“მანჩესტერ სიტი” ევროთასებიდან მოკვეთეს

0
4

უეფას მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “მანჩესტერ სიტი” მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს. ”ქალაქელები” ფინანსური ფეარპლეის დარღვევაში დაადანაშაულეს, რის გამოც ორწლიანი სასჯელი და 30 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს.

“მანჩესტერ სიტი” უეფას გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა. ინგლისური კლუბი წერს, რომ უეფას გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება არ გაუკვირდა.

“მანჩესტერ სიტი” ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს – კლუბის ხელმძღვანელობა უეფაში სარჩელს შეიტანს, რათა საქმე მალე გადაიხედოს. თუ უეფაში გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, “სიტი” ევროტურნირებზე 2020-2021 და 2021-2022 წლების სეზონში თამაშს ვერ შეძლებს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალში “სიტი” მადრიდის “რეალს” უნდა დაუპირისპირდეს. თუ მომდევნო გასაჩივრება შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა, უახლოესი წლების განმავლობაში ეს “სიტის” ბოლო თამაშები იყოს ევროპის ელიტარულ საკლუბო ტურნირში.