გოჩა სვანიძე: „რაგბის კავშირის შემოსავლები გასამმაგებულია“

0
5

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქ-ჩართვისას აღნიშნა, რომ მუდმივი ფინანსური დეფიციტი დაუგეგმავი მატჩების შედეგია და გულშემატკივრებს ამ მხრივ საფიქრალი არ აქვთ:
„მინდა ბოდიში მოვიხადო, რადგან რამდენჯერმე ვახსენე დეფიციტური ბიუჯეტი და ამან მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს სიტყვა ყველას აშინებს, თუმცა მდგომარეობა საგანგაშო სულაც არაა. ამერიკის რაგბის კავშირმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ რაგბი შეწყდა. მსოფლიო რაგბმა მათ დახმარება გაუწია და ის უფრო წარმატებული გახდება, ვიდრე დღესაა“.
„ეს საკითხი არ უნდა იყოს გულშემატკივრის განსჯის და ფიქრის საგანი. მინდა ყველა დავამშვიდო. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რაგბის კავშირის ფინანსური მდგომარეობა კარგი არ ყოფილა, თუმცა ეს იმიტომ ხდება, რომ ხშირად ტარდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც წლის დასაწყისში დაგეგმილი არ გვქონდა. წამყვანი სარაგბო ქვეყნებიდან ხშირად ვიღებთ წინადადებებს, რომ მათი გუნდი ჩამოვა, ან ჩვენ მიგვიწვევენ და ამაზე უარს არ ვამბობთ, რადგან მსგავსი თამაშების გარეშე ვერ განვვითარდებით. სწორედ ეს იწვევს დამატებით ხარჯებს“.
„ჩვენ ველოდებით სახელმწიფოსგან უფრო მეტ ფინანსურ მხარდაჭერას, თუმცა მხოლოდ ამის იმედად არ ვართ. რაგბის კავშირის სააკუთარი შემოსავლები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გასამმაგდა. რომ არა გაჭიანურებული არჩევნები და პანდემია, წლის დასაწყისში საკუთარი შემოსავლების მინიმუმ გაორმაგებას ველოდით, ამ სიტუაციამ კი სერიოზულად გვაზარალა და მკვეთრი ზრდის ნაცვლად, შემოსავლები შეგვიმცირდა. ეს დროებითია და დარწმუნებული ვარ სიტუაცია მალე შეიცვლება“.
სვანიძემ გულშემატკივრის კითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ ჭორი, თითქოს კავშირს 6 მილიონი ვალი აქვს, ტყუილია. რაც შეეხება კლუბების ფინანსურ მდგომარეობას, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა:
„კლუბების უმრავლესობას ფინანსურად პანდემიამდეც უჭირდა. სულ ორი-სამი კლუბია, რომელსაც ვალების აღების გარეშე მოთამაშეების შენარჩუნება შეუძლია. ეს საკითხი კლუბების ხელმძღვანელობის დასაგეგმია. ის ფინანსური დახმარება, რასაც კლუბები ბიუჯეტიდან იღებენ მწირია და სასურველია, რომ გაიზარდოს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროექტი და მას სახელმწიფოს წარვუდგენთ, თუმცა კლუბები მხოლოდ ამის იმედად არ უნდა იყვნენ“.