ფრანგებმა და ბრაზილიელებმა საჩემპიონო მედლები გაყიდეს

0
4

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულებიდან ჯერ ორი წელიც არ გასულა და საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა უკვე მოგებული ოქროს მედალი გაყიდა.
ლოს ანჯელესში გამართულ აუქციონზე ახალმა მფლობელმა ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო მედალში 71 875 ამერიკული დოლარი გადაიხადა. როგორც გაირკვა, მედლის მყიდველი დიდი ბრიტანეთიდანაა. Juliens Auctions-ის ხელმძღვანელმა დარენ ჯულიენმა მედიას განუცხადა, რომ ფეხბურთელს, რომელსაც ეს ოქროს მედალი ეკუთვნოდა, ვინაობის გამხელა არ სურს.
აუქციონის ხელმძღვანელის თქმით, ფეხბურთელის ვინაობა მხოლოდ მედლის შეძენის რამდენიმე მსურველს გაუმხილეს, რადგან პოტენციურ მყიდველებს უფლება აქვთ, იცოდნენ, ვის ეკუთვნოდა მედალი, რომლის შეძენის სურვილი ათ ადამიანს ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე აუქციონზე სხვა მუნდიალების ოქროს მედლებიც გაიყიდა. მაგალითად, 2002 წლის ჩემპიონის (ბრაზილია) ოქროს მედალი 50 000 დოლარად იყიდეს. ასევე გაიყიდა 1994 წლის მუნდიალის ოქროს მედალიც (კვლავ ბრაზილიელი), რომელშიც 48 000 დოლარი გადაიხადეს.