გოჩა სვანიძე: „მზად ვართ განვიხილოთ წესდების ცვლილების ვარიანტები“

0
4

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს, ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ჩართვისას ერთ-ერთი კითხვა წესდებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
სვანიძის თქმით, საარჩევნო ხმების განაწილებაში ცვლილება აუცილებელია და მზადაა განიხილოს კლუბების წინადადებები. მან დააფიქსირა თავისი მოსაზრებაც ცვლილებებთან დაკავშირებით:
„არსებულმა წესდებამ საკმარისზე დიდხანს იმუშავა და ის უნდა შეიცვალოს. საარჩევნო ხმების განაწილების პრინციპი სწორია – ყველა კლუბს აქვს ერთი ხმა, რის შემდეგაც გარკვეულ კლუბებს ეძლევათ პრემიალური ხმები არა ვიღაცის შეხედულების მიხედვით, არამედ ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე. ხმების განაწილების არსებულ სისტემას აქამდე არავინ აპროტესტებდა და მხოლოდ ბოლოს დაიწყო პროტესტი“.
„პირადად მე წინა არჩევნების დროსაც ვამბობდი, რომ ეს სისტემა შესაცვლელი იყო და 2016 წლიდან დავიწყეთ კიდეც კლუბებთან კონსულტაციები. მიმაჩნია, რომ არსებულ წესზე დასამატებელია სტაბილური სპორტული შედეგით ხმების განაწილების პრინციპი, ასევე კლუბის ისტორიის მიხედვით. ჩემი შეხედულებით, ყველა კლუბს არ უნდა ჰქონდეს ხმის უფლება. მაგალითად, 1 წლის დაარსებულ გუნდს არ უნდა ჰქონდეს ხმა. საჭიროა გავიდეს გარკვეული პერიოდი და როდესაც ის ქართული რაგბის განვითარებაში წვლილს შეიტანს, ხმის უფლებასაც მიიღებს“.
„დღესდღეისობით გვყავს ხმის უფლების მქონე 43 სუბიექტი, რაც ძალიან ბევრია. მაგალითად, 16 წლის წინ ასეთი სუბიექტი იყო 13 თუ 14. თუ კლუბების დაარსება ამ ტემპებით გაგრძელდება, სულ მალე 60-70 კლუბი გვეყოლება, რომელთაგან ამინდს დაახლოებით 20 თუ შექმნის“.
„ოპონენტები მომიწოდებენ, რომ წესდებაში ცვლილებები შევიტანო. მინდა მათ შევახსენო, რომ ამ ცვლილებას ჭირდება საერთო კრება, სადაც უკვე შეჯერებული, საბოლოო ვარიანტი უნდა გავიდეს. როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბებთან გვქონდა საერთო შეხვედრები, მათი მხრიდან შენიშვნები არ მიგვიღია, თუმცა ცალ-ცალკე შეხვედრებისას წამოვიდა შენიშვნების კასკადი. მათი ნაწილი გავითვალისწინეთ და ამ პროცესმა დაახლოებით 2 წელი წაიღო, მაგრამ არჩევნებამდე უკვე 1 წელი იყო დარჩენილი. საარჩევნო ციებ-ცხელების დროს სჯობს წესდებას არ შეეხო და როგორც კი არჩევნები დამთავრდება, მზად ვართ მივიღოთ არა ჩვენი, არამედ კლუბების წარდგენილი წესდების პროექტი, რომელსაც დამატებებისა და ცვლილებებისთვის საერთო კრებას წარვუდგენთ“.