“ნაპოლი” და “ბარსელონა” დაზავდნენ, “ბაიერნმა” “ჩელსი” დაჩაგრა…

0
42

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მესამე სათამაშო დღემ საპასუხო დაპირისპირების წინ მომდევნო ეტაპზე გამსვლელთა კონტურები გამოკვეთა. „ბარსელონამ“ და განსაკუთრებით „ბაიერნმა“ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს.
კატალონიის „ბარსელონა“ ნეაპოლში ჩავიდა, „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმიდან მაქსიმუმი გამოადნო. სხვას ვერაფერს დავარქმევთ, რაც „სტადიო სან პაოლოზე“ მოხდა.
პირველ ტაიმში დრის მერტენსმა ჩინებული გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. ჯენარო გატუზოს გუნდი თამაშს აკონტროლებდა, მეტოქეს ხიფათის შექმნის უფლებას არ აძლევდა და თითქოს თავის მეორე შანსსაც ელოდა. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში სერხიო ბუსკეტსმა ისეთი პასი გააკეთა, ნეაპოლელთა ნაქები დაცვის ხაზი რომ მოჭრა, ნელსონ სემედუმ კი, ანტუან გრიზმანს მარტივი პოზიციიდან გაატანინა.  ეს იყო „ბარსას“ პირველი და ერთადერთი ზუსტი კარში დარტყმა მთელ თამაშში და ისიც გოლით დაასრულა. იტალიელებს ჰქონდათ ორი რეალური შანსი ამის მერე, ჯერ ლორენცო ინსინიეს, მერე კი ხოსე კალეხონს მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აჯობა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი შედეგი შეუნარჩუნა.

“ჩელსისა” და “ბაიერნის” მატჩში შესვენებამდე სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. რაც შეეხება მასპინძლებს, თამაშს კონტრშეტევებზე აგებდნენ.
შესვენების შემდეგ “რეკორდმაისტერმა” უპირატესობა გოლებში გარდასახა: გნაბრიმ ლევანდოვსკის პასებით დუბლი შეასრულა, ხოლო შემდეგ თავად პოლონელმა თავდამსხმელმაც დალაშქრა კაბალეროს კარი.
ლევანდოვსკიმ მიმდინარე ტურნირზე 11 გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და გოლ პლუს პასის სისტემით ლიდერია. ამას გარდა, მან ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში 9 გოლი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა.