პორტუგალიასთან მატჩის მოლოდინში…

0
20

ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ტრადიციულ მეტოქეს, პორტუგალიას ეთამაშებიან.
ბორჯღალოსნები საფრანგეთში ორი მარტიდან შეიკრიბნენ და წლის მეოთხე მატჩისთვის ‘რასინგ92’-ის ბაზაზე ემზადებიან.
შეხვედრა 7 მარტს, მასპინძელთა თხოვნით პარიზში, ‘სტად ფრანსეს’ ხელოვნურსაფარიან არენა „სტად ჟან ბუენზე“ საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება. პარიზსა და მის შემოგარენში, პორტუგალიელთა დიდი სათვისტომო ცხოვრობს და ვარაუდობენ, რომ ისინი 20-ათასიან სტადიონს სანახევროდ მაინც შეავსებენ.

ისტორია
პორტუგალიაში რაგბის თამაში მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს, ნაკრებმა კი პირველი შეხვედრა 1935 წელს გამართა და მეზობელ ესპანეთთან ლისაბონში 5:6 დამარცხდა.
პორტუგალიის ნაკრები ერთადერთია რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და მისი წინამორბედი ერთა თასის ისტორიაში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის დავაში ჩაერია და 2003/2004 წლების სეზონში ტურნირის გამარჯვებული გახდა.
2007 წელს პორტუგალიის ნაკრები პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად გავიდა მსოფლიო თასზე. მანამდე, ევროპის ფლეი ოფში, პორტუგალია ორი მატჩის ჯამში საქართველოსთან დამარცხდა (17:3 თბილისში, 11:11 ლისაბონში) და ბორჯღალოსნები მეორედ გავიდნენ მსოფლიო თასზე. პორტუგალია რეპეშაჟში ჩაერთო და მანაც მოიპოვა საფრანგეთის საგზური.
იმ მსოფლიო თასზე პორტუგალიამ არსებობის ისტორიაში სარეკორდო სხვაობით მარცხი ახალი ზელანდიისგან იწვნია – 13:108. თავად პორტუგალიამ სარეკორდო გამარჯვება 2019 წელს ჩეხეთთან დააფიქსირა – 93:0.
პორტუგალიის ნაკრები 2016 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა და ზედიზედ სამი წელი „ალაფის“ გამარჯვებული ხდებოდა, თუმცა შარშანდლამდე გადათამაშებებს აგებდა. 2019 წლის 15 ივნისს მან გერმანიას 37:32 მოუგო და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნდა.
ბოლო მონაცემებით, პორტუგალიაში რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა 48 550-ს აღემატება.

ურთიერთშეხვედრები
ბორჯღალოსნებისა და „ლობოშის“ (პორტუგალიის ნაკრების მეტსახელი) გზები პირველად 1997 წელს, ფირას თასზე გადაიკვეთა და ლისაბონში მასპინძლებმა 21:17 მოიგეს.
2000 წლიდან ორივე გუნდი ერთა თასზე ჩაერთო და 2017 წლამდე ერთმანეთთან რეგულარულად თამაშობდა. პირველი სამი მატჩი, ორჯერ სტუმრად და ერთხელ თბილისში ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო სამი თამაში პორტუგალიის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა 2005 წლის შემდეგ, „ლობუშთან“ შეხვედრა აღარ წაგვიგია.
2006 (სტუმრად 11:11) და 2009 (თბილისში 20:20) წლებში მეტოქეს ორჯერ დავუზავდით, მას შემდეგ კი ზედიზედ 7 მოგება გვაქვს. სულ ამ გუნდებს შორის გამართული 20 მატჩიდან, 14 ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, ორჯერ ფრე დაფიქსირდა, ოთხ შემთხვევაში კი მეტოქემ იმარჯვა. ლელოების საერთო რაოდენობა 55/16-ზეა, ქულების კი 469:268-ზე.
მეტოქეს ყველაზე დიდი სხვაობით 2006 წელს „ეროვნულზე“ მოვუგეთ – 40:0. 2008 წელს, „მიხეილ მესხზე“ სხვაობა 28 ქულა იყო (31:3). გასვლით შეხვედრაში სარეკორდო, 26 ქულის სხვაობით მეტოქეს 2016 წელს ლისაბონში მოვუგეთ – 29:3. მანამდე ორჯერ დაფიქსირდა 25-ქულიანი სხვაობა – 2012 წელს „ავჭალაზე“ 32:7 და 2014 წელს ლისაბონში 34:9.

წარმატებული დაბრუნება
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნებული პორტუგალიის ნაკრები კარგ თამაშს აჩვენებს და შეეძლო სამივე მოეგო, მაგრამ 22 თებერვალს, კალინინგრადში რუსეთთან გამართულ შეხვედრებში იოლი დარტყმები ვერ გაიტანა და 18:19 დამარცხდა. მანამდე „ლობუშს“ პირველ ტურში ბელგია 23:17, ხოლო მეორეში რუმინეთი 22:11 ყავდა დამარცხებული. სამი მატჩის შემდეგ, პორტუგალიას 9 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ხუთით ჩამორჩება ლიდერ საქართველოს.
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ფიქრობს, რომ 7 მარტს მეტოქე პრობლემებს ნაკლებად შეუქმნის:
„წლების წინანდელ პორტუგალიის ნაკრებსა და ამ გუნდს შორის დიდი სხვაობაა. მათ რამდენიმე წელი გაატარეს დაბალ დივიზიონში, ეს კი ნებისმიერი ნაკრებისთვის პრობლემა იქნებოდა. თუმცა, განვლილ სამ მატჩში პორტუგალიამ კარგი თამაში აჩვენა და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. ჩვენ ყველა მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობით, გვქონდა ვიდეო-ანალიზი და გარჩევები.
მაგრამ ამ ტურნირზე ჩვენი მიზანია ყოველი მომდევნო თამაში წინანდელზე უკეთესი იყოს. მნიშვნელოვანია როგორ ვმართავთ ჩვენს თამაშს და არა ის, რას შემოგვთავაზებს მეტოქე. მთავარია არ დაირღვეს სათამაშო დისციპლინა და ვეცადოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები“.

გაფართოებული შემადგენლობა პორტუგალიასთან
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი,2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემ, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8).
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), ლაშა ლომიძე (აია, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).