გამორჩეული სარაგბო კვირა – ქართველმა ლეგიონერებმა რვა ლელო დადეს

0
16

რაგბის ევროპული საკლუბო ტურნირების (ჩემპიონთა თასი, ჩელენჯ თასი და პრო დ2) მატჩები გაიმართა, რომელიც ქართველი ლეგიონერებისთვის გამორჩეული გამოდგა – აღნიშნულ ტურში, ქართველმა მორაგბეებმა ჯამში 8 ლელოს დადება მოახერხეს.

ჩელენჯ თასზე, ფრანგულ დუელში “ბრივმა” “სტად ფრანსე მიიღო და მეტოქე 33-29 დაამარცხა. შეხვედრაში 19 ქულა ქართველი მორაგბეების ანგარიშზეა – ოთარ გიორგაძემ დუბლი გაიფორმა, ვასილ ლობჟანიძემ ერთი ლელო დადო, ხოლო თედო აბჟანდაძემ ორი გარდასახვა მიითვალა. საბოლოო ჯამში, ქართველების “ბრივი” 14 ქულით მე-4 ჯგუფის მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა.

ჩელენჯ თასის მე-6 ტური წარმატებული გამოდგა “ბორჯღალოსნების” მესამე ხაზელისთვის, ბექა გორგაძისთვის. 23 წლის ქართველმა მორაგბემ “უოსპსის” წინააღმდეგ ერთი ლელოს დადება მოახერხა, ხოლო “ბორდომ” მეტოქე 27-0 დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

დუბლი გაიფორმა ბექა გიგაშვილმა და მისმა “ტულონმა” “ბაიონსი” 50-6 გაანადგურა და ჩელენჯ თასის მე-2 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 27 წლის “ბორჯღალოსანმა” მეტოქე 47-ე და 67-ე წუთებზე დაალელოვა.

ქართული ლელო ვიხილეთ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე, სადაც ქართველმა პირველმა ხაზელმა, ლევან ჩილაჩავამ “კონახტი” დაალელოვა. მისმა “მონპელიემ” კი 35-29 იმარჯვა, თუმცა ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. “ბორჯღალოსანმა” აღნიშნულ მატჩში ლელო დებიუტშივე, მე-3 წუთზე დადო.

და ბოლოს, ქართული ლელო საფრანგეთის რანგით მეორე დივიონში, პრო დ2-შიც დაიდო. “პერპინიანისა” და “ორიაკის” მატჩის 69-ე წუთზე, ლელო გიორგი ცუცქირიძემ გაიფორმა.