საუკეთესო შერმადინი და ტენერიფელთა მეორე ადგილი

0
10

გიორგი შერმადინის “ტენერიფე იბეროსტარმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში დასანანი მარცხი განიცადა გერმანიაში, რის გამოც პირველი ადგილის დათმობა მოუხდა. ესპანური გუნდი გერმანიაში “ბროზე ბამბერგს” შეხვდა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 96:98 წააგო.

შერმადინის გუნდმა პირველ ტაიმი 4 ქულით დათმო, რის შემდეგაც მეორე ტაიმის ბოლო წამებზე გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც ბროზე მარცხდებოდა, თუმცა თამაში შემოატრიალა და გამარჯვებაც მოიპოვა.

შერმადინმა 33:33 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. გიორგიმ 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რითიც “ტენერიფეში” საუკეთესო იყო.

“იბეროსტარ ტენერიფემ” ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში გავიდა. ესპანელებს ბოლო ტურში ჩეხურმა “ნიმბურკმა” გადაასწრო.