ილიას ზუროსმა ქართველი მწვრთნელებისთვის ონლაინ-სემინარი ჩაატარა

0
4

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ქართველი მწვრთნელებისთვის მორიგი ონლაინ-სემინარი ჩაატარა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინიციატივით და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით, ონლაინ-სემინარები თვეზე მეტია მიმდინარეობს.
ბოლო ონლაინ-კონფერენციას 60-მდე მსმენელი ჰყავდა. ზუროსის საკალათბურთო ფილოსოფიის გაცნობა განსაკუთრებით საინტერესო იყო ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის. თუ წინა კონფერენციაზე ილიასმა დაცვით ფაზაზე გაამახვილა ყურადღება, ამჯერად შეტევაზე გაკეთდა აქცენტი. მწვრთნელებს დიაგრამები და ვიდეოკლიპები წარუდგინა, სემინარის დასკვნით ნაწილში კი კითხვებს უპასუხა. ილიას ზუროსს მწვრთნელებთან კომუნიკაციაში მანუჩარ მარკოიშვილი დაეხმარა, რომელმაც თარჯიმნის როლი მოირგო.
ილიას ზუროსმა შესავალ სიტყვაში სემინარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ბერძენი სპეციალისტის თქმით, სასურველია, რომ მწვრთნელებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ, თუმცა არ არის აუცილებელი, ყველაფერი გაითვალისწინონ. მთავარია, გაფილტრო ინფორმაცია და დაიტოვო ის, რაც სწორად მიგაჩნია. რაც შეეხება თავდასხმას, ზუროსის აზრით, პირველ რიგში, ყველა მწვრთნელმა ხელი უნდა შეუწყოს კალაბურთელის ინდივიდუალურ განვითარებას. თუ კალათბურთელმა სხვადასხვა კომპონენტებში არ მოუმატა და სათამაშო კლასი არ აიმაღლა, რაც არ უნდა სისტემა და ტაქტიკა დაუხაზო, უბრალოდ ვერ გადაიტანს შენ მოსაზრებრებს პარკეტზე. მთლიანობაში, ზუროსის სემინარმა ორ საათს გასტანა.