“რეალმა” “ბარსელონა” კრიშტიანუს თვალწინ დაამარცხა

0
23

„რეალმა“ „ბარსელონა“ დაამარცხა და პრიმერას ცხრილში ისევ გალიდერდა. „რეალმა“ კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიში და დამსახურებულად მოიგო „კლასიკო“.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა სტუმარ კატალონელებს გატანის მეტი შეტი შანსი ჰქონდათ. ეგაა, არტურმა და მესიმ ვერ ივარგეს.
შესვენების შემდეგ კი „რეალი“ შეუჩერებელი გახლდათ. ჯერ ისკოს ჰქონდა ორი კარგი მომენტი. პირველად მისი ცხრიანში გასროლილი ტერ შტეგენმა სასწაულით მოიგერია, შემდეგ კი მისივე თავით დარტყმული ბურთი პიკემ კარის ხაზიდან გამოიტანა.
მერე ჭაბუკი ვინისიუსის ჯერი დადგა. სწორედ მან გახსნა ანგარიში და მესის რეკორდიც გააუმჯობესა. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა 21-ე საუკუნეში, ვინაც „კლასიკოში“ გაიტანა. ამ მომენტისთვის ბრაზილიელი 19 წლის და 233 დღის გახლდათ. მანამდე ეს მიღწევა ლიონელ მესის ეკუთვნოდა, როცა არგენტინელმა „კლასიკოში“ პირველად გამოიჩინა თავი, ის 19 წლის და 259 დღის იყო.
წერტილი კი მატჩში უკვე წამატებულ წუთებზე, მინდორზე რამდენიმე წამის შესულმა დიასმა დასვა.
უთუოდ უნდა აღინიშნოს გამარჯვებაში “რეალის” მწვრთნელ ზიდანის როლი, რომელმაც დაინახა რა მოწინააღმდეგე გუნდის დაცვის ფლანგზე სემედუს სისუსტე, სწორედ იმ ფრთაზე დაავალა შეგირდებს დაწოლის გაძლიერება და ამან შედეგი გამოიღო.
სერხიო რამოსმა 44-ე კლასიკოში მიიღო მონაწილეობა, მესიმ – 43-ეში. ისინი თავიანთი გუნდების რეკორდსმენები არიან.
ბენზემამ “რეალში” ყველა ტურნირზე მე-500 მატჩი ჩაატარა. მას 240 გოლი აქვს გატანილი.
მატჩს “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დაესწრო, რომლის გუნდის შეხვედრა “ინტერთან” კორონავირუსის გამო გადაიდო.
“რეალი” 56 ქულით ლიდერია და “ბარსელონას” ერთი ქულით უსწრებს.