერიოდი იმისთვის, რომ ბელარუსის ნაკრებთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში ვყოფილიყავი.

popsport.ge