მიხეილ ბერიშვილის 42 ქულა და გიორგი ცინცაძის 16 პასი ყატარის ჩემპიონატში

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, მიხეილ ბერიშვილმა ყატარის ჩემპიონატში ზეშედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდისთვის იღბლიანი გამოდგა უშუალო კონკურენტ ალ ვაკრასთან მატჩი, რომელშიც ბერიშვილის არქიმექულეობის წყალობით ალ შამალმა 109:80 იმარჯვა.

მიხეილმა მოედანზე გატარებულ 38 წუთში 42 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა სნაიპერმა 9-დან 8 ორქულიანი, 8-ვე სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო. ბერიშვილმა ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 50-ს გაუტოლდა და რა გასაკვირია, რომ ის მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს.

ბერიშვილმა ბურთების უმეტესობა გიორგი ცინცაძის პასებით ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ძირითადმა გამთამაშებელმა მოედანზე 38:51 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა, 16 პასი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა. ცინცაძემ 7-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 29 შეადგინა, რაც სტუმართა რიგებში ბერიშვილის შემდეგ მე-2 მაჩვენებელი იყო.

ალ შამალმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და 9 მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 იანვარს, შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ ალ სადთან ჩაატარებს.