შოთა მაისურაძე: „მინდა გავხდე მაღალი კლასის წყალბურთელი და ჩემი საქართველო გავახარო“

0
30

ქართული წყალბურთის მდიდარი ისტორია 1927 წლიდან იწყება. გულშემატკივრებს მუდამ ემახსოვრებათ თბილისის „დინამოს“ მე-20 საუკუნის ლეგენდარული წყალბურთელები და მათი დიდი მიღწევები სხვადასხვა საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში, სსრკ-ს ჩემპიონატსა და სპარტაკიადებში,  ქართველი წყალბურთელების ასპარეზობა ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებზე (საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში).

სასიხარულოა, რომ ბოლო ათი წელია ქართული წყალბურთი აღორძინების გზაზეა, ახალი თაობა აგრძელებს მათ ტრადიციებს. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ფინალურ ეტაპზე  ოთხჯერ მოახერხა ასპარეზობა: 2014 წელს ბუდაპეშტში, 2016-ში ბელგრადში, 2018 წელს ბარსელონაში, ხოლო მეოთხედ უკვე მიმდინარე წლის იანვარში, ბუდაპეშტში, სადაც მეათე ადგილი დაიკავა (ეროვნული ნაკრების მთ. მწვრთნელი – რეზო ჩომახიძე).

ქართული წყალბურთის აღორძინებამ, ზემოაღნიშნულმა შედეგებმა ამ ულამაზეს სპორტს ახალი სიცოცხლე და პოპულარობა შესძინა. წყალბურთით უამრავი ახალგაზრდა დაინტერესდა. შემთხვევითი როდია, გასული წლის ივლისში ჭაბუკთა ნაკრებმა (U-15) ევროპის ჩემპიონატზე ბურგასში ისტორიულ შედეგს მიაღწია. ჩვენი ნაკრები პირველად არათუ კონტინენტის რვა საუკეთსო გუნდში მოხვდა, არამედ გაუსწრო ესპანეთისა და ხორვატიის ძლიერ ნაკრებებს და მე-6 ადგილი დაიკავა. ბიჭებმა აგრეთვე ჩამოიტოვეს რუსეთის წყალბურთელთა ნაკრები, რომელიც მეცხრე ადგილს დასჯერდა ამ ჩემპიონატზე. ამ წარმატებას, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სახელოვანმა წყალბურთელმა დავით რურუამ ” ბრწყინვალე და ისტორიული შედეგი” უწოდა.

მიმდინარე წლის ივლისში 16 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საბერძნეთი უმასპინძლებს. პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები (მთ. მწვრთნელი – გელა ტუკვაძე, მწვრთნელი – ოთო ქოიავა) მიიღებს მონაწილეობას. გუნდი ძირითადად იმ წყალბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებმაც გასული წლის ივლისში ბურგასში წარმატებით იასპარეზეს, თუმცა არაა გამორიცხული გუნდში ახალი სახეებიც ვიხილოთ, იმ წარმატებული წყალბურთელების სახით, რომლებიც საქართველოსა თუ ევროპის  სხვადასხვა კლუბებში ვარჯიშობენ. შესაძლო კანდიდატურებს შორის სპეციალისტები მოიაზრებენ ბელგიური კლუბის Calypso 15 წლის წყალბურთელს შოთა მაისურაძეს. წარსულში თბილისის “დინამოს”, საქართველოს ნაკრებისა და საბჭოთა კავშირის ახლაგაზრდული ნაკრების წარმატებული წყალბურთელი შოთა ბაღათურია აღნიშნავს: „საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში, რომელმაც კარგად იასპარეზა ბურგასში, განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ბესო ახვლედიანი, ლუკა ჩიქოვანი, საბა ტყეშელაშვილი, იაკობ ცოტაძე და გიორგი კირიაკიდი. ბელგიიდან აგრეთვე მოდის ცნობები შოთა მაისურაძის წარმატებულ თამაშზე. იგი საკმაოდ ძლიერია ფიზიკურად და ძლიერი დარტყმა აქვს. ვფიქრობ, რომ ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელები ყურადღებას მიაქცევენ მის თამაშს”.

შოთა მაისურაძე დაიბადა 2004 წლის 28 ივლისს თბილისში. 4 წლის ასაკიდან ცურავს, წყალბურთის თამაში 8 წლის ასაკში დაიწყო ქალაქ ვენაში, სადაც იმ დროს მისი მშობლები ცხოვრობდნენ. სამი წლის განმავლობაში გამოდიოდა ავსტრიის საბავშვო კლუბი ASV-ს რიგებში, შემდგომში 4 სეზონი თამაშობდა ბრიუსელის PRB-ში (Royal Brussels Poseidon), მიმდინარე სეზონში წარმატებით თამაშობს კლუბ Calypso, რომლის 17 წლამდელთა გუნდში 10 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა. იანვრიდან კი შოთა ერთდროულად თამაშობს Calypso დიდების გუნდში.

ამ სტატიის ავტორი დაუკავშირდა ბელგიაში მცხოვრებ შოთა მაისურაძეს. მან თქვა:  „არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. ჩემი მიზანია მაღალი დონის წყალბურთელი გავხდე. გავახარო ოჯახი და ჩემი საქართველო. ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს ყველა წყალბურთელს გადავცემ გულითად მოკითხვას“.

საჭიროა აღვნიშნო, გასულ წელს ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წყალბურთელი  და ბრიუსელის PRB-ს მთავარი მწვრთნელი ანდრეი ანდრეევი მაღალ შეფასებას აძლევდა მის გუნდში მოთამაშე ქართველ ჭაბუკს: „ბოლო 4 სეზონია გუნდში ძალიან ნიჭიერი ქართველი წყალბურთელი მყავს შოთა მაისურაძე. მისი შედეგები ნამდვილად ფანტასტიკურია. ვგრძნობ, რომ დიდი პოტენციალი აქვს. მას შეუძლია გახდეს კარგი თავდამსხმელი. შოთა 17-წლამდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო გამტანია, თამაშში საშუალოდ 3-4 გოლით. იმედია, შოთას მიეცემა საშუალება საკუთარი შესაძლებლობები საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებშიც გამოავლინოს“.

არსებული მონაცემებით, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელებს ინფორმაცია აქვთ შოთა მაისურაძის ბოლოდროინდელ წარმატებულ თამაშს ბელგიაში და აკვირდებიან როგორც მას, ასევე სხვა პერსპექტიულ ქართველ წყალბურთელს ევროპასა თუ საქართველოში.

თენგიზ პაჭკორია