ტარიელ ხეჩიკაშვილი: “გიორგი ჭანტურია თავის ოჯახს დაუბრუნდა”

0
4

გიორგი ჭანტურია, რომელიც “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია, 10 წლის შემდეგ კვლავ “საბურთალოში” დაბრუნდა. 26 წლის ფეხბურთელი  ლუბის ხელმძღვანელებმა  – პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ოფიციალურად წარადგინეს. ჭანტურიამ “საბურთალოსთან” 1+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “მოგესალმებით ყველას. „საბურთალოს“ ცხოვრებაში მორიგი სასიამოვნო სიახლეა. ამჯერად, კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი შეგვემატა – გიორგი ჭანტურია. ადამიანი, რომელიც ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია. ჭანტურია თავის ოჯახს დაუბრუნდა. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ ხიბლს შემატებს ეროვნულ ჩემპიონატს. ასევე, ევროტურნირებზე წარმატებულად გამოსვლაში დაგვეხმარება. მჯერა, „საბურთალო“ კიდევ ერთხელ გახდება ტრამპლინი მის საფეხბურთო კარიერაში.
გიორგი ჯერ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს, შემდეგ ვფიქრობ ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგება. მინდა, ჭანტურიასა და მის ოჯახს მადლობა გადავუხადო. მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც არჩევანი „საბურთალოში“ თამაშზე გააკეთეს”.

გიორგი ჭანტურია: „გამარჯობათ. მადლობა ასეთი სიტყვებისთვის და თბილი დახვედრისთვის. 10 წლის შემდეგ, დავბრუნდი იქ, სადაც ჩემი საფეხბურთო კარიერა დაიწყო. მართალია, ათეული წელია გასული, მაგრამ ყველაფერი თვალწინ დამიდგა. „საბურთალოდან“ ჯერ „ბარსელონაში“ წავედი, შემდეგ კი „ვიტესში“. ამ კლუბმა ჩემს საფეხბურთო კარიერაში დიდი როლი ითამაშა. სიმართლე გითხრათ, სხვა გუნდების ვარიანტები არც განმიხილავს, ისე დავთანხმდი „საბურთალოში“ თამაშს. გია ცეცაძის დიდი დამსახურებაა, რომ იქ დავბრუნდი, სადაც ბავშვობა გავატარე. მადლობა ასევე ჩემი აღზრდისთვის თემურ ფოცხვერიასა და გიორგი დევდარიანს. ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ ახალ გუნდელებს და დავიწყებ ვარჯიშს. ეს გადაწყვეტილება დღეს არ მიმიღია. რამდენიმე კვირაა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, დღეს მხოლოდ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი“.

კახა კაშია: „10 წლის წინ, როგორი გახარებულებიც ვიყავით გიორგის ევროპაში ტრანსფერით, ახლაც ისეთივე ბედნიერები ვართ მისი დაბრუნებით. ვფიქრობ, გიორგი დიდ სამსახურს გაგვიწევს და იმ მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარება, რომელიც მომავალში გვაქვს დაგეგმილი“.

გია ცეცაძე: „მნიშვნელოვანი დღეა, როგორც ქართული ფეხბურთისთვის, ასევე „საბურთალოსთვის“. რაც, ბევრი გიორგისნაირი ფეხბურთელი იქნება ეროვნულ ჩემპიონატში, მით უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე. ჭანტურია, ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია საქართველოში. გიორგი ქართული ფეხბურთის საქმეს აკეთებს და მჯერა ყველაფერი კარგად იქნება. სადაც ჭანტურია არის, იქ ყოველთვის დიდი გეგმები და მიზნებია“.

 „საბურთალოში“ დაბრუნება იყო თუ არა გია ცეცაძის ფაქტორი?
გიორგი ჭანტურია: კი, მთავარი ფაქტორი მისი „საბურთალოში“ მუშაობა იყო. მეწყინა, რომ წამოვიდა ახალგაზრდული ნაკრებიდან, თუმცა გამიხარდა, რომ „საბურთალოში“ დაინიშნა. არაა მარტივი, გუნდში აიყვანო ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ამდენი გაუცდა, მაგრამ ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ მთავარ მწვრთნელს ჩემი სჯერა და ეიმედება.
– როგორ ფიქრობთ, როდისთვის იქნებით მზად?
გიორგი ჭანტურია: 23 თებერვალს, სუპერთასის მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები.
– საქართველოს ჩემპიონატზე რა აზრის ხართ?
გიორგი ჭანტურია: ჩემი ბევრი მეგობარი თუ ნაცნობი თამაშობს ეროვნულ ლიგაში. ტოპ ჩემპიონატებს ვერ შევადარებ, მაგრამ ძლიერდება პირველობა და ძალებს იკრებს. წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩები გველის, იმედი მაქვს გულშემატკივარი ისიამოვნებს.
– ჭანტურია უნივერსალი ფეხბურთელია. რომელ პოზიციაზე ხედავთ მის ადგილს?
გია ცეცაძე: მას, რამდენიმე ადგილზე შეუძლია თამაში. გააჩნია ვის შევხვდებით. ჩვენი სათამაშო სისტემა 3-5-2 და 3-4-3 იქნება. ასევე, ფეხბურთელსაც შევეკითხები აზრს, სად ურჩევნია თამაში. ზოგადად, ყველას ვეკითხები, თუ რომელ პოზიციაზე ურჩევნია თამაში.