ბორჯღალოსნები მანდელას იუბილეზე სამხრეთ აფრიკასთან სათამაშოდ მიიპიტაჟეს

0
7

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 18 ივლისს, ნელსონ მანდელას იუბილეზე (დაიბადა 1918 წლის 18 ივლისს), ბორჯღალოსნებისა და „სპრინგბოკის“ ტესტ-მატჩი პორტ-ელიზაბეტში, „ნელსონ მანდელა ბაი სთედიუმზე“ გაიმართება.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 2020 წლის საშინაო მატჩების (ტესტების და ოთხი ერის) მასპინძელი ქალაქები დაასახელა. სამხრეთ აფრიკასთან ბორჯღალოსნები პირველ, ისტორიულ ტესტს გამართავენ და ნელსონ მანდელას ხსოვნის პატივსაცემად, მას მისი სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი პატივია.

„ნელსონ მანდელა ბაი სთედიუმი“ ოფიციალურად 2010 წელს გაიხსნა და ის 48 ათას მაყურებელს იტევს. ცნობილია, რომ პორტ-ელიზაბეტში „სპრინგბოკის“ შეხვედრები მუდამ სავსე ტრიბუნების წინაშე იმართება და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირში დარწმუნებულნი არიან, რომ ამჯერადაც ასე იქნება.

ბორჯღალოსნებს სამხრეთ აფრიკასთან აქამდე ერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე უთამაშია. ამ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა პირველი ლელო გაიტანა მსოფლიო თასზე. თავი დავით დადუნაშვილმა გამოიჩინა, შეხვედრა კი მეტოქემ 46:19 მოიგო. „ბოკეს“ 18 ივლისს პირველად შევხვდებით მსოფლიო თასს მიღმა.