პლატინი ინფანტინოს გადადგომას ითხოვს

0
4

უეფას ექსპრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას მოქმედ ხელმძღვანელ ჯანი ინფანტინოს შეუტია და სკანდალური განცხადებებიც გააკეთა. ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა იტალიელ ჩინოვნიკს “დიდი მანიპულატორი” უწოდა და მას დაუყოვნებლივ გადადგომა მოსთხოვა.
“ყველამ იცის, რომ 2016 წელს ფიფას პრეზიდენტი მე უნდა გავმხდარიყავი, თუმცა, ჩემს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. 2015 წლიდან ძირს სწორედ ინფანტინო მითხრიდა, რათა რეალურ კანდიდატთა შორის ჩემი გვარი აღარ ყოფილიყო. ახლა, თანამდებობა მან უნდა დატოვოს. ის ფიფას შემთხვევითი პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობაზე სრულიად გაუგებარ სიტუაციაში მოხვდა. ის და შვეიცარიის გენერალური პროკურორი მაიკლ ლაუბერი თვლიან, რომ ისინი ხელშეუხებლები არიან, თითქოს მათთვის კანონი არ არსებობს”.
შეგახსენებთ, რომ პლატინი უეფას სათავეში 2007-2015 წლებში იდგა, პოსტის დატოვება კი კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო მოუხდა. საინტერესოა, რომ ფრანგსა და ფიფას ყოფილ თავკაც იოზეფ ბლატერს დღემდე სთხოვენ 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის დაბრუნებას და სასამართლოში შესაბამისი სარჩელიც არის შეტანილი. თავის დროზე ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ პლატინი 8-წლიანი დისკვალიფიკაციითაც დასაჯა, რომელიც მოგვიანებით ოთხ წლამდე დაიყვანეს.