ახალი სპორტის სასახლის მოლოდინში…

0
16

თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, მშენებლობის პროცესი არ შეწყვეტილა და სამუშაოები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.
სპორტის სასახლე 2021 წლის ზაფხულში სრულ მზადყოფნაში იქნება და კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს.
კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომლის ერთი ჯგუფის მატჩებიც თბილისში უნდა გამართულიყო, 2022 წლისთვის გადაიდო.
მშენებარე კომპლექსს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესტუმრა. დავინტერესდით, კორონავირუსის გამო მშენებლობა ხომ არ შეფერხებულა და რამდენად გეგმიურად მიმდინარეობს სამუშაოები.
“მთავრობამ დააანონსა, რომ 2021 წლის სექტემბრისთვის საქართველოს უნდა ჰქონოდა ულტრათანამედროვე საკალათბურთო არენა, რომელიც ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებდა. კორონავირუსის კრიზისის პერიოდში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მშენებლობა ერთი საათითაც არ შეჩერებულიყო. მინდა ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა ვუთხრა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას.
რამდენიმე დღის წინ მშენებარე არენას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად ვეწვიე და მახარებს, რომ ძირითადი, რთული სამუშაოები უკვე შესრულებულია. დიდი მოცულობის მიწა მოიხსნა, საძირკველი ჩაყრილია და ახლა სვეტების ამოყვანის პროცესში ვართ. დარბაზი 2021 წლის ივლისისთვის უნდა დასრულდეს. იმ ტემპით, რა ტემპითაც მუშაობა მიმდინარეობს, გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ კომპანია ვადებში სრულად ჩაეტევა.
მოგეხსენებათ, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 2022 წლის სექტემბრისთვის გადაიდო. ეს საშუალებას მოგვცემს მშვიდად, კარგად გატესტილი დარბაზით შევხვდეთ ევრობასკეტს.
მახარებს, რომ ძალიან მალე საქართველოს ექნება ევროპული სტანდარტების 10 ათასკაციანი ლამაზი სპორტის სასახლე, რომელიც ერთიანი კომპლექსის ნაწილი იქნება. ახალი არენა გვირაბით დაუკავშირდება 2015 წლისთვის აგებულ ოლიმპიურ სასახლეს, რომელშიც ორი სხვადასხვა ტევადობის დარბაზია. ერთში 3 ათასი ადამიანი ეტევა, მეორეში – 800,” – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.