გია სანაძე: “ატლანტა ჰოუქსთან“ მატჩის წინ ტრავმა მივიღე”

0
117

გ. კაპუსტინი, ლ. მოსეშვილი, გ. სანაძე,  ა. ოპოშნიანი და ა. ტიუბინი 

საქართველომ კალათბურთს ბევრი ბრწყინვალე მოთამაშე მისცა, რომლებიც ახარებდნენ მილიონობით ქომაგს. ერთ-ერთი მათგანი იყო გია სანაძე – 1980-1990 წლების  შესანიშნავი კალათბურთელი, რომელიც გამორჩეული  იყო როგორც საქართველოს წამყვან გუნდებში, ასევე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მანამდე კი სსრკ მეორე ნაკრებში.  გიას თამაში კარგად მახსოვს 1980 წლებიდან-ის გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, მოედნის შესანიშნავი ხედვით, შორი მანძილიდან შედეგიანი სროლებით და რაც მნიშვნელოვანია – მოედანზე არაჩვეულებრივი სიმშვიდით, რაც სამწუხაროდ, ბევრ სპორტსმენს აკლია.

– გია, მამათქვენი ფეხბურთელი იყო, დედა -კალათბურთელი, თქვენ არ გაგიჭირდათ არჩევნის გაკეთება?
– მე დავიბადე ხონში 1964 წლის 24 ოქტომბერს, მამაჩემი დუდარი თავიდან კალათბურთით იყო გატაცებული და ამბობენ, საკმაოდ კარგად თამაშობდა, თუმცა შემდეგ ის მთლიანად ფეხბურთზე გადაერთო – ცოტა ხანი ყოფილა სინჯებზე „გურიასა“ და თბილისის „დინამოში“, შემდეგ კი რამდენიმე წელი სტაბილურად თამაშობდა გორის „დილაში“ – იყო ამ გუნდის მეკარე. მამაჩემი, რასაკვირველია, ოცნებობდა ჩემ ფეხბურთელობაზე, მაგრამ დედაჩემის არგუმენტებმა უფრო გაჭრა. დედაჩემი მაყვალა წარმატებული კალათბურთელი იყო, თამაშობდა ხონის (საბჭოების დროს წულუკიძე) გუნდში საქართველოს ჩემპიონატში და საკავშირო ტურნირებზე. დედაჩემს უთხრა მამაჩემს და ახლობლებს: „არ მინდა, ჩემმა ბიჭმა ტალახში ითამაშოს (იმ დროს საფეხბურთო მოედნები არ იყო მაღალი ხარისხის და მოედანზე ბევრი ტალახი იყო), ამიტომ აჯობებს, ჩემი შვილი კალათბურთელი გახდეს“.  იმ დროს კალათბურთი ძალიან პოპულარული იყო საქართველოში, ხალხს ახსოვდა თბილისის „დინამოს“ ბრწყინვალე წარმატებები: 1962 წელს დინამოელებმა  ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში ჟენევაში დაამარცხეს მადრიდის „რეალი“ და ევროპის  უმთავრესი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ, 1969 წელს დინამოელები გავიდნენ ევროპის თასების მფლობელთა თასების ფინალში, 1968 წელს გუნდი გახდა სსრკ ჩემპიონი(მანამდეც იყვნენ სსრკ ჩემპიონები 1950, 1953 და 1954). 70-იანი  წლებიდან „დინამოს“ არ მოუპოვებია ასეთი დონის წარმატებები( 1977 წელს გუნდი გახდა სსრკ ბრინჯაოს პრიზიორი), თუმცა აჩვენებდა ლამაზ თამაშს და „დინამო“ ყოველთვის  უხერხული მეტოქე იყო ტიტულოვანი კლუბებისათვის.
სპორტის, კერძოდ, კალათბურთის მიმართ სიყვარულის ატმოსფერო სუფევდა მთელ საქართველოში, მათ შორის ხონში. 11 წლის ასაკში მე დავიწყე თამაში ხონის საკალათბურთო სექციაში, ჩემი პირველი მწვრთნელი იყო თამაზ შველიძე. მან ბევრი მასწავლა, ბიჭები მას დიდ პატივს სცემდნენ. ჩვენი გუნდი წარმატებით თამაშობდა ახლომდებარე ქალაქების გუნდებთან და დასავლეთ საქართველოს გუნდების ტურნირებში.16 წლის ასაკამდე ვთამაშობდი ხონის გუნდში, მერე მომიწვიეს თბილისში.
– რეკომენდაცია ვინ გაგიწიათ?
– არა, არავის  არავითარი რეკომენდაცია მიუცია. ყველაფერი მოხდა ძალიან ბუნებრივად: 15 წლის ვიყავი, როცა ხონის ჭაბუკთა გუნდი გამოვიდა ბათუმში გამართულ საქართველოს მოსწავლეთა სპარტაკიადაზე. ბათუმში ჩამოსული იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომლის მწვრთნელი  თბილისის „დინამოს“ ყოფილი კალათბურთელი ნუგზარ ჭეიშვილი იყო. ამ მატჩში ხონის გუნდს მოვუტანე 40 ქულა,  რამაც შოკში ჩააგდო მეტოქის გუნდის მოთამაშეები და მწვრთნელები –  იმ დროს ხომ არ იყო სამქულიანი, თამაშში ნებისმიერი ჩაგდებული ბურთი ორ ქულად ითვლებოდა. სამქულიანი ევროპაში და სსრკ, მათ შორის  საქართველოში, 1984 წელს შემოვიდა ფიბას გადაწყვეტილებით, მანამდე სამქულიანები იყო NBA-ში(1970 წლების ბოლოდან). რაც შეეხება ჩემ 40 ქულას – იმ მატჩის შემდეგ ნუგზარ ჭეიშვილმა მომიწვია ჭაბუკთა ნაკრებში და შემომთავაზა თბილისში გადასვლა, მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. მომდევნო წელს ჩვენმა ნაკრებმა შეკრება სოხუმში ჩაატარა, მახსოვს კარგად, კემპინგში ვიყავით გუმისთასთან. იმ ნაკრებში თამაშობდნენ კახა ბაღათურია, ნიკო ჩერქეზიშვილი, მერაბ ემირიძე და სხვ.. ვემზადებოდით სსრკ მოსწავლეთა სპარტაკიადისთვის, რომელიც ვილნიუსში ტარდებოდა. ეს იყო ჩემი პირველი ასეთი დონის ტურნირი. ლიეტუვაში მეტოქე გუნდებში თამაშობდნენ საბონისი, მარჩიულიონისი, ტიხონენკო, მიგლინიექსი და სხვა წარმატებული კალათბურთელები.
– თბილისში პირდაპირ „დინამოში“ აღმოჩნდით თუ პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდში?
– „დინამოს“ დუბლებში ვიყავი და ერთდროულად ვთამაშობდი სპი (გპი) გუნდში, მე ხომ 1981 წლიდან გპი-ს სტუდენტი ვიყავი. იმ დროს „დინამოს“ ძირითადში მოხვედრა ძალიან რთული იყო, გუნდში თამაშობდნენ   ნიკოლოზ დერიუგინი (1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1981 წლის ევროპის ჩემპიონი და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი), გივი ბიჭიაშვილი, გელა დარსაძე, იური პულავსკი, ნოდარ ქორქია, პაატა გურასპაული, კოკა ჯორჯიკია, გუნდის მწვრთნელი იყო ლევან მოსეშვილი(1940-2020)-გამოჩენილი კალათბურთელი, 1973 წლიდან კი „დინამოს“ მწვრთნელი. 1980 წწ დასაწყისში ვითამაშე თბილისში გამართულ დინამიადაზე -სსრკ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დინამოელთა გუნდების ტურნირზე. 1982 წელს თბილისის „დინამოში“ გავიარე წინასაჩემპიონატო შეკრება, ამის შემდეგ შედგა ჩემი დებიუტი სსრკ უმაღლეს ლიგაში -მე 18 წლის ვიყავი. ცოტა ხანში სერიოზული ტრავმა მივიღე, ერთი წელი არ ვთამაშობდი. ვმკურნალობდი თბილისსა და მოსკოვში, 1984 წელს კვლავ დავიწყე თამაში, მალე გავხვდი პირველი ხუთეულის წევრი. 1984-1985 წწ სეზონი სტაბილურად ვითამაშე, 1985 წელს კი ჩემთვის მოულოდნელად ამირჩიეს გუნდის კაპიტნად-მე 21 წლის ვიყავი.
– თბილისის „დინამოში“ თამაშობდნენ ლეგიონერები სსრკ სხვა რესპუბლიკებიდან?
-1970 წლების ბოლოდან „დინამო“ განიცდიდა თაობათა ცვლას, გუნდიდან წავიდა რამდენიმე ვეტერანი კალათბურთელი, 1986 წელს სერიოზული ტრავმის გამო შეწყვიტა თამაში დერიუგინმა (1993 წელს დაუბრუნდა კალათბურთს და რამდენიმე წელი წარმატებით ითამაშა სხვადასხვა გუნდებში, 1994-95 წლებში საქართველოს ნაკრებში). „დინამოს“ მწვრთნელები ეძებდნენ ახალ კალათბურთელებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გუნდში გამოჩნდნენ იგორ ბოროდაჩიოვი და იური  მილოვიდოვი, ისინი „დინამოში“ ჩემ მოსვლამდე იყვნენ, შემდეგ გამოჩნდნენ ანდრეი ტიუბინი,ალექსეი ოპოშნიანი, 1981 წლის ევროპის ჩემპიონი გენადი კაპუსტინი(1958-2011)…. ჩვენ ლეგიონერებთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, „დინამო“ იბრძოდა სსრკ ჩემიონატის ლიდერებთან, თუმცა კაუნასის „ჟალგირისი“ და მოსკოვის ცსკა ორი თავით სჯობნიდნენ  დანარჩენ გუნდებს, მაღალ დონეზე თამაშობდნენ კიევის „სტროიტელი“ და რიგის „ვეფი“. 80-იანი წლების მიწურულს მთელი რიგი ფაქტორების გამო „დინამო“ ვერ ახერხებდა მოხვედრას ჩემპიონატის პრიზიორებს შორის,1987 და 1988 წლების ჩემპიონატებში ძალიან ახლოს ვიყავით ბრინჯაოს მედლებთან…  ჩვენ ძალიან მონდომებულად ვთამაშობდით, დინამოელთა რამდენიმე კალათბურთელი თამაშობდა სსრკ ახალგაზდულ და მეორე ნაკრებში.

გ. სანაძე, ა. ოპოშნიანი( „დინამო“ თბ),  ს. კოჩერგინი, დ. სუხარევი («დინამო» მოსკოვი)

– მახსოვს, თქვენ ითამაშეთ მეორე ნაკრებში, სსრკ პირველ ნაკრებში არ გიწვევდნენ?
-1987-1988 წლებში მე, გელა დარსაძე და ანდრეი ტიუბინი(ის ახლა აშშ-ში ცხოვრობს) ვთამაშობდით სსრკ მეორე ნაკრებში. ესპანეთში გამართული ტურნირი გამოვტოვე ტრავმის გამო, კუბაში კი  ტურნირზე ვითამაშე ყველა მატჩი, კალათბურთელები და მწვრთნელები კმაყოფილი იყვნენ (იცინის). იმ დროს სსრკ პირველ ნაკრებში მოხვედრა ძალიან რთული იყო – ნაკრებში გამოდიოდნენ მსოფლიო და ევროპის დონის ვარსკლავები – საბონისი, ტკაჩენკო, ხომიჩუსი, ვალტერსი, მარჩიულიონისი, კურტინაიტისი, ბელოსტენი, სოკი, ტარაკანოვი და სხვები.პირველი ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრე გომელსკი(1928-2005) თვალყურს ადევნებდა მეორე ნაკრების მატჩებს.  1988 წელს მიმიწვიეს პირველ ნაკრებში. იმ წელს სსრკ ნაკრებმა ჩაატარა სამი საშინაო მატჩი ნბა-ს კლუბთან „ატლანტა ჰოუქსთან“-თბილისში, ვილნიუსსა და მოსკოვში. მე და გელა დარსაძე გომელსკიმ მიგვიწვია პირველ ნაკრებში და თბილისში უნდა გვეთამაშა. „დინამოს“ გუნდი ლესელიძეში (გაგრა) იყო შეკრებაზე, იქ ვარჯიშზე მივიღე ტრავმა, ამიტომ პირველ ნაკრებში თამაში არ მომიწია. გელამ კი კარგად ითამაშა „ატლანტა ჰოუქსთან“ თბილისში მატჩს დაესწრო 15 ათასი მაყურებელი, შეხვედრა დასრულდა ამერიკელების გამარჯვებით  85:84.  ვილნიუსში ამერიკელებმა კვლავ მოიგეს, მოსკოვში სსრკ ნაკრებმა მოიგო. მე კი იღბალი არ მქონდა – როცა ნაკრებში დამიძახებდნენ ტრავმას ვიღებდი. პირველი სერიოზული ტრავმა 19 წლის ასაკში მივიღე, იმ დროს ექიმებმა ვერ მოახერხეს ზუსტი დიაგნოზის დადგენა, მოგვიანებით კი გავიგე, რომ მქონდა ჯვარედინი იოგის დაზიანება. ამ სერიოზული ტრავმით მომიწია თამაში მთელი ცხოვრება, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1994-1997 წწ.
1993-1994 წლებში ვიცავდი გუნდ „თბილისის“ ღირსებას, შემდეგ კი ვიყავი „ვითას“ მოთამაშე (საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი). იმ წლებში საქართველოს სუპერფინალების მატჩებს ესწრებოდა 12-15 ათასი მაყურებელი, ამ ფინალების შესახებ სიუჟეტებს გადასცემდნენ უცხოეთის ტელეარხები. 1994 წელს  ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნული ნაკრები, ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში დიდი როლი ითამაშა ბატონმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1994-1997 წლებში  ბესიკ ლიპარტელიანი იყო. ჩვენ ნაკრებს ცოტა დააკლდა , რათა 97 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო. 1995 წელს თბილისში დავამარცხეთ ბოსნიის უძლიერესი გუნდი 77:66. 1998 წელს 33 წლის ასაკში წავედი კალათბურთიდან, ბოლო 15 წელი ვთამაშობ საქართველოს ვეტერანთა ნაკრებში.
– თქვენ გზას აგრძელებენ თქვენი ვაჟები?
– დუდა 27 წლისაა, იგი უკვე რამდენიმე წელია თამაშობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, გამოდიოდა თბილისის „დინამოში“, აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში (სან-დიეგო), სლოვენიის , იტალიის, პოლონეთისა და პორტუგალიის გუნდებში. სანდრო 24 წლისაა, თამაშობს თსუ-ს გუნდში, ბოლო ერთ წელიწადში რამდენიმეჯერ იყო ეროვნული ნაკრების კანდიდატების გაფართოებულ სიაში. ალბათ მოვა დრო, როცა სანდრო და დუდა ერთად ითამაშებენ ნაკრებში (იღიმება). ყველაზე დიდ იმედს კი უმცროს ვაჟზე, 13 წლის ნიკაზე ვამყარებ, რომელიც თბილისის „ჰიუნდაის“ გუნდში თამაშობს. არ გამოვრიცხავ, ნიკა ჩვენ გვარში საუკეთესო კალათბურთელი დადგეს (იცინის).  ისე კი, მაქვს ოცნება: თუ საქართველოს ნაკრები როდესმე მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე თამაშის უფლებას მოიპოვებს ერთი სანაძე მაინც იყოს იმ ნაკრებში ან სამივე ძმა ერთად (იღიმის).

მასალა მოამზადა თენგიზ პაჭკორიამ

თენგიზ პაჭკორია, გია და დუდა სანაძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩზე, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო-არენა”