კიკე სეტიენი: ,,ეს მარცხი მალე უნდა დავივიწყოთ”

0
4

„ვალენსიას“ „მესტალიაზე“ „ბარსელონასთვის“ 2007 წლის შემდეგ აღარ მოეგო და დიდი ხნის შემდეგ, „ღამურებმა“ ოცნება აისრულეს, კატალონიელები 2:0 დაამარცხეს და რაც მთავარია, დამსახურებულად.

„ბარსელონამ“ პრიმერა დივიზიონში მეორე მატჩი ჩაატარა ახალი მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით. პირველ ტაიმში სტუმრები მეკარე ტერ შტეგენის საოცარ თამაშს უნდა უმადლოდნენ ტაბლოზე რომ 0:0 დარჩა. მან რამდენიმე ურთულესი ბურთი და რაც მთავარია, მაქსი გომესის თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა მონდომება დაფასდა და ანგარიში გაიხსნა, თუმცა გოლი ცოტა კურიოზული გამოდგა. დაუოკებელი გომესის დარტყმული ბურთი ჟორდი ალბას მოხვდა და კარში შევარდა.

მესი შესვენების შემდეგ მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ჯარიმებიც ურტყა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ამჯერად არგენტინელს მიზანმა უმტყუნა. მას აშკარად აკლია დაშავებული ლუის სუარესი. 77-ე წუთზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, მაქსი გომესმა, მეორედ დააწყებინა სტუმრებს ცენტრიდან თამაში. მერე გაბრიელ პაულისტამაც შაგდო, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩაუთვალა.

„ბარსელონამ“ უსუსური შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა კატალონიელთა უკანა ხაზმა.

,,პირველ ტაიმში ცუდად ვმოქმედებდით. გარკვეული დეტალები არ გვესმის ან საკმარისად კარგად არ არის ახსნილი. მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და საგოლე მომენტებიც შევქმენით. თუმცა, გოლის გატანა ვერ შევძელით და საკუთარ კარში მეორე ბურთი მივიღეთ. მეტოქეები მესისა და ფატის წინააღმდეგ კარგად თამაშობდნენ. ეს არის მტკივნეული მარცხი, რომელიც მალე უნდა დავივიწყოთ”, – სეტიენის სიტყვებს As ციტირებს.