პიშო პრეზიდენტობისთვის და რევოლუციური ცვლილებებისთვის იბრძოლებს

0
3

ორიოდე კვირაში მნიშვნელოვანი ამბავია დაგეგმილი, რომელმაც ბევრი რამ შესაძლოა შეცვალოს, მათ შორის, ქართული რაგბისთვისაც.
საუბარია მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის არჩევნებზე, რომელიც 26 აპრილს ელექტრონული წესით წარიმართება და მასში ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
რეგისტრაციის პროცესი დასრულდა და ცნობილია, რომ პრესტიჟული პოსტისთვის მოქმედი ხელმძღვანელი, ინგლისელი ბილ ბომონტი და არგენტინელი აგუსტინ პიშო იბრძოლებენ.
არგენტინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი 2020-2024 წლების მსოფლიო რაგბის მისეულ განვითარების პროგრამაში აღნიშნავს, გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს რევოლუციური ცვლილებების გასახორციელებლად.
პიშო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე სარაგბო ჩინოვნიკი. მისი დიდი დამსახურებაა, რომ  არგენტინის ნაკრებმა ბოლოსდაბოლოს მოახერხა და გახდა “სანზაარის” სრულუფლებიანი წევრი. შესაბამისად, 2012 წლიდან “პუმები” სამ ერს შეუერთდნენ, ხოლო 2016 წლიდან “ხაგუარესი” სუპერ რაგბის გათამაშებას შეუერთდა. ის მომხრეა, რომ რაგბი გლობალური გახდეს და გაიხსნას ელიტარული ტურნირები, ექვსი ერი და ოთხი ერი. გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი მსოფლიო ლიგის ყოველწლიური ტურნირისა, რომელშიც 12 გუნდს უნდა მიეღო მონაწილეობა და გავარდნა-აღზევება უნდა ყოფილიყო, თუმცა ექვსი ერის ქვეყნებმა ზუსტად ამ პუნქტის გამო ეს წინადადება დაბლოკეს.
უკანასკნელ პერიოდში, სამხრეთელთაგან სულ უფრო ხშირად ისმის, რომ კონსერვატორული მიდგომა უნდა დასრულდეს და რაგბი ყველასთვის გაიხსნას. ამის შესახებ, რამდენიმე დღის წინ ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმაც განაცხადა და ეს ინტერვიუ შემოგთავაზეთ კიდეც. კორონავირუსის პანდემიამ მთელ სარაგბო სამყაროს დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა, სამხრეთელები ფიქრობენ, რომ ახლა ცვლილებების და გლობალური კალენდარის შემოღების საუკეთესო დროა, რისთვისაც პიშო დიდი ხანია იბრძვის.