კიკე სეტიენი: “ტიტულს კიდევ უფრო დავშორდით”

0
4

ბარსელონამ, რომელიც ჩემპიონის ტიტულისთვის მადრიდის რეალს ებრძვის, ლა ლიგის ბოლო ოთხ მატჩში მესამედ ფრედ ითამაშა. კატალონიელებმა ქულები ჯერ სევილიასთან დაკარგეს (0:0), შემდეგ შინ გაჭირვებით ბილბაოს აჯობეს (1:0), ბოლოსწინა ტურში სტუმრად სელტასთან 2:2-ს დასჯერდნენ, ბოლოს კი “კამპ ნოუზე” ამავე ანგარიშით დაასრულეს შეხვედრა ატლეტიკოსთან.
33 ტურის შემდეგ კატალონიურ გუნდს 70 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ლიდერი მადრიდის რეალი, რომელსაც ქულით მეტი და თამაშით ნაკლები აქვს. ტურნირის დასრულებამდე 5 ტური რჩება.
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ატლეტიკოსთან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
“ძალიან სამწუხაროა. სულ უფრო გვიჭირს. ამ ქულების დაკარგვა ნიშნავს, რომ ტიტულს კიდევ უფრო დავშორდით. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ატლეტიკო კარგი გუნდია. ისინი თავს კარგად იცავენ, კეტავენ სივრცეებს და შენი ნახევრიდან ამოსვლაში ხელს გიშლიან. მათ ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავთ.
არ ვარ ყველა ჩემი ფეხბურთელით კმაყოფილი იმიტომ, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ გუნდმა რთულ მეტოქესთან კარგი ფეხბურთი აჩვენა. ცოტა იღბალი გვაკლდება იმისთვის, რომ თამაშები უკეთესად ჩავატაროთ.
ჩემი მდგომარეობა კლუბში? არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ ვინმე ჩემს საკითხს განიხილავდეს. მიჩვეული ვარ რთულ ვითარებებს. გარკვეული დროის შემდეგ ეს ანეკდოტად მოგვეჩვენება. ახლა არ ვარ ისეთივე ბედნიერი, როგორიც დასაწყისში ვიყავი, მაგრამ მთლიანობაში, ყველაფერი ნორმალურადაა. კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელსაც ვასრულებთ”, – აქვეყნებს სეტიენის სიტყვებს ესპანური მედია.