“ბარსაგეიტი”: “კლუბის სათავეში ქურდია”

0
13

“ბარსელონაში” რთული ვითარებაა. კლუბის დირექტორთა საბჭოს 19 წევრიდან 6 გადადგა – ისინი “ბარსას” პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს მართვის სტილს აკრიტიკებენ და ახალი პრეზიდენტის არჩევნებს ითხოვენ. ვიცე-პრეზიდენტებმა ემილ რუსომ და ენრიკე ტომბასმა, ასევე სილვიო ელიასმა, მარია ტეიჩიდორმა, ხოსეპ პონტმა და ჟორდი კლასამილიამ თანამდებობების დატოვება ღია წერილში განმარტეს, რომელიც დღეს ესპანურ გაზეთებში გამოქვეყნდა.
მათი გადადგომის მიზეზი ბარტომეუ და ე.წ. “ბარსაგეიტია”. როგორც ირკვევა, ბარტომეუმ კომპანია I3 Ventura-ს მილიონი ევრო გადაუხადა და სოციალურ ქსელებში კატალონური გრანდის მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავების, მათ შორის ლიონელ მესის, ხოსეპ გვარდიოლას და სხვების დისკრიმინაცია დაავალა – კლუბის ხელმძღვანელობის პრესტიჟის ასამაღლებლად. გარდა ამისა, ბარსელონას ფეხბურთელები თავს დაჩაგრულად გრძნობენ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს ხელფასების შემცირების საკითხშიც.
ემილ რუსო ბარტომეუს ფინანსურ მაქინაციებსა და კორუფციაშიც ადანაშაულებს: “ვფიქრობ, კლუბის ფულს ვიღაც იპარავდა. კომპანია I3 Ventura-ს მილიონი ევრო გადაუხადეს საქმისთვის, რომლის საბაზრო ღირებულება მხოლოდ 100 000 ევროა. ვინ გააკეთა ეს? ცხადია, ვიღაცამ ხელმძღვანელობიდან. არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ ეჭვმიტანილები გვყავს,” – უთხრა რუსომ Rac1-ს.