შოთა არველაძე: “გასული წელი “ფახთაქორისთვის” განსაკუთრებული იყო”

0
22

ტაშკენტის „ფახთაქორის“ ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე ნიდერლანდურ მედიას ესაუბრა. VICESport-თან ინტერვიუში ჩვენი თანამემამულე მიმდინარე მოვლენების და უზბეკეთში მუშაობის შესახებ საუბრობს.
შოთამ ლეგენდარულ ფეხბურთელ და მწვრთნელ იოჰან კრუიფთან შეხვედრაც გაიხსენა, რომელსაც ბარსელონაში გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ესტუმრა.

– როგორ ხართ?
– ვფრთხილობ, რადგან ასთმა მაქვს. ჩემი ოჯახის წევრები კარგად არიან. სტამბოლში ვართ, სადაც სახლი მაშინ შევიძინე, როდესაც „ქასიმფაშას“ მწვრთნელი ვიყავი. ტაშკენტიდან თურქეთში კერძო თვითმფრინავით გამოვფრინდი, რადგან ფრენა თითქმის აღარ იყო.

– თქვენი ტყუპი ძმა არჩილიც სტამბოლშია?
– არა, ის ოჯახთან ერთად საქართველოშია. აჩი „ფახთაქორში“ ჩემი ასისტენტია. ადრე ერთმანეთისგან ვერ გვარჩევდნენ, მაგრამ ის უფრო გაჭაღარავდა.

– პეტერ ჰუისტრა და ლასლო იამბორიც თქვენი ასისტენტები არიან. როგორ მოგწონთ მათთან თანამშრომლობა?
– კმაყოფილი ვარ. პეტერს აგენტ გვიდო ალბერსის მეშვეობით შევხვდი და დავმეგობრდით. ლასლო კი „აიაქსში“ გავიცანი, ისინი ჩემი ასისტენტები არიან, თუმცა საკუთარი ხედვა გააჩნიათ. ახლა ისინი ტაშკენტში არიან და ფეხბურთელებთან ონლაინ ვარჯიშებს ატარებენ.

– როგორ მიდის საქმეები „ფახთაქორში“?
– ძალიან კარგად, 2017 წელს კლუბი ჩემპიონატში მეცამეტე ადგილზე გავიდა. „ფახთაქორი“ უზბეკეთის ყველა დროის საუკეთესო გუნდი იყო, მახსოვს თბილისის „დინამოსთან“ მატჩები. გასულ სეზონში ჩემპიონები, თასის და ლიგის თასის გამარჯვებულები გავხდით. ეს განსაკუთრებული წელი იყო, რადგან 40 წლისთავი იყო „ფახთაქორის“ გუნდის ავიაკატასტროფიდან, როდესაც 179 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება ამ სეზონს, არავინ იცის, როდის გაგრძელდება, ჩემი კონტრაქტი კი წლის ბოლოს იწურება.

– უზბეკეთში ფეხბურთი პოპულარულია?
– პოპულარობა განუხრელად იზრდება. ადრე იყვნენ გუნდები, რომლებიც სხვა ქალაქებში თამაშობდნენ, რადგან სტადიონი არ ჰქონდათ, რომელიც მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. ტოპ-კლუბების მატჩებს 30 ათასი მაყურებელი ესწრება.

– „მაკაბიში“ ხორდი კრუიფთან ერთად მუშაობდით. როგორი იყო თქვენი თანამშრომლობა?
– ექვსი თვე კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ შემდეგ გუნდის შედეგი გაუარესდა. ამჟამად ხორდისთან კონტაქტი აღარ მაქვს. მამამისის გარდაცვალება მივუსამძიმრე ბოლოს. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, იოჰან კრუიფთან ბარსელონაში ვიყავი, ოფისში ვესტუმრე.

– რატომ იყავით მასთან?
– იოჰანი ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო. მსურდა პროექტში ჩამერთო, რომელიც ძმებთან ერთად საქართველოში გავაკეთე. მასთან დაახლოებით ექვსი საათი ვისაუბრე ფეხბურთის, ცხოვრების შესახებ. თავს ბედნიერ ადამიანად ვთვლი, რომ მასთან დიდხანს ვისაუბრე.