ჯუანშერ სამუშია-„ფრთებშესხმული“ ავტომრბოლელი

0
236

ავტორბოლა ერთერთ ყველაზე სანახაობრივ და ამავე დროს საშიშ სპორტად ითვლება, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა! ერთერთი მათგანი იყო 1980- იანი წლების წარმატებული ავტომრბოლელი, სსრკ  სპორტის ოსტატი, ლენინგრადისა და სსრკ ნაკრების წევრი  ჯუანშერ კალისტრატეს ძე სამუშია. 1984 წელს მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა მას სამარადისო სახელი დაუმკვიდრა სპორტულ საზოგადოებაში. ამ ისტორიის შესახებ ჩემთვის ჯერ კიდევ სოხუმში ცხოვრების პერიოდში ბევრი ინფორმაცია იყო ცნობილი, ნაწილი ჯუანშერის უფროსი დის- რუსუდან სამუშიასგან, რომელიც ცხოვრობდა სოხუმში და ჩემ სახლთან ახლოს მდებარე ნეირო-ქირურგიის ცენტრში ექიმად მუშაობდა. კარგად მახსოვს ის საზარელი ამბავი, რაც 1983 წელს ლიეტუვაში( ქალაქ პლუნგესთან)  საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ავტორბოლისას მოხდა! ჯუანშერმა (მას მეგობრები ჯიმის ეძახდნენ) ქალა-ტვინის უმძიმესი ტრავმა მიიღო, მას იქვე ქალაქ კლაიპედაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, უშედეგო ქირურგიული ჩარევის შემდეგ მოწვეული იქნა კონსილიუმი სსრკ  საუკეთესო ნეირო-ქირურგის შემადგენლობით. მათ შორის საქართველოდან (სოხუმიდან) წამყვანი ნეირო- ქირურგი ნაპოლეონ მესხია იყო.
კლაიპედის შემდეგ ჯიმი მოსკოვის ნ. ბურდენკოს სახ. ინსტიტუტში, ხოლო რამდენიმე თვეში სოხუმის ნეირო- ქირურგიულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც გამოცდილი ექიმები და მთელი მედპერსონალი აგრძელებდნენ ბრძოლას მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ 11 თვის უგონოდ ყოფნის შემდეგ 1984წლის 11 მაისს გარდაიცვალა, 28 აგვისტოს მას 30  წელი შეუსრულდებოდა.

მე ყოველთვის მაინტერესებდა ჯ. სამუშიას სპორტული კარიერა და ლიეტუვაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები. დაღუპული სპორტსმენის დები რუსუდანი და მარინა სამუშიები ბოლო ათწლეულების განმავლობაში პეტერბურგში ცხოვრობენ, მათთვის ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელი იყო ამ თემაზე საუბარი და ამიტომ მათ არ ვაწუხებდი დეტალების გახსენებით. ამას წინათ, სრულიად შემთხვევით ხელში ჩამივარდა სანქტ-პეტერბურგში გამოცემული წიგნი “ ცხოვრება დიდ სიჩქარეებზე “ (Жизнь на больших скоростях), რომლის ავტორია ედუარდ სინგურინდი – ლეგენდარული ავტომრბოლელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებული, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სანქტ- პეტერბურგის სატყეო აკადემიის პროფესორი, რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი, ლენინგრადის ნაკრების ყოფილი უფროსი მწვრთნელი. ავტორმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დიდი ადგილი დაუთმო ჯუანშერ სამუშიას, რის გამოც გამიჩნდა სურვილი უფრო დეტალურად  შემესწავლა და გამეშუქებინა მისი ცხოვრება და კარიერა. სანამ ჯიმის ისტორიას დავიწყებ, მინდა აღვნიშნო,  ზემო აღნიშნულ აკადემიაში ავტოსპორტმა პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც  1974 წელს ამ აკადემიაში სამუშაოდ ელექტრო-ტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებული ე. სინგურინდი მოვიდა. იგი იმ დროისთვის უკვე საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და სსრკ ორგზის ჩემპიონი იყო. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელთა მხარდაჭერით იქნა ჩამოყალიბებული ავტოსპორტისთვის ხელშემწყობი პირობები. 1973- 1978 წლებში ამ აკადემიის სტუდენტი იყო ზუგდიდში დაბადებულ-გაზრდილი ჯუანშერ სამუშია- ცნობილი ფოლკლორისტის, ენათმეცნიერის, ეთნოგრაფის,მწერლის კალისტრატე სამუშიას (1917-2002) და  საქართველოს დამსახურებული ექიმის ციალა დარასელიას (1926-2018) ვაჟი.

ედუარდ სინგურინდი წერს: „ჯუანშერი აკადემიაში იმდენად წარმატებული სტუდენტი იყო, რომ სახელმწიფო კომისიის მიერ დამტკიცებული მისი სადიპლომო პროექტი, რომელიც შიგაწვის ძრავას  ეხებოდა, პირდაპირ რეკომენდირებული იყო საბჭოთა კავშირის საავტომობილო ინდუსტრიაში დასანერგად. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ჯუანშერმა სწავლა ამავე აკადემიის ასპირანტურაში გააგრძელა, მისი ხელმძღვანელი იყო აწგანსვენებული პროფესორი ვლადიმირ პროხოროვი, იმავდროულად ჯიმი აკადემიის სპორტის კათედრაზე მუშაობდა“.
სინგურინდი წერს, რომ „ჯიმი სამუშია მონაწილეობას ღებულობდა ყველა სახეობის ავტორბოლებში: ავტომრავალჭიდი, გზატკეცილის წრიული რბოლა, რალი, 1978 წელს მან შეასრულა სსრკ სპორტის ოსტატობის ნორმატივები, საბჭოთა კავშირისა და საერთაშორისო რბოლების („თეთრი ღამეები“, „ნევის ჩირაღდნები“, „ბრინჯაოს მხედარი“ და სხვა) არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი იყო“. სინგურინდი იქვე დასძენს, რომ „სამუშიას ბრწყინვალედ შეეძლო შეესრულებინა როგორც პილოტის, ასევე შტურმანის როლი, 1980 წელს ჯუანშერი მიიწვიეს ლენინგრადისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებში“.
ჯ. სამუშიას ოსტატურად შეეძლო ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის გაეზიარებინა საკუთარი გამოცდილება, ის ხშირად მონაწილეობდა საჩვენებელ გამოსვლებში სსრკ ქალაქებში, ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის მისაბაძი და მწვრთნელებისათვის საიმედო თანაშემწე იყო.  „ჯუანშერ სამუშია მუშაობდა საკანდიდატო დისერტაციაზე, მაგრამ მისი დაცვა ვერ მოასწრო, რადგან ლიტვაში ჩატარებული სსრკ ჩემპიონატი საბედისწერო აღმოჩნდა – მან უმძიმესი ტრავმა მიიღო, ასე დაასრულა უაღრესად განათლებულმა და ნიჭიერმა ახალგაზრდამ მისი ლამაზი კარიერა“. – წერს სინგურინდი.
ამ წიგნში არის აგრეთვე ავტომრბოლელი ლევან (დათო) ლურსმანაშვილის სიტყვები გადმოცემული: „ მე ლენინგრადში ავტოსერვისში ვმუშაობდი, 1976 წელს პირველად ვნახე სპორტული მანქანა, რომელიც სანახავად ძალიან ლამაზი იყო. ამ მანქანით მოვიდა ჯიმი სამუშია, ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. სწორედ ВАЗ – 2106 ამ მანქანით მომიწია პირველად მონაწილეობის მიღება ავტორალიში… რალზე „ნევის ჩირაღდნები“ სტარტი სიმფონიური ორკესტრის მუსიკის ქვეშ ბეხტერევის ინსტიტუტიდან ავიღეთ, ფინიშის დროს მეორე ადგილზე აღმოვჩნდით. ასე დაიწყო ჩემი სპორტული მოღვაწეობა ავტორბოლაში“. ლურსმანაშვილი ასე იხსენებს ლიტვაში მომხდარ ტრაგედიას, იქ სსრკ ჩემპიონატზე დათო იყო მთავარი მსაჯის მოადგილე: „ჯიმი გამოცდილი ავტომრბოლელი იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთერთ მოსახვევში მანქანის მართვა დაკარგა, მანქანა გადაბრუნდა, მინდორში გადავარდა. იქ ერთი მეტრის სიმაღლის კავშირგაბმულობის მანიშნებელი სამკუთხა ბეტონის სვეტი იყო ჩარჭობილი, სწორედ ამ სვეტს დაეცა გადავარდნილი მანქანა“. ჯიმი სასწრაფოდ გადაიყვანეს უახლოეს  დასახლებულ პუნქტში, ქალაქ კლაიპედაში, სადაც გაუკეთდა პირველი სასწრაფო ოპერაცია.
ამ სტატიის ავტორი გაესაუბრა ჯიმის უფროს დას რუსუდან სამუშიას (1968-92 წლებში სოხუმში ცხოვრობდა, 1992 წლიდან დღემდე – პეტერბურგში). რუსუდანი იხსენებს: „1983 წელს მე ვიმყოფებოდი ლენინგრადში ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. მე და ჯიმის კარგი და-ძმობა გვქონდა, ჩვენს შორის დამალული არაფერი იყო. მე, როგორც უფროსი და, მისთვის მეორე დედასავით ვიყავი! ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. ლენინგრადიდან ლიტვაში ტურნირზე გაცილების დროს ვუთხარი: ჯიმი, ძალიან გთხოვ, ნუ წახვალ! მან მომისმინა და მიპასუხა, რომ ამის შესახებ თავისი გეგმები აქვს, ხელი არ შემიშალოთ, ეხლა ლიტვაში შეჯიბრი მექნება, მერე მიწვეული ვარ პარიზ-დაკარის რალიზე და ამით მოვრჩები. სინგურინდის შვილივით უყვარდა ჯიმი. მეც მინდოდა ლიტვაში წასვლა, მაგრამ მწვრთნელმა უარი მითხრა: არ გეწყინოს, ნათესავების დასწრება ცუდ ნიშნად დაცდილი მაქვს, ჩემპიონატი დამთავრდება და ჩამოდი, 2-3 დღე დაისვენეთ და მერე შენ და ჯიმი მანქანით დაბრუნდით. ჯიმი წავიდა და თან წაიღო ჩემი შიშნარევი გული. გარეგანი სილამაზითა და შინაგანი კულტურით შემკულს, მისი ინტელექტითა და დახვეწილობით სხვა სფეროში ყოფნა უფრო მოუხდებოდა“.

რუსუდანი იხსენებს ჯიმი კოლეგა-მეგობრებს: „სპორტსმენებიდან მინდა გამოვყო: სერიოჟა ვორონოვი, დათო ლურსმანაშვილი, ზურაბ ფოჩხუა, სერგო დადვანი, ძმები ბალშიხები,მიხეილ გოგოლევი, ვიტალი გალკინი და სხვები. განსაკუთრებით მისი ლიტველი მეგობარი, სახელოვანი ავტომრბოლელი, სსრკ მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული  სტასის ბრუნზა, რომელიც ჯიმის პატივისცემითა და სიყვარულით ყურადღებით ეპყრობა მის შვილს კონსტანტინეს. სტასისმა 1983-84 წლებში დიდი შრომა გასწია ჯიმის გადასარჩენად. მადლობა მას ამისთვის“.

ავარიიდან რამდენიმე საათში რუსუდან სამუშია უკვე ლიტვაში იყო, მან კოლეგებთან ერთად ბევრი იბრძოლა ჯიმის გადასარჩენად კლაიპედაში, მოსკოვში თუ სოხუმში, მაგრამ …

ჯიმი გარდაიცვალა 1984 წლის 11 მაისს. იგი დაკრძალულია ზუგდიდის მაცხოვრის კარის სასაფლაოზე — პანთეონში.

ჯიმის დისშვილი, სოხუმში დაბადებულ-გაზრდილი მაკა პაჭკორია ( 1992- წლიდან პეტერბურგში ცხოვრობს,  სტომატოლოგი-პარადონტოლოგი, პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრის დოცენტი-ამ სტატიის ავტორის მოგვარე) იხსენებს: „მე 6 წლის ვიყავი, მახსოვს 1983 წლის უბედურება, როგორ იბრძოდნენ ბიძაჩემის გადასარჩენად… ციალა ბებიამ ძნელად გადაიტანა ჯიმის სიკვდილი, მთელი ცხოვრება დასტიროდა, მაგრამ მისი კოლეგების თანადგომით ექიმობა არ შეუწყვეტავს  და ზუგდიდში სხვების სიცოცხლის სადარაჯოზე მედგრად იდგა. ჯიმის ყავს შვილი 42- წლის კონსტანტინე სამუშია და სამი შვილიშვილი, ისინი პეტერბურგში ცხოვრობენ. კონსტანტინეც  ავტომრბოლელია, სპორტის ოსტატი“.
ორი წლის წინ პეტერბურგში შედგა ჯიმი სამუშიას ხსოვნის საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ავტომრბოლელებმა, ლეგენდარულმა მწვრთნელმა ედუარდ სინგურინდიმ, ზემოაღნიშნული აკადემიის ხელმძღვანელობამ, საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ჯიმის უმცროსი და, პროფესიით ექიმი მარინა სამუშია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს პეტერბურგში, 1991 წლის მაისში ბედისწერამ იხსნა პულკოვოს აეროპორტში დატრიალებული ავიაკატასტროფის დროს: რეისზე ტუ-154 სოხუმი-ლენინგრადი, სადაც იმყოფებოდა 174 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი. 15 დაიღუპა, დანარჩენი გადარჩა. გადარჩა მარინა სამუშიაც.

მასალა მოამზადა თენგიზ პაჭკორიამ

ფოტოები სამუშიების ფოტოარქივიდან