მამუკელაშვილი მოედანს დაუბრუნდა, სეტონ ჰოლმა კი ზედიზედ მეათედ მოიგო

0
11

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა მძიმე ტრავმა მოიშუშა და დაახლოებით 7-კვირიანი უქმობის შემდეგ, NCAA-ში, სეტონ ჰოლის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მძიმე ფორვარდმა მაჯის ძვალი გასული წლის 9 დეკემბერს აიოვასთან მატჩში გაიტეხა და მაშინვე ითქვა, რომ მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით თებერვლის დასაწყისში შესძლებდა.

მამუკელაშვილის რეაბილიტაციის პერიოდი კარგად წარიმართა და ის მოედანზე დღეს დილით გამართულ მატჩში გამოჩნდა, რომელშიც სეტონ ჰოლმა, შინაურ კედლებში, დეპოლს 64:57 სძლია.

აღსანიშნავია, რომ სანდროს გუნდისთვის ეს ზედიზედ მე-10 გამარჯვება გახლდათ, რაც 1992-93 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა. სეტონ ჰოლს ბიგ ისთის კონფერენციაში რვავე თამაში მოგებული აქვს და გასაკვირი არაა, რომ NCAA-ში სულ უფრო სერიოზულ ძალად აღიქვამენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კევინ პრიტჩარდმა სანდრო პირველ ტაიმში 5 წუთი დატვირთა, მის დაბრუნებას კი ქომაგი ძალიან თბილად შეხვდა. მაყურებლები მამუკელაშვილს ფეხზე მდგარნი, ოვაციებით შეეგებნენ, არადა, მატჩს 9 ათასამდე გულშემატკივარი ესწრებოდა.

ხანგრძვილივი უქმობის შემდეგ სანდროს გუნდთან მხოლოდ 4 ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული და გასაკვირიც არაა, რომ შებოჭილად გამოიყურებოდა. ქართველი ლეგიონერი ფარქვეშიდან შეტევას ერიდებოდა და მოძრაობებიც შენელებული ჰქონდა. მან 1 სამქულიანი ააცილა და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ამასთან, პასივში 2 პერსონალური ფოლიც მოუგროვდა. მიუხედავად ამისა, მან მწვრთნელისგან შექება დაიმსახურა.

“მართალი გითხრათ, სანდრო იმაზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე – ველოდი. დღევანდელ თამაშამდე ხომ მან მხოლოდ 4-ჯერ ივარჯიშა. მის დაბრუნებას აღელვებული ვუყურებდი, ის კი მშვიდი იყო და ეს, მომეწონა. მე-2 ტაიმში სანდროს მოედანზე დაბრუნება საჭიროდ აღარ ჩავთვალე. კალათბურთელისთვის, რომელსაც ამდენი ხანი არ უთამაშია, უბრალოდ, შესაფერისი დრო არ იყო”.

სეტონ ჰოლს მიმდინარე სეზონში ჩატარებული 20 მატჩიდან 16 აქვს მოგებული და როგორც აღვნიშნეთ, ბიგ ისთის კონფერენციის სათავეში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1 თებერვალს, ისევ შინ, ქსავიერთან ჩაატარებს. მოსალოდნელია, რომ მამუკელაშვილს ამ თამაშშიც მცირე სათამაშო დრო მიეცემა და მას დიდ დატვირთვებს ნელ-ნელა შეაჩვევენ.