ავთანდილ ლაბაძე: „ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრების მწვრთნელების ყურადღების არეალში მოხვედრაა“

0
52

ფეხბურთის ისტორიაში არაერთი შემთხვევაა, როდესაც მეკარეთა შვილები მინდორზე სხვა ამპლუაში თამაშს არჩევენ. შეიძლება ითქვას, რომ ათანდილ ლაბაძე გამონაკლისია – მისი მამა ავთანდილ-უფროსი ხომ გოლკიპერი იყო. „ბავშვობა ახალციხეში გავატარე. განსაკუთრებით მომწონდა თბილისის „დინამოს“ მეკარე ოთარ გაბელია და მისი თამაშით აღფრთოვანებულმა სამეკარეო კარიერა ავირჩიე“, – ამბობს ლაბაძე-უფროსი, რომელსაც რამდენიმე ქართულ გუნდში უთამაშია, 2003 წელს კი ბოლნისის „სიონის“ შემადგენლობაში ეროვნული პირველობის ვერცხლის მედალოსანი გახდა.
ავთანდილ ლაბაძე-უმცროსი 1998 წლის 9 მაისს ბორჯომში დაიბადა, ფეხბურთის თამაში თბილისში დაიწყო, 15 წლის ასაკში კი ბელარუსში გადავიდა. 2019 წლის სეზონი ავთანდილმა სვეტლოგორსკის „ხიმიკში“ ჩაატარა და როგორც ბელარუსის საფეხბურთო ჟურნალისტები წერენ, ქართველის თამაში მათთვის სასიამოვნო აღმოჩენა გახდა. თავდაპირველად ავთანდილი კლუბის მესამე გოლკიპერი იყო, მაგრამ ძირითადში ადგილი მალე დაიმკვიდრა და 19 შეხვედრაში „ხიმიკის“ კარი საიმედოდ დაიცვა. მასმედიელების აზრით, ლაბაძე კარგი რეაქციით გამოირჩევა, დამაჯერებლად თამაშობს როგორც კარის ხაზზე, ასევე გამოსვლაზე, დირიჟორობას უწევს უკანახაზელებს და შორეული გადაცემებით მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნასაც ახერხებს. ავთანდილს აქვს შანსი ბელარუსის და სხვა ქვეყნების წამყვანი კლუბების ინტერესთა არეალში მოხვდეს. გამოცემა lovesun.by აღნიშნავს, რომ 21 წლის აავთანდილ ლაბაძე 2019 წლის სეზონის აღმოჩენა გახდა.
მიმდინარე წლის 30 მაისს ავთანდილ ლაბაძემ გასვლით შეხვედრაში “ლიდასთან” შესანიშნავად ითამაშა და პენალტიც მოიგერია. “ხიმიკის” გუნდის უფროსმა და  მეორე მწვრთნელმა  ოლეგ ტარანუხინმა აღნიშნა ლაბაძის  საიმედო თამაში და მისი როლი მატჩის უგოლო ფრედ დასრულებაში. 6 ივნისს  კი ავთანდილმა და “ხიმიკმა” ბრწყინვალედ ჩაატარეს  ბელარუსის ეროვნული თასის 1/32–ის  გასვლით მატჩში  3:1 დაამარცხეს  სკ “პოლოცკი” და მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ.

– რას გვეტყოდით ბელარუსის ჩემპიონატსა და „ხიმიკზე“?

– მადლობა მსურს გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელებსა და სამწვრთნელო შტაბს. მათ ნდობა გამომიცხადეს. აგრეთვე, მადლიერი ვარ „ხიმიკის“ ერთგული გულშემატკივრებისა, რომლებიც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მხარს ერთგულად გვიჭერდნენ.
– როგორ გაიარეთ ადაპტაცია ბელარუსში, საქართველო არ გენატრებათ?
– საქართველო უძველესი ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანაა. სამშობლოში ყოველწლიურად ჩავდივარ და იქიდან გამგზავრებისას ყოველთვის გული მწყდება იქაურობას რომ ვტოვებ. ბელარუსს რაც შეეხება, აქ ძალიან მომწონს – ქვეყანაში მშვიდობიანი, ლამაზი და წყნარი ატმოსფეროა. თითქმის ყველა საოლქო ცენტრში ვიყავი. ფეხბურთის წყალობით მთელი ბელარუსი მოვიარე, განსაკუთრებით კი მინსკი და გომელი მომწონს. მეტად ლამაზი ქალაქებია. მომწონა ბელარუსული სამზარეულოც. ქართულისგან განსხვავებით, აქაური მზარეულები ნაკლებად იყენებენ სხვადასხვა სპეციებს, წიწაკას, მარილს, მაგრამ მაინც გემრიელ კერძებს ამზადებენ.
– საქართველო და ბელარუსი ერთმანეთს ერთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდებიან. რას გვეტყოდით ამ დაპირისპირებაზე?
– ორივე ნაკრებისთვის ეს რთული და მეტად პრინციპული პაექრობა იქნება. სასწორზე ხომ ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა დევს. როგორც ქართველი, ასევე ბალარუსი გულშემატკივარი ამ მატჩის მოლოდინშია.
– სამომავლოდაც „ხიმიკში“ აპირებთ ასპარეზობას?
– სად გავაგრძელებ თამაშს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. ჩემი მიზანი მაღალი კლასის მეკარედ ჩამოყალიბება და საქართველოს ნაკრების მწვრთნელების ყურადღების არეალში მოხვედრაა.
– გასულ წელს მინსკში ალექსანდრე ჩივაძისადმი მიძღვნილი ფილმის „ფეხბურთის პროფესორი“ შედგა. თქვენ თუ მოახერხეთ ჩვენებაზე მისვლა?
– პრესიდან, მამის მეგობრებისა და ბელარუსში მცხოვრები ქართველებისგან შევიტყვე, რომ მინსკს ლეგენდარული ფეხბურთელები ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი, ფილმის რეჟისორი გოგი თორაძე და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია სტუმრობდნენ. ვიცი, რომ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ხელშწყობით, მინსკის „დინამოს“ ვეტერანების მონაწილეობით ამ ფილმის ჩვენება გაიმართა. ეს ფილმი ქართული დიასპორის წარმომადგენლებმაც იხილეს. სამწუხაროდ, გადატვირთული სავარჯიშო გრაფიკის გამო მინსკში ჩასვლა ვერ მოვახერხე. იმედია, სამომავლოდ ამ ფილმს ვნახავ.

თენგიზ პაჭკორია