ბექა ურჯუკაშვილი: „ევროთასები უმნიშვნელოვანესი მოტივაციაა“

0
7

სანამ დიდი 10 მოედანს დაუბრუნდება, ვაგრძელებთ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბების კაპიტნების გაცნობას. 14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში არსებული სიტუაციის მიხედვით, გავიცნოთ მეორე ადგილზე მყოფი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, ‘ბათუმის’ კაპიტანი ბექა ურჯუკაშვილი, რომლის სარაგბო კარიერა, შესაძლოა სულ სხვაგვარად განვითარებულიყო.

ბიძის გავლენით
„რაგბზე ბიძაჩემის, მახო ურჯუკაშვილის (69 კეპი ნაკრებში, 313 ქულა) გავლენით 6 წლის ასაკში მივედი. ვაზისუბანში რაგბის კლუბი ‘მგლები’ დაარსდა და სპორტის ამ სახეობას გია ამირხანაშვილთან ვეზიარე. ოვალური ბურთით თამაში თავიდანვე მომეწონა და შემდგომში ყველა იმ ფასეულობამ მომხიბლა, რაც რაგბს უკავშირდება. სწორედ ამან დამტოვა თამაშში, თორემ იმ წლებში პირობები საერთოდ არ გვქონდა: ვვარჯიშობდით სკოლის მოასფალტებულ სტადიონზე და დარბაზებში; როგორც კაცთა გუნდები, ასევე ყველა ასაკობრივი ჯგუფი თამაშობდა ვარკეთილის მეურნეობაში, ფაქტობრივად ტალახში, სადაც სიმწვანის ნასახი არ იყო. ყველაზე კარგი მოედანი ვარკეთილის მესამე მასივში, „ლელოს“ ბაზაზე იყო და ბედნიერი ვიყავი როდესაც იქ გვქონდა თამაში“ – იხსენებს 30 წლის ურჯუკაშვილი.
17 წლის ბექა, სკოლის დამთავრებისთანავე სარაგბო უნარების დასახვეწად საფრანგეთში, ‘ორიაკის’ აკადემიის გუნდში წავიდა, სადაც იმ დროს უკვე ღვაწლმოსილი ბორჯღალოსანი, მახო ურჯუკაშვილი თამაშობდა.
„საფრანგეთში ტურისტული ვიზით ჩავედი, გავიარე ფიზიკური და ტექნიკური ხასიათის ტესტები და ‘ორიაკის’ აკადემიაში 2,5 წელი დავრჩი. შეიძლებოდა კაცთა გუნდშიც მეთამაშა, მაგრამ ჩემი ხისტი ხასიათის გამო, გუნდი დავტოვე ორიაკის მახლობლად, ფიჟაკში გადავედი. გუნდი ფედერალ2-იდან ფედერალ1-ში ახალი ამოსული იყო და იქ მერაბ კვირიკაშვილი, რეზო გიგაური, ლევან დათუნაშვილი და დავით ბალანჩივაძე თამაშობდნენ. ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს, რადგან 2011 წლის თებერვალში, სწორედ ‘ფიჟაკიდან’ მოვხვდი საქართველოს ნაკრებში“.
„ძალიან ბევრი ვისწავლე კვირიკაშვილისა და გიგაურისგან. ისინი მოედანზეც და მის მიღმაც ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდნენ, მარიგებდნენ და ყველაფერში მეხმარებოდნენ. სამწუხაროდ, მიუხედავად ძლიერი შემადგენლობისა, გუნდი ლიგაში ვერ დარჩა. სპორტში იღბალი ძალიან ბევრს ნიშნავს და შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად განვითარებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა“.
„2011 წლის ივნისში, კიდევ ერთი ბორჯღალოსნის, დიმიტრი ბასილაიას რეკომენდაციით ‘ობონაში’ გადავედი და იქ 2 კარგი სეზონი გავატარე, მაგრამ რასაც დამპირდნენ ვერ შემისრულეს და გუნდი ჩემი სურვილით დავტოვე. საფრანგეთში გატარებული ბოლო 2 სეზონი ცუდად მახსოვს. თითო წელი ვიყავი ‘ბანიერსა’ და ‘ლიმოჟში’, თუმცა ტრავმების გამო იშვიათად მიწევდა თამაში. ერთ ტრავმას რომ მოვირჩენდი, ეგრევე მეორე იჩენდა თავს. გადავწყვიტე, რომ რაღაც უნდა შემეცვალა და საბოლოოდ საქართველოში დავბრუნდი“.

სულ სხვა სურათი
2015 წელს შინ დაბრუნებული ურჯუკაშვილი თბილისის ‘არმიაში’ ჩაირიცხა და იქ ორი სეზონი გაატარა. 8-წლის შემდეგ, მას შიდა ასპარეზზე სულ სხვა სურათი დახვდა:
„გნებავთ ჩემპიონატის დონე, გნებავთ ინფრასტრუქტურა და პირობები, ყველაფერი განსხვავდებოდა. უკვე იყო მოედნები, გაჩნდა ფინანსები და მოთამაშეებს შეეძლოთ მხოლოდ სპორტზე ეფიქრათ, რაც პროფესიონალიზმისთვის აუცილებელია. სხვა დონეზე იყვნენ გუნდები და მსაჯები. ყველაფერი წინ იყო წასული და მეც საკუთარი თავის რწმენის დაბრუნების შესაძლებლობა მომეცა. ‘არმია’ ძალიან კარგი, შეკრული გუნდი იყო და იქ გატარებული დრო მუდამ კარგად გამახსენდება“.
ბექა ფიქრობს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატის დონე იზრდება, რაც დიდწილად საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების დამსახურებაა, სადაც ბიჭები მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილებას იღებენ და მერე ამ გამოცდილებას საკუთარ კლუბებში იყენებენ:
„ძალიან მომწონს ჩვენი 20-წლამდელების თამაში, რაც მწვრთნელებისა და მორაგბეების ძალიან დიდი შრომის შედეგია. ზოგიერთ ბიჭს ორი და სამი წელი მოუწია ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. მათგან ყველა ვერ ახერხებს საფრანგეთში წასვლას, აქ რჩებიან და ეს ამბიციური ბიჭები ჩვენს ჩემპიონატს აძლიერებენ. გარდა ამისა, გაზრდილია მოთამაშეთა რაოდენობა, რაც ზრდის კონკურენციას და ეს ხარისხზეც აისახება“.
ურჯუკაშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით საინტერესო პროექტია საქართველო XV და მისი უკეთ გამოყენება შეიძლება:
„ამ ფორმაციის გუნდში მეც მომიწია თამაში და ვთვლი, რომ ძალიან კარგი პროექტია, რადგან მოთამაშეებს საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილების მიღების საშუალება ეძლევათ. გარდა ამისა, ის შეიძლება განხილული იყოს როგორც ტრამპლინი ეროვნული ნაკრებისთვის. ვფიქრობ, ამ გუნდის განვითარებით უფრო მეტი სარგებლის მიღება შეიძლება, როგორც საერთო საქმისთვის, ასევე თითოეული მოთამაშისთვის“.

ნაკრები – პრივილეგია და სიამაყე
ბექა ურჯუკაშვილმა ბორჯღალოსნების კვართით 2011 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და ირბ-ს ერთა თასზე (ბუქარესტში) 7 თამაში ჩაატარა და 2 ლელო გაიტანა. ის ეროვნულ გუნდში თამაშს პრივილეგიად მიიჩნევს:
„მერგო პატივი საქართველოს ნაკრებში მეთამაშა და ვფიქრობ, ცუდად არ გამოვიყურებოდი. ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ მომიწია ძალიან მაგარი ბიჭების მხარდამხარ თამაში და ეს არასდროს დამავიწყდება. ნაკრებში თამაში ნებისმიერი მორაგბისთვის პრივილეგიაა და მართალია სულ 7 შეხვედრაში, მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის მაისურით მითამაშია“.

„მოტივაციისთვის ევროტურნირები მნიშვნელოვანია“
‘ბათუმს’ ბექა ურჯუკაშვილი 2017 წელს შეუერთდა. იმ წელს ‘ბათუმი’ გახდა პირველი ქართული გუნდი, რომელიც დამოუკიდებლად გავიდა ევროტურნირზე – მესამე დონის კონტინენტის ფარზე და გამოცდილება დააკლდა ჩელენჯ ქაფის საგზურის მისაღებად.
„ეს არის დიდი ამბიციების მქონე გუნდი, რომელსაც ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველანაირი რესურსი გააჩნია“ – ამბობს ურჯუკაშვილი და აღნიშნავს, რომ პირველ წელს, ჩემპიონობის მოპოვებაში ‘ბათუმს’ ხელი „კონტინენტის ფარმა“ „შეუშალა“, რადგან გუნდს ორ ფრონტზე საბრძოლველად გამოცდილება და მოთამაშეთა რესურსი არ ეყო:
„ვერ დავიჯერეთ, რომ ‘როვიგოსთან’ სტუმრად მოგება შეიძლებოდა და დიდი უპირატესობა გავანიავეთ. დავიწყეთ ფიქრი უპირატესობის შენარჩუნებაზე და ამის გამო დავისაჯეთ. დაახლოებით იგივე მოხდა ‘ვიადანასთან’. დღესაც ჩამესმის მწვრთნელის სიტყვები, რომელიც მან შესვენებისას გვითხრა – კარგად გაიხსენეთ რა დაგვემართა ‘როვიგოსთან’ და იგივე აღარ გაიმეოროთ – მაგრამ გავედით და ზუსტად იგივე დაგვემართა. ბათუმში, ახალი სტადიონის გახსნაზე ბონუსით დავამარცხეთ გერმანული ‘ჰაიდელბერგი’, რომელმაც შემდგომში ფინალში ითამაშა და ჩელენჯ ქაფის საგზურიც მიიღო, უბრალოდ იქ სხვა მიზეზის გამო ვერ მოხვდა. ამ საგზურს აუცილებლად მივიღებდით, რომ არა ეს ორი დასანანი მარცხი, რის გამოც ნახევარფინალში რუმინულ ‘ტიმიშუარასთან’ მოგვიწია შეხვედრა“.
„თუმცა, ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება და სტიმული თითოეული მოთამაშისთვის. ძალიან გვინდოდა, რომ წელს უკვე ჩემპიონის რანგში გვეთამაშა ევროტურნირში, იმ ფორმატით, რომლითაც შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ არასპორტული მიზეზების გამო გადაწყდა, რომ ქართული კლუბები იქ არ ითამაშებენ, ყოველ შემთხვევაში წელს. მე ვფიქრობ, რომ ახალი გამოწვევა აუცილებლად უნდა მივიღოთ, რადგან სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია მომავლის ხედვა, სტიმული და ამაში პოლიტიკამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს“.

„ამ ბიჭების გვერდით თამაში დიდი სიამოვნებაა“
გასული სეზონი ‘ბათუმმა’ მაღალ დონეზე ჩაატარა და 17-წლიანი შესვენების შემდეგ, ბექა ურჯუკაშვილის კაპიტნობით, მესამედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული:
„გასულ სეზონში „კონტინენტის ფარზე“ უარი ვთქვით. შევთანხმდით, რომ იქ მხოლოდ ჩემპიონის რანგში გავიდოდით და მთელი რესურსი დიდი 10-ისკენ მივმართეთ. ბევრი ვიშრომეთ, ამ მიზნის გარშემო გავერთიანდით, ვარჯიშებზეც ჩანდა, რომ ყველა მხოლოდ ჩემპიონობაზე ფიქრობდა და დასკვნით ფაზაში საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. ნახევარფინალშიც და ფინალშიც დამაჯერებლად ვითამაშეთ. გადამწყვეტი მატჩების წინ ერთად ვცხოვრობდით და ამან კიდევ უფრო მეტად შეგვკრა“.

ბექა ფიქრობს, რომ ჩემპიონობამ ქალაქში რაგბის პოპულარიზაცია გაზარდა:
„არ ვიცი რა ხდებოდა 3 წლის წინ, მაგრამ ფინალის ბათუმში ჩატარება ქალაქს დაეტყო. ახლა ბევრმა იცის, რომ მათი ქალაქის გუნდი ქვეყნის ჩემპიონია“.
მიმდინარე სეზონის 14 ტურის შემდეგ, ‘ბათუმი’ 9 მოგებით, 2 ფრით და ჯამში 48 ქულით, ‘ლელო-სარასენსთან’ პირველ-მეორე ადგილებს იყოფს და მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.
„წლევანდელი სეზონი შარშანდელის მსგავსად მძიმედ დავიწყეთ. დაუგეგმავი ქულები დავკარგეთ, თუმცა წელს მეტად სტაბილური გუნდი გვყავდა. როდესაც ნაკრების მოთამაშეები გვაკლდა, შევსების ნაკლებობას არ ვუჩიოდით. ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონატის დასრულება მოხერხდება და როდესაც სრული შემადგენლობით ვიქნებით, ჩვენი სათამაშო დონეც მოიმატებს“ – ამბობს ურჯუკაშვილი და გვიყვება, როგორ ემზადება კარანტინის პირობებში:
„მეუღლესთან ერთად ბათუმში დავრჩი, რადგან მიმაჩნია, ორი ადამიანი უფრო კარგად დაიცავს იზოლაციას და პირნათლად ვასრულებთ რეკომენდაციებს. მაღალ სართულზე ვცხოვრობ და კიბეებზე სულ ფეხით დავდივარ. ბაზიდან ბიჭებმა ინვენტარი წამოვიღეთ და ვცდილობთ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყოთ. მაგრამ რაგბი გუნდური თამაშია და სრულფასოვნად მოსამზადებლად გუნდი და მოედანია საჭირო, თუმცა სულ არაფერს ტონუსში ყოფნა ჯობია“.
‘ბათუმის’ კაპიტანი იმედოვნებს, რომ შეზღუდვები მალე მოიხსნება და თავის გუნდთან ერთად, მალე დაუბრუნდება მოედანს:
„ჩემი ბიჭების მხარდამხარ თამაში უდიდესი მოტივაცია და სიამოვნებაა. პასუხისმგებლობაც დიდია, რადგან მოედანზე ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ‘ბათუმში’ ყველა ერთი იდეის გარშემო ვართ გაერთიანებული, მოედნის მიღმაც ერთად დიდ დროს ვატარებთ და ეს ერთობის მუხტი მომავალში არაერთ გამარჯვებამდე მიგვიყვანს“.