საქართველო – რუმინეთი – კაპიტანთა და მწვრთნელთა წინასამატჩო პრესკონფერენცია

0
4

1-ელ თებერვალს, „დინამო არენაზე“, ბორჯღალოსნები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 18 საათზე, ტრადიციულ მეტოქე რუმინეთთან გამართავენ.

დღეს გუნდებმა „დინამო არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს, მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა კი, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

„ხარისხიანი შეტევით“

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ მცირე დროში მნიშვნელოვანი საკადრო თუ ტაქტიკური ცვლილებები მიზანშეწონილად არ მიაჩნია და აქცენტს ხარისხის გაუმჯობესებაზე აკეთებს:

„ტაქტიკური თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ გვაქვს, რადგან დროის მცირე მონაკვეთში სიახლეების დანერგვა რთულია. ვეცდებით გავაუმჯობესოთ ხარისხი, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. თუ ჩვენს დავალებებს ხარისხიანად შევასრულებთ, მეტოქე გუნდებს სერიოზულ საფრთხეებს შევუქმნით. გვსურს, გვქონდეს მრავალფეროვანი შეტევები, რაც რთული წასაკითხი იქნება დაცვისთვის“.

„რაც შეეხება სელექციას, მოკლე ვადაში ექსპერიმენტების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია და აქცენტი იმ მორაგბეებზე გაკეთდა, რომლებმაც მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს. ლექსო ყაულაშვილი საფრანგეთში ბრწყინვალედ ასპარეზობს, მაგრამ მას რამდენჯერმე ჰქონდა შეთავაზება და ყველა შემთხვევაში უარი გვითხრა. როდესაც საქართველოს „ა“ ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, პირადად შევთავაზე ჩამოსვლა და უარი განაცხადა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მისი გამოძახება არ იგეგმება. სამომავლოდ ვნახოთ რა იქნება“.

მაისაშვილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეტოქეები დაახასიათა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანს განსხვავებული ხელწერა აქვს:

„ფავორიტის როლში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მეტოქე მაქსიმალური მობილიზებით გვეთამაშება. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა დონის გუნდთან, სხვადასხვა სირთულის თამაშები ჩაგვიტარებია. რუმინეთის ნაკრები საკმაოდ საინტერესო რაგბს შემოგვთავაზებს, ასევე ესპანეთის ნაკრები, რომელსაც სახიფათო მოწინააღმდეგედ მივიჩნევ. რუსეთიც ეცდება თავისი სიტყვა თქვას და პორტუგალიაც, რომელიც დიდი ხანია ამ ტურნირზე არ ყოფილა, თუმცა იყო დრო, ის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სერიოზული მოთამაშე იყო. ყველა გუნდს თავიასი ხელწერა აქვს და ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მათგანს შესაბამისი ტაქტიკა დავუპირისპიროთ”.

“რუმინეთი ტრადიციულად ძლიერია შერკინებასა და მოლში. გვაქვს ამის გამოცდილება. როცა ამ კუთხით არ დავაფასეთ, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს და ეს ჩემპიონობის დათმობის ფასად დაგვიჯდა (2017 წელს)“.

რუმინეთთან მატჩში ბორჯღალოსნებს მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს. ის ამბობს, რომ გუნდი სათამაშოდ მზადაა:

„ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, თუმცა ჩვენთვის მათი უმეტესობა ნაცნობი სახეა. ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ის, რომ ამ მწვრთნელებს დიდი ხანია ვიცნობთ, ამ პროცესში დაგვეხმარა. რუმინეთთან მძიმე და რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა ამისათვის მზად ვართ“.

„ახალ გუნდს ვაშენებთ“

რუმინეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი ინგლისელი სპეციალისტი ენდი რობინსონი ამბობს, რომ იმ გუნდის შენებას იწყებს, რომელმაც მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით უნდა ითამაშოს:

„მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა. დეკემბრის პირველი კვირის შემდეგ, ამ გუნდს ერთად ფაქტობრივად არ უვარჯიშია და ჩვენი მიზანი შეთამაშება იყო. ვიმუშავეთ ტაქტიკასა და ტექნიკაზე, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რუმინეთის ამჟამინდელი გუნდი მშენებარე ნაკრებია“.

„2011 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც შოტლანდიის ნაკრებს ვწვრთნიდი, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს ვეთამაშეთ. მაშინ საქართველოს ნაკრებს უძლიერესი შერკინება და ფორვარდები ყავდა. ორივე გუნდზე შემიძლია ვთქვა, რომ მათ არა მხოლოდ მოახერხეს ამ უძლიერესი შერკინების შენარჩუნება, არამედ განავითარეს უკანა ხაზის თამაში. დარწმუნებული ვარ, ხვალ არაერთ საინტერესო შეტევას, ასევე მობილურ შერკინებასა და მოლს ვიხილავთ“.

მწვრთნელის აზრს იზიარებს გუნდის კაპიტანი ფლორინ სურუჯიუ:

„ჩვენი მიზანია, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, მაქსიმალურად ბევრი ახალი მოთამაშე აღმოვაჩინოთ და მოვემზადოთ საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. წელს ჩვენი მიზანი მოთამაშეებისთვის დიდი სათამაშო დროის მიცემა და გამოცდილების მიღებაა“.