ჯანო ანანიძე: “საქართველოში მხოლოდ ბათუმის “დინამოში” ვითამაშებ”

0
18

ჯანო ანანიძის სავარაუდო ტრანსფერზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის მომავალი დაუკავშირეს როგორც დინამო ბათუმს, ისე – დინამო თბილისს. ვინ უნდა გაგვარკვიოს უკეთესად რეალობაში თუ არა თავად ჯანო ანანიძემ, რომელმაც “პოპსპორტის” კითხვებს უპასუხა…

ბოლო დღეებში შენ შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა. როგორია რეალობა?
დავიწყოთ თავიდან. ანორთოსისთან 31 მაისამდე მაკავშირებს კონტრაქტი, თუმცა ფეხი მაწუხებდა, თამაშს ვერ ვახერხებდი და ამიტომ დროებით საქრთველოში ჩამოვედი. ამ დროს, მთელ მსოფლიოში კორონავირუსი გავრცელდა, ფრენები შეწყდა და მეც აქ შემოვრჩი. იმ პერიოდში, ქართულ გუნდებზე არ ვფიქრობდი, თუმცა გამოჩნდა ვარიანტები: დინამო ბათუმი და დინამო თბილისი. სწორედ ასე დაიწყო მოლაპარაკების პროცესი. ერთ კვირაში, თავისუფალი აგენტი ვხდები და შესაბამისად, საინტერესო შემოთავაზებებს განვიხილავ.
რომელ დინამოს აქვს მეტი შანსი, რომ შენთან ხელშეკრულება გააფორმოს?
თუ საქართველოში დავრჩები, მაშინ დინამო ბათუმზე შევაჩერებ არჩევანს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გულშემატკივარია. ის, რაც ბათუმში ხდებოდა სტადიონზე, საქართველოში სხვაგან არსად მინახავს. პლუს ახალი სტადიონი, რომელიც დამატებითი მოტივაციაა. აჭარიდან ვარ და ეს ყველაფერი უკვე ბევრს ნიშნავს. ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა დინამო ბათუმის პრეზიდენტ არჩილ ბერიძესთან. შესანიშნავად მიმიღო, რისთვისაც მადლობელი ვარ. მოლაპარაკების დროს ხელფასი ნამდვილად არ ყოფილა მთავარი. მინდა ფორმა დავიბრუნო და გამოვადგე, როგორც გუნდს, ისე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მოკლედ, თუ საქართველოში ვითამაშებ და არ აქვს მნიშვნელობა ეს როდის იქნება, ამ სეზონში თუ თუნდაც მომავალში, სულით და გულით, დინამო ბათუმზე შევაჩერებ არჩევანს.
მაინც რამდენად დიდია შანსი, რომ დინამო ბათუმში გააგრძელო კარიერა?
მოლაპარაკების დროს პირდაპირ ვთქვი, რომ თუ საქართველოში დავრჩები, დინამო ბათუმში ვითამაშებ. თუმცა, ჯერ 28 წლის ვარ და თუ საინტერესო წინადადება მექნება უცხოეთიდან, მაშინ წასვლა მომიწევს. ყველა კითხვას 15 ივნისამდე გაეცემა პასუხი. იქამდე, მოლაპარაკების პროცესში ვიქნებით და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
უცხოური კლუბებიდან გაქვს შეთავაზებები?
კი, არის კონკრეტული შემოთავაზებები და მაქვს ვარიანტები, მათ შორის რუსეთიდან. უახლოეს ორ კვირაში ბევრი რამ გაირკვევა და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს. უფრო მეტს და საინტერესოს დღეს ვერაფერს გეტყვით.
გაირკვა, რომ ვლადიმირ ვაისი რჩება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე…
ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა და საქართველოს ნაკრებს ისევ ვლადიმირ ვაისი გაწვრთნის. საბედნიეროდ, ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რომ მოლაპარაკების პროცესი დადებითად დასრულებულიყო. ველოდებით, როდის დაინიშნება პლეი ოფის მატჩები რომ ვაისთან ერთად დაწყებული საქმე კარგად დავასრულოთ და ევროპის ჩემპიონტზე გავიდეთ.