ლევან მაისაშვილი: “რუმინეთთან თამაშს მაქსიმალურად მომზადებული და შეთამაშებული შევხვდებით”

0
6

2020 წლის პირველ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბორჯღალოსნები დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდნენ. საქართველოს ნაკრები წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში 1-ელ თებერვალს „დინამო არენაზე“ რუმინეთს ეთამაშება. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

„მსოფლიო რაგბის“ მეცხრე რეგულაციის თანახმად, ჩვენმა გუნდმა 20-22 იანვარს 34-კაციანი შემადგენლობით შეკრება საფრანგეთში გაიარა. შაბათ-კვირას მორაგბეებმა თავ-თავიანთ კლუბებში ითამაშეს, შემდეგ კი რუმინეთთან მატჩისთვის დაიწყეს მზადება. მანდელიუს სამდღიანი შეკრებით კმაყოფილია ლევან მაისაშვილი:

„შეკრებაზე მყოფი ყველა მორაგბე მობილიზებული იყო და შეკრებით კმაყოფილი ვარ. ამ სამი დღის განმავლობაში სულ 5 ვარჯიში გვქონდა, ძირითადად შეტევის სქემებზე, დერეფანზე. ბიჭებმა გაიცნეს შერკინების ახალი მწვრთნელი ალექსანდრე კასტოლა. ეს შეკრება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლეგიონერების ნაწილი თბილისში სამშაბათს ჩამოდის და სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მხოლოდ ერთხელ ესწრება“.

„შეკრებაზე ყველა ის მორაგბე შედის, ვინც საფრანგეთში იყო. წლის დასაწყისია, მხოლოდ ერთ თამაშზე გათვლას ვერ გავაკეთებდით და მნიშვნელოვანია, რომ სრულმა ბირთვმა გაიაროს მზადება, მიუხედავად იმისა, ითამაშებს თუ არა ყველა მათგანი პირველ ორ შეხვედრას. ჩვენმა მეტოქეებმა გაცილებით ადრე დაიწყეს მზადება და აუცილებელია, რომ ყველა თამაშს მაქსიმალურად მომზადებული და შეთამაშებული შევხვდეთ“.

გაფართოებულ შემადგენლობაში 20 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. მორკინალებიდან 14 მორაგბე ფრანგულ კლუბებში თამაშობს, ორ-ორი ინგლისურ და ციმბირულ კლუბში გამოდის, ორი კი დიდ 10-ს წარმოადგენს. ხაზის 14 მოთამაშიდან 8 შიდა ჩემპიონატის წარმომადგენელია, 4 ლეგიონერი საფრანგეთიდანაა, ხოლო ორი რუსეთიდან. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ მსოფლიო თასის შემდეგ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციას გადის, შესაბამისად იგი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს ვერ დაეხმარება.

მაისაშვილი აქცენტს პირველ, რუმინეთთან მატჩზე აკეთებს და ფიქრობს, რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, გარკვეული სიახლეები ექნება:

„ამ წუთას სრულად რუმინეთზე ვართ კონცენტრირებული, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი ენდი რობინსონი ჰყავს, რომელსაც ინგლისის და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, მის ხელში რუმინეთის ნაკრებს ბევრი სიახლე ექნება, თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენს დასახულ მიზნებს გავართვათ თავი და საკუთარი შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ“.

1998 წლიდან დღემდე, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს ერთმანეთში 23-ჯერ უთამაშიათ (10 შინ, 11 სტუმრად და 2 ნეიტრალურ მოედანზე). ბორჯღალოსნებმა მოიგეს 13 შეხვედრა და ერთი ფრედ დაასრულეს. 2002 წლიდან დღემდე, ჩვენსა და „სტეჟარს“ (მუხები) შორის თამაშდება „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი“ (მსოფლიო თასს მიღმა), რომელიც ჩვენს გუნდს 12-ჯერ აქვს მოპოვებული.

შეკრებაზე არიან
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი, 1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, საფრანგეთი, 3), ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 3), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი, 4-5), ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, ინგლისი 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი, 4-5), ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი, 6-8), ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი, 7, 8), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, კრასნოიარსკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7).
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10), თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი, 10), გიორგი კვესელაძე (ჯიქი, 12), დავით კაჭარავა (ენისეი, კრასნოიარსკი, 13), თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი, 11-14), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, მოსკ. 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11-14), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), მირიან მოდებაძე (აია, 11, 14, 15), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).