ბესიკ ხამაშურიძე: „საქართველო XV არის გზა ეროვნული ნაკრებისკენ“

0
25

საქართველო XV-ის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე მიიჩნევს, რომ ეს გუნდი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული ნაკრების შევსებისთვის და დირექტივები ბორჯღალოსნების თავკაცისგან უნდა მოდიოდეს.

გარდა ამისა, 42 წლის სპეციალისტის აზრით, ესაა საერთაშორისო თამაშების გამოცდილების შანსი დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებისთვის, რაც მათ განვითარებას უწყობს ხელს.

„საქართველო XV მნიშვნელოვანია იმ მორაგბეების განვითარებისთვის, რომლებიც ეროვნული ნაკრების მიღმა არიან და მათ საერთაშორისო გამოცდილება ჭირდებათ. სწორედ საერთაშორისო შეხვედრებში იღებს მოთამაშე ყველაზე დიდ გამოცდილებას. როდესაც მორაგბე ასრულებს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს, მაგრამ პირდაპირ ვერ ხვდება ეროვნულ ნაკრებში, მისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი თამაშები, რათა არ ჰქონდეს საერთაშორისო შეხვედრების წყვეტა. ესაა შანსი, გაიღრმავოს გამოცდილება და რეგულარულად დაამტკიცოს, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლია“.

„ჩემი აზრით, ეროვნულ გუნდს საქართველო XV-მა უნდა მიაწოდოს მოთამაშეები. შესაძლებელია აქ ითამაშონ ისეთმა მორაგბეებმაც, რომლებიც ბორჯღალოსნების წევრები არიან და მაგალითად, ტრავმიდან ბრუნდებიან, ან გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებიან, თუმცა სათანადო სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. ეროვნული ნაკრები და საქართველო XV უნდა გახდეს ერთიანი ორგანიზმი, სადაც დირექტივები ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელიდან წამოვა. ახლა, როდესაც ეროვნულ ნაკრებს ლევან მაისაშვილი წვრთნის და მეც ვარ ამ გუნდის ნაწილი, ამის განხორციელება შესაძლებელია. ვფიქრობ, ნებისმიერი გუნდის მიზანი სწორედ ეროვნული ნაკრებისთვის კადრების მიწოდება უნდა იყოს, რადგან ყველანი ერთად ქართულ რაგბს ვემსახურებით, რომლის მწვერვალი ქვეყნის უპირველესი გუნდია“.

ზრდა მატჩიდან მატჩამდე

ამ ფორმატით საქართველო XV პირველად 2018 წელს შეიკრიბა და „თბილისის ზაფხულის თასზე“ არგენტინა XV-ის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა. მაშინ თბილისში ტოპ 14-ის ერთ-ერთი გრანდი, პარიზული ‘რასინგ 92’-იც გვეწვია, თუმცა მას ქართველების წინააღმდეგ თამაშმა არ მოუწია.

„სამწუხაროდ, მაშინ პარიზელებთან თამაშმა არ მოგვიწია, თუმცა ორი ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. იმ გუნდში მრავლად იყვნენ ახალგაზრდა მორაგბეები და უდიდესი გამოცდილება მიიღეს, მათგან რამდენიმე კი, მერე ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა. მაგალითად თედო აბჟანდაძის დასახელებაც კმარა“.

წელს იანვარში საქართველო XV 2019 წლის სუპერ რაგბის ფინალისტმა, ‘ხაგუარესმა’ არგენტინაში მიიწვია და მომავალი სეზონის წინ, ორი დასკვნითი საკონტროლო მატჩი სწორედ ქართველებთან გამართა. ხამაშურიძე ფიქრობს, რომ მიუხედავად შედეგისა, ეს მიწვევა ქართული რაგბის აღიარება და დაფასება იყო:

„2018 წლის „ზაფხულის თასზე“ არგენტინა XV-თან კარგი თამაში ვაჩვენეთ, მეტოქე დავამარცხეთ და როგორც ჩანს, ეს ახსოვდათ არგენტინელებს. ‘ხაგუარესი’ სუპერ რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადებოდა და თავისი ხარჯებით მიგვიწვია, რადგან სურდათ ძალისმიერი სტილით მოთამაშე გუნდთან ევარჯიშათ, რათა ამ კომპონენტში არსებული ნაკლოვანებები გამოესწორებინათ“.

„მათ გადაწყვიტეს მოსამზადებელ ეტაპზე ქართული გუნდის წინააღმდეგ ეთამაშათ და ეს იყო ქართული რაგბის უდიდესი პატივისცემა! დიახ, ჩვენ კარგად ვიცოდით სადაც მივდიოდით და ვიცოდით, რომ დიდი სხვაობით წავაგებდით, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდით. სამაგიეროდ, ბიჭებმა ნახეს სად ვართ და რაზე გვაქვს სამუშაო. დაინახეს ისიც, რომ თამაშიდან თამაშამდე მომატების რესურსი გვაქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია და პირველისგან განსხვავებით, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დიდი ბრძოლა გავუმართეთ“.

საქართველო XV-ის კარი ლეგიონერებისთვისაც ღიაა

აქამდე ისე ხდებოდა, რომ საქართველო XV-ის შემადგენლობაში მხოლოდ თითო-ოროლა ლეგიონერმა ითამაშა და გუნდის ბირთვი დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ამ გუნდის კარი ლეგიონერებისთვის დახურული არაა:

„ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა ლეგიონერებზე, ამ კუთხით რაგბის კავშირის პრეზიდენტისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ კლუბებს თავისი კალენდარი და ინტერესები აქვთ. სამწუხაროდ, ჩვენი თამაშები არ ჯდება საერთაშორისო კალენდარში და მხოლოდ 2-3 ლეგიონერის გამოძახება მოვახერხეთ, ვისაც იმ პერიოდში თავისუფალი დრო ჰქონდა. ლეგიონერების წაყვანა განსაკუთრებით არგენტინაში გვსურდა, რადგან ვიცოდით რა დონის გუნდთან გვიწევდა თამაში“.

იდეალური წელიწადში 12-16 თამაშია

ბესიკ ხამაშურიძეს სურს, რომ საქართველო XV-ს გაწერილი ჰქონდეს მთელი წლის კალენდარი და სეზონზე მინიმუმ 3-4 თამაში ჰქონდეს, თუმცა ისიც კარგად ესმის, რომ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული:

„ამ გუნდის ჩამოყალიბება პირადად გოჩა სვანიძის დიდი სურვილი იყო, რადგან ვთანხმდებით, რომ ესაა ქართული რაგბის განვითარების ერთ-ერთი გზა. სწორედ ამიტომ, ჩვენ არცერთ შეთავაზებაზე გვითქვამს უარი და ყველა გამოწვევა მივიღეთ. ბიჭებმა რაც შეიძლება დიდი საერთაშორისო გამოცდილება უნდა მიიღონ. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქართული კლუბები ევროტურნირებში მონაწილეობდნენ და ასეთ პირობებში ყველა გამოწვევა უნდა მივიღოთ, როგორც ძლიერი, ასევე ჩვენი დონის გუნდებისგან“.

„ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. კარგი იქნება, თუ თითო სეზონზე 3-4 თამაში მაინც გვექნება. სავარაუდოდ, „ქარი ქაფზეც“ ამ ფორმაციის საქართველო XV ითამაშებს. შესაძლოა გუნდმა სხვა სახელით ითამაშოს, მაგრამ ტურნირის ჩატარების პერიოდში ლეგიონერების გამოძახება გაჭირდება და ვფიქრობ, ბირთვი კვლავ ქართული კლუბების მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული“.