“ზამთრის თასი” 2020 უკრაინამ მოიგო!

0
36

ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშება დასრულდა. 19 იანვარს, ლეგენდების ტურნირის მატჩებთან ერთად, 15-წლამდე ფეხბურთელთა გათამაშების ფინალური შეხვედრაც გაიმართა.

ზამთრის თასის 2020-ის ლეგენდების ტურნირის ‘ა’ ჯგუფიდან ნახევარფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება უკრაინისა და თურქეთის ნაკრებებმა მოიპოვეს. ორივე გუნდმა ოთხი ქულა დააგროვა, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე უკრაინელებმა დაასრულეს.

​’ბ’ ჯგუფი დამაჯერებლად მოიგო საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებმა. ჩვენმა გუნდმა დღის პირველ შეხვედრაში უეფას გუნდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა. მეორე მატჩში კი, ფიფას ანგარიშით 5:3 მოუგო და დაგროვილი 6 ქულით ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. საქართველოს ნაკრებთან ერთად ნახევარფინალში უეფას გუნდი გავიდა, რომელმაც უშუალო კონკურენტი ფიფა 6:4 დაამარცხა.

ლეგენდების ტურნირის ჯგუფური ეტაპის ცხრილები და შედეგები

ლეგენდების ტურნირის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს უკრაინისა და უეფას გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი უკრაინელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით – ანგარიშით 5:1 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლი ვიაჩესლავ შევჩუკმა შეასრულა, თითო გოლი კი, დონეცმა, ხომინმა და ბელიკმა გაიტანეს. უეფას გუნდიდან პრესტიჟის გოლის ავტორი მილენკო აჩიმოვიჩი გახდა.

საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გულშემატკივარმა საინტერესო სანახაობა იხილა. ანგარიში მატჩის მე-9 წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა გახსნა. თურქებმა წონასწორობის აღდგენა მეორე ნახევარში შეძლეს. მე-16 წუთზე გოლი თურჰანის ანგარიშზეა. დარჩენილ დროში ჩვენმა გუნდმა კვლავ შეუტია და მე-18 წუთზე გამარჯვების გოლი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.

​ლეგენდების ტურნირის ფინალური შეხვედრის დაწყებამდე ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივარმა 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის ფინალური მატჩი იხილა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს სფფ აკადემია რუსთავი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. მატჩი აკადემიელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 3:1 დასრულდა. სფფ აკადემიამ ზამთრის თასის მოგება პირველად მოახერხა.

სფფ აკადემია ზამთრის თასი 2020-ის 15-წლამდე ტურნირის გამარჯვებულია! 

საქართველოს და უკრაინის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის გამართული ლეგენდათა ტურნირის ფინალური მატჩი განსაკუთრებით საინტერესო და დრამატული გამოდგა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ორივე გუნდი აქტიურად უტევდა და გულშემატკივარმა უამრავი სახიფათო მომენტი იხილა. საბოლოოდ შედეგი უკრაინელთა შეტევებმა გამოიღო და ბოლო წუთებზე გადამწყვეტი გოლი ედუარდ ციხმეისტრუკმა გაიტანა.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასი 2020-ის გამარჯვებულებსა და გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი ჯილდოები დავით პეტრიაშვილის შვილმა, ნინო პეტრიაშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად გადასცეს.

15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირს (6 გოლი) ნიკოლოზ ყველაშვილს კუთვნილი ჯილდო ლეგენდარულმა ბერძენმა თავდამსხმელმა ანგელოს ხარისტეასმა გადასცა.
15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს ლუკა ფრიდონშვილს კუთვნილი ჯილდო ლეგენდარულმა ბერძენმა ფეხბურთელმა, გეორგიოს კარაგუნისმა გადასცა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ალან ჟირესს ზამთრის თასის სპეციალური პრიზი ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ლაშა სალუქვაძემ გადასცა.
ზამთრის თასის 2020-ის ლეგენდათა ტურნირის საუკეთესო მეკარეს, ვიტალი რევას კუთვნილი ჯილდო სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა. 
ზამთრის თასის 2020-ის ლეგენდათა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირს გეორგიოს კარაგუნისს კუთვნილი ჯილდო ქალაქ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ გადასცა.
ზამთრის თასის 2020-ის ლეგენდათა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს ალექსანდრე იაშვილს, კუთვნილი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადასცა.