თორნიკე შენგელიამ “ბასკონიას” მადრიდში “რეალი” დაამარცხებინა

0
23

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” მადრიდში “რეალი” 95:94 დაამარცხა, მატჩის გმირად კი ქართველი კალათბურთელი იქცა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც ფავორიტად მასპინძელი, “სამეფო კლუბი” ითვლებოდა.

შენგელიამ შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა, რაც თანამედროვე კალათბურთისთვის და განსაკუთრებით ესპანეთის უძლიერესი ლიგისთვის უიშვიათესი ფაქტია.

მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე ტაბლოზე ფრე (91:91) იყო დაფიქსირებული, როდესაც შენგელიამ ფარქვეშ შეჭრა მოახერხა და ლამაზი სლემ-დანქი განახორციელა, საპასუხო შეტევაში ფაკუნდო კამპაცომ ვერ ივარგა, მადრიდელები თორნიკეზე დაჯარიმდენ და მან ორივე ტყორცნა გამოიყენა – 91:95.

საფინალო სირენამდე ხუთიოდ წამით ადრე, “რეალის” ვარსკვლავმა სერხიო ლულმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, რასაც შენგელიას წინააღმდეგ კიდევ ერთი პერსონალური ფოლი მოჰყვა.

ამ შემთხვევაში, ქართველმა ლეგიონერმა ვერცერთი ჯარიმა ვერ გამოიყენა, თუმცა, იმავე ლულის მიერ თავისი ნახევრიდან ნასროლი ბურთი მიზანს მიღმა გაუშვა და “ბასკონიამ” მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.