ლა ლიგა ივნისში განახლდება

0
15

ესპანეთში საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებაზე ფიქრობენ, სავარაუდო ვადად კი ივნისი სახელდება, თუმცა ამ იდეას ყველა არ იწონებს. მაგალითად, “კადისის” ფეხბურთელმა რაფაელ ხარკემ პირდაპირ თქვა, რომ ის მოედანზე იქამდე არ გავა, სანამ დაავადების საფრთხე იარსებებს.

თავის მხრივ, ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა იმ შესაძლო სანქციებზე ისაუბრა, რომელიც კლუბებსა თუ ფეხბურთელებს მატჩების ჩატარებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაეკისრებათ. ტებასმა ასევე ისაუბრა იმ ფინანსურ ზარალზე, რომელიც სეზონის ვადამდე დასრულების შემთხვევაში დადგება.

“რა მოხდება, თუკი ფეხბურთელი ან კლუბი თამაშზე უარს იტყვის? პირველ ჯერზე კლუბისთვის სასჯელი ტექნიკური წაგება იქნება. თუკი გვეტყვიან, რომ თამაში შეიძლება, მაგრამ გუნდი უარს იტყვის, მის მიმართ სანქციები იგივე იქნება, რაც აქამდე იყო. ანალოგიურად, თუკი ფეხბურთელი უარს იტყვის მოედანზე გასვლაზე, მასაც სანქციები დაეკისრება.

ზარალი სეზონის ნაადრევად დასრულები შემთხვევაში? დაახლოებით მილიარდი ევრო. უმაყურებლოდ თამაშის შემთხვევაში, ზარალი 350 მილიონი ევრო გვექნება”, – ამბობს ტებასი.

ლა ლიგის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ჩემპიონატი 2020 წლის დეკემბრამდე, დახურული ტრიბუნების ფონზე წარიმართოს.

“სავსებით შესაძლებელია, რომ დეკემბრამდე ცარიელი ტრიბუნების ფონზე ვითამაშოთ. უნდა დავადგინოთ, როგორ განხორციელდება ტრანსლაციები და ვის შეეძლება სტადიონებზე შესვლა. ძალიან უნდა ვიფრთხილოთ”, – ამბობს ტებასი.