კალათბურთის ფედერაციის ახალი პროგრამა: ონლაინ-პლატფორმა ყველა მწვრთნელისთვის

0
4

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და მწვრთნელთა კავშირის მხარდაჭერით ახალი პროგრამის ფუნქციონირება იწყება, რომლის მიზანიც კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში მწვრთნელთა აქტივობის შენარჩუნება და მათი მხარდაჭერაა. პროგრამა მოიცავს ონლაინ – კურსებს, სემინარებს და სხვადასხვა სახის მასალებს, რომლებიც გათვლილი იქნება როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მწვრთნელებისთვის.

პროგრამის მთავარი ინსტრუქტორი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის თანაშემწე და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორი, მილოშ გლიგორიევიჩია. პროგრამა განხორციელდება საქართველოს მწვრთნელთა კავშირის ტექნიკური დახმარებით, რომლის პრეზიდენტმა, დავით უსტიაშვილმა გუშინ საღამოს გამართულ ონლაინ-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციას საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების, სუპერლიგის, “ა” ლიგის, ასაკობრივი ჩემპიონატის გუნდებისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სხვადასხვა პროგრამებში მონაწილე 40-მდე მწვრთნელი დაესწრო.

მილოშ გლიგორიევიჩი: “ახლა, როცა მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს და მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება სახლში ყოფნაა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მწვრთნელთა აქტივობის შესანარჩუნებლად ახალი პროგრამის განხორციელება გადაწყვიტა, რომელიც მწრთნელებს საშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად გაიღრმავონ საკალათბურთო, პროფესიული ცოდნა. შექმნილია ონლაინ-პლატფორმა, რომელშიც საქართველოში მომუშავე და მწვრთნელთა კავშირში რეგისტრირებული ყველა მწვრთნელი გაერთიანდება. მათი რაოდენობა დაახლოებით 300-ია და შესაბამისად, არიან როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მწვრთნელები. შესაბამისად, პლატფორმაზე განთავსდება ყველა სამწვრთნელო დონის ვიდეო და ტექსტობრივი მასალები. გარდა იმისა, რაც პირადად მე მაქვს, არიან ქართველი მწვრთნელები, რომლებსაც ჩვენს პროფესიულ საქმიანობაზე საკუთარი თეორიული მასალები გააჩნიათ. ვგეგმავთ, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ და მასალები პლატფორმაზე კვირაში ორი-სამჯერ განვათავსოთ”.

პროგარმას მხარს უჭერენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები. სამწვრთნელო  ვიდეოებისა და ტექსტობრივ მასალასთან ერთად დაგეგმილია ფიზმომზადების ამსახველი კლიპების განთავსებაც, რომლის ავტორებიც ეროვნული ნაკრების შესბამისი მწვრთნელები იქნებიან.

დავით როგავა, “ოლიმპის” მწვრთნელი: “პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას და მწვრთნელთა კავშირს ამ კარგი წამოწყებისთვის. მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დროებით შეჩერებულია ყველანაირი სპორტული თუ სხვა აქტივობები და მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს მწვრთენელბს, გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა. ამ ჯგუფში ძალიან ბევრი გამოცდილი და განათლებული მწვრთნელი შედის და ყოველთვის საინტერესოა მათი ხედვებისა თუ ცოდნის გაზიარება ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტისთვის”.