ბათუმის “დინამო” წვრთნას შეუდგა

0
3

საქართველოს საფეხბურთო პირველობის სხვა კლუბების მსგავსად ვარჯიშის პროცესი საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, ბათუმის “დინამომაც” განაახლა. რეგულაციის მიხედვით მინდორზე ერთდროულად ათ ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს – ამიტომ, გუნდი გაიყო და ჯგუფებად ივარჯიშა.

ასლან ბალაძე (“დინამოს” სპორტული დირექტორი): “ფეხბურთელებს ორ თვეზე მეტი გაუცდათ და მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოგვეცა ჯგუფებად ვარჯიშის საშუალება და ჩვენც ეს პროცესი დავიწყეთ. შემადგენლობა იგივეა, ცვლილებები არ გვაქვს და დინამო ბათუმის ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია. პანდემიამ ფინანსური პრობლემები შეგვიქმნა და სწორედ ამიტომ გაუნახევრდათ ამ ეტაპზე ფეხბურთელებს ხელფასები. კლუბის ხელმძღვანელები მუშაობენ, რომ ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას.
 ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. დინამო ახალ სტადიონზე განაახლებს სეზონს?
დარჩა მცირე სამუშაოები, მაგრამ ვფიქრობ, რომ დინამო ბათუმი ახალ სტადიონზე განაახლებს ჩემპიონატს. დასანანია, რომ გარკვეული პერიოდი უმაყურებლოდ მოგვიწევს თამაში. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ცოტა ხანი უნდა გავუძლოთ და მალე დადგება ის დრო, როდესაც დინამო სავსე ტრიბუნების ფონზე ითამაშებს.

მიხეილ ალავიძე: “ძალიან მიხარია, რომ ვარჯიში განვაახლეთ, თუმცა ჯერ კიდევ არის შეზღუდვები: მცირე ჯგუფებად ვვარჯიშობთ და ერთმანეთთან დისტანციას ვიცავთ, მაქსიმუმ 10 კაცი უნდა იყოს მინდორზე და შესაბამისად, 3 ჯგუფად ვართ დაყოფილი. იზოლაციის დროს, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდით, მაგრამ გუნდური წვრთნები სულ სხვაა. ბუცი, ბურთი და მინდორი სხვა ემოციებს იწვევს. ორი თვე და ათი დღე მოგვიწია თვითიზოლაციაში ყოფნა, რაც ძალიან რთული გამოდგა. შესაბამისად, დრო იქნება საჭირო, რომ ფორმაში შევიდეთ. ზამთარში ორი შეკრება გავიარეთ, მაგრამ სამწუხაროდ წყალში ჩაიყარა. ორი თვე ვარჯიშის გარეშე ძალიან დიდი დროა და ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ ფორმა დავიბრუნოთ”.

ფლამარიონ ჯოვინო: “ვიცი, გულშემატკივრებს აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შემიძლია ვთქვა, რომ 95%-ით მზად ვარ და შესაბამისად, შემიძლია დავუბრუნდე საწვრთნელ პროცესს. რაც შეეხება ვარჯიშებს, უჩვეულო წესებია, თუმცა ეს ისაა, რაც დღეს შეგვიძლია ვაკეთოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიწიოთ წინ და ვივარჯიშოთ ისე, როგორც ამას მწვრთნელები გვავალებენ. ადვილი არ იყო თვითიზოლაციაში ყოფნა, გუნდელებს გვენატრებოდა ერთმანეთი და ფეხბურთი. დინამო ბათუმი ერთი ოჯახია და ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ვარჯიშები განახლდა”.