გოჩა სვანიძე: “ნაკრების მწვრთნელმა დროის უმეტესობა საქართველოში უნდა გაატაროს”

0
4

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე რადიო “იმედის” გადაცემა “სპორტტაიმში” იმყოფებოდა და არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.  ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის თაობაზე მან შემდეგი განაცხადა:
“თავის დროზე სამხრეთაფრიკელ მწვრთნელ სვის დე ბრუინთან აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა და არაერთი დეტალი გავიარეთ, ხედვები დაემთხვა და მან მუშაობაზე თანხმობა განაცხადა. ჩვენ ის მარტში უნდა ჩამოგვეყვანა, მაგრამ გაუგებარია რა მოხდა, შესაძლოა, გარკვეულმა ძალებმაც იმუშავეს, შეიძლება შეეშინდა, რომ საარჩევნო პროცესი გაიწელა და ეგონა, დაძაბული სიტუაცია იყო. ამბობდა, რომ შემოთავაზებები კლუბებიდანაც ჰქონდა და მოცდა აღარ შეეძლო. ცხადია, ასეთ ვითარებაში გარანტიების მიცემა გამიჭირდებოდა და როგორც ჩანს, მალევე გეგმებს ვირუსიც აგვირევდა. აქედან გამომდინარე, დე ბრუინის თემა დასრულებულია, რადგანაც ის საკმარისზე მეტხანს გველოდა და ბოლოს დაახლოებით, ასეთი რამ თქვა: “მე არ მომწონს, რაც საქართველოში ხდება”. ამის შემდეგაც მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს. სხვა სამხრეთაფრიკელ სპეციალისტთანაც გვქონდა კონტაქტი. არადა, ზოგზე ეწერა, რომ კონტრაქტი ჰქონდა წინ და გადააგდო… ამ თეატრალიზებას ვერ მოვრჩით. არავისთან არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ საკითხს აქტიურად განვიხილავთ, თუმცა, კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებ, რადგანაც არსებულ ვითარებაში, ეს, შეუძლებელია. ბევრ ვარიანტებს ვუყურებთ, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად მაიკლ ჩეიკას არ მოვიწვევთ. გგონიათ, მისი დონის სპეციალისტებმა საქართველოს ნაკრებში მუშაობის სურვილი არ გამოთქვეს? გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მერე სხვა ნაკრებში დასაქმდა. მასაც უნდოდა აქ, მაგრამ ჩვენ გვინდა ასეთი რამ? რომ მას გუნდი გარედან ემართა და საქართველოში ხანდახან ჩამოსულიყო. საქართველოს რაგბის კავშირის პოლიტიკაა, რომ ნაკრების მწვრთნელმა დროის უმეტესობა აქ ადგილზე უნდა გაატაროს”.