საქართველო ევროშესარჩევს მოგებით იწყებს

0
24

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა სავსე სპორტის სასახლეში დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში შვეიცარიის ნაკრები 96:88 დაამარცხა. ამით საქართველოს ნაკრები შეუყვა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზას, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება იტალიასთან, გერმანიასთან და ჩეხეთთან ერთად.

როგორც მასპინძელს, ხსენებულ ქვეყნებთან ერთად საქართველოს ევრობასკეტზე თამაში გარანტირებული აქვს. დღეს დაწყებულ საკვალიფიკაციოში სატურნირო ვითარება ევრობასკეტის მასპინძლებზე არ ვრცელდება და აღნიშნული მატჩები კარგი საშუალებაა ოთხივე ქვეყნის ნაკრებისთვის, მთავარი საკონტინენტო ტურნირისთვის სათანადოდ მოემზადონ. ამ მხრივ, დღევანდელი მატჩი დიდად გამოადგება საქართველოს ნაკრებს, რომლის შემადგენლობაშიც ერთბაშად 3 კალათბურთელის – გიორგი კორსანტიას, გიორგი ტურძილაძის და საბა ლობჯანიძის დებიუტი შედგა.

“ეს გამარჯვება განსაკუთრებულად გამიხარდა, რადგან მის მოპოვებაში მნიშვნელოვანი წილი ახალგარდებისაა – განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა – ნაკრებში პირველად ითამაშა სამმა კალათბურთელმა, რომლებიც მთლიანობაში დიდად დაეხმარნენ გუნდს. კიდევ გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც დღევანდელი მატჩის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ. რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასულები ვართ, რეალურად ჩვენთვის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, საკვალიფიკაციო მატჩებში ისეთი მოთამაშეებს მივცეთ მეტი გასაქანი, რომლებიც ევრობასკეტზე ნაკრებს გააძლიერებენ”.

ილიას ზუროსმა ისაუბრა ასევე იმ ხარვეზებზე, რომლებიც ჩვენს ნაკრებს შვეიცარიასთან ჰქონდა. უპირველესად, ეს იყო ფარზე თამაში. შვეიცარიის ნაკრებმა ჩვენს ფარზე 23 ბურთი მოხსნა, ხოლო მთლიანობაში 14-ით გვაჯობა. ამით შვეიცარიელებს განმეორებითი შეტევის საშუალება ეძლეოდათ, რასაც მეორე ტაიმში კარგად იყენებდნენ. პირველ ნახევარში კი ქართველებმა პირწმინდად დაჯაბნეს მეტოქე. მეორე პერიოდში ზუროსის გუნდი 29:8 იგებდა, ხოლო მესამე პერიოდის მე-3 წუთისთვის 18 ქულით (50:32) ლიდერობდა.

შვეიცარიის ნაკრებმა საკუთარ თამაშს მიაგნო, შორიდან სამიზნე გაისწორა და დაცვაში გამაგრდა. სწორედ აქ დაიწყეს სტუმრებმა ჩამორჩენის გაბათილება და ბოლო წუთებისთვის ანგარიშიც გაათანაბრეს. განსაკუთრებით აღმავლობით შვეიცარიელებმა ბოლო წუთი ჩაატარეს, რომლის დაწყებისას, ბექა ბურჯანაძის სამქულიანის შემდეგ, 5 ქულით – 74:79 აგებდნენ. რობერტო კოვაჩის სამქულიანითა და არნაუდ კოტუს ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით შვეიცარიამ ანგარიში გაათანაბრა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით დროში ქართველებმა გამოცდილი მოთამაშეების – გიორგი შერმადინის, მიხეილ ბერიშვილის, დუდა სანაძისა და ბექა ბურჯანაძის შედეგიანობით წელში გატეხეს ბოლომდე მებრძოლი შვეიცარიელები და სპორტის სასახლეში მოსული გულშემატკივრები უზომოდ გაახარეს. ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე მადლობა გუნდის გამოცდილ კალათბურთელებს – გიორგი ცინცაძეს, შერმადინს, ბურჯანაძეს, ბერიშვილს, სანაძეს და უკლებლივ ყველას გადაუხადა, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი მაღალი კლასი.

საქართველოს ნაკრებმა 17 სამქულიანი ჩააგდო, რაც ზოდად კალათბურთში და განსაკუთრებით, სანაკრებო დონეზე ძალიან მაღალი შედეგია. ჩვენმა ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა – თად მაკფადენმა 6 შორი სროლა მიითვალა, ხოლო სანაძემ, ბურჯანაძემ და ბერიშვილმა 3-3 სამიანი ჩააგდეს. ბურჯანაძისთვის შვეიცარიასთან მატჩი საუკეთესო იყო სანაკრებო კარიერაში. ბექამ 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ტრადიციულად შედეგიანი იყო გიორგი შერმადინი, რომლის ანგარიშზეც ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. მაკფადენმა თავის 6 შორი სროლით თავი 18 ქულას მოუყარა. დუდა სანაძემ შეხვედრა 14, ხოლო მიხეილ ბერიშვილმა – 11 ქულით დაასრულა. 20 წუთი ითამაშა გიორგი ცინცაძემ, რომელსაც ტრავმა აწუხებდა და ნაკრებთან სრულფასოვნად მხოლოდ გუშინ ივარჯიშა. შვეიცარიელებში ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო ჯონათან კაზადი, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა – 22 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი.

საქართველოს ნაკრებისთვის საკვალიფიკაციო მძიმედ, თუმცა გემრიელი გამარჯვებით დაიწყო. ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში სერბეთმა სტუმრად ფინეთი 80:58 გაანადგურა. სწორედ სერბეთი იქნება ილიას ზუროსის გუნდის მომდევნო მეტოქე. საქართველოს ნაკრები სერბეთში 21 თებერვალს, გამთენიისას მიემგზავრება, ხოლო 23-ში, ბელგრადის ალექსანდრე ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბურჯანაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

– ჩემთვის გულშემატკივარი უდიდესი მოტიცავიაა. არა მხოლოდ ის, ვინც სპორტის სასახლეში მოვიდა და ბოლომდე გვიქომაგა, უამრავმა ადამიანმა მატჩი ტელევიზიით იხილა და ბედნიერი ვარ, რომ მათ სიხარული მივანიჭეთ. როგორც ველოდით, შეხვედრა ძალიან რთული გამოდგა. პირველ ტაიმში დიდი სხვაობით დაწინაურების შემდეგ მეტოქემ თამაშის სემოტრიალება შეძლო. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, შვეიცარიაა, თუმცა ჩვენც მივეცით თამაშის გრძნობისა და მასში დაბრუნების საშუალება. საბედნიეროდ, გარკვეული დაღმავლობის შემდეგ გამოვნახეთ ძალები, დავლაგდით და ერთხელ მოგებული მატჩი მეოედ მოვიგეთ. ეს გუნდის ბრძოლისუნარიანობას უსვამს ხაზს.

საქართველო – შვეიცარია  79:79