ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ სტუმრებთან ერთად ბათუმის სტადიონი მოინახულა

0
4

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მთავრობასთან და ზამთრის თასის ლეგენდათა ტურნირის მონაწილე გუნდებთან ერთად ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინახულეს.

ბათუმის ახალი სტადიონის შესახებ კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა:
“ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მთელს ქვეყანას, კონკრეტულად აჭარას და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ასეთი სიხარულის მოლოდინი აქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ სტადიონი უკვე მალე გაიხსნება და ბათუმის “დინამოს” უკვე გაზაფხულზე შეეძლება საშინაო მატჩების აქ გამართვა. დღეს ჩვენს სტუმრებთან ერთად მოვინახულეთ მშენებლობის პროცესი, ყველა აღფრთოვანებულია და გვილოცავს, რომ ქვეყანას ასეთი ლამაზი არენა შეემატება.
ჩვენთვის და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ არენაზე სხვადასხვა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გამართვა შეგვეძლება. ამასთან ერთად ყველანი ველოდებით, რომ უკვე ზაფხულში ბათუმის “დინამო” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს საკუთარ ქალაქში სწორედ ამ სტადიონზე გამართავს. ეს პროცესი კიდევ უფრო გააძლიერებს გუნდს და გაზრდის ფეხბურთის მიმართ იმ ინტერესს, რომელიც ამ ქალაქში ისედაც დიდია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, რომ ყველანაირად შეუწყოს ხელი მშენებლობის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას”.

ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობის პროცესი სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ალენ ჟირესმაც მოინახულა:
“მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმში ვიმყოფები, ნამდვილად შესანიშნავი სტადიონი შენდება, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მთლიანად ქართულ ფეხბურთს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მხარეს ზამთრის თასის ორგანიზებისთვის, აღნიშნული ტურნირი საშუალებას გვაძლევს, რომ ფიფას, უეფას და სხვა გუნდების წარმომადგენლები კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები”.

​ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა უკვე საბოლოო ფაზაში გადავიდა. რამდენიმე დღის წინ არენაზე ინდივიდუალური სკამების მონტაჟი დასრულდა. ახლა კი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი ტაბლოს მონტაჟი და შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საბოლოოდ, მშენებლობის პროცესის სრულად დასრულების შემდეგ ბათუმი უეფას IV კატეგორიის, 20 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონს მიიღებს.