საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე სამი ნახევარფინალისტი გამოვლინდა

0
4

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 17 იანვარს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური გაიმართება, თუმცა სამი ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია. სატურნირო თვალსაზრისით, დღეს დაგეგმილი ოთხი მატჩიდან სამს ინტრიგა დაკარგული აქვს – მხოლოდ “ოლიმპისა” და “ტიტების” დაპირისპირებაშია გასარკვევი, თუ რომელი გუნდი მოიპოვებს ნახევარფინალის ბოლო, მეოთხე საგზურს.
16 იანვარს გამართულ პირველივე შეხვედრაში გამოვლინდა პირველი ნახევარფინალისტი. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დამაჯერებლად – 100:88  დაამარცხა და სამგუნდიან ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. კაკტუსელებმა გუშინ კავკასია დაამარცხეს და თსუ-ს ძლევით ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულეს.
ამ წაგებით ტურნირის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე სუპერლიგაში დამაჯერებლად მოლიდერე თსუ პლეი ოფის მიღმა დარჩა. უნივერსიტეტელები ბოლო ტურში კავკასიასთან ითამაშებენ, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში კაკტუსს ვეღარ გადაასწრებენ.
ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მომდევნო შეხვედრაში მეორე ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთავმა, რომელმაც გუშინ მგზავრები დაამარცხა, დინამოსაც დამაჯერებლად – 97:79 მოუგო და “ბ” ჯგუფის დანარჩენი ორი გუნდისთვის მიუწვდომელი გახდა. ბოლო ტურში ერთმანეთს დინამო და მგზავრები შეხვდებიან და ტურნირზე პრესტიჟის გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
მესამე მეოთხედფინალისტი გახლავთ ქუთაისი, რომელმაც C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ ცხუმ-აფხაზეთი იოლად დაამარცხა, დღეს კი ბათუმის გატეხვა ცოტა გაუჭირდა. თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ ქუთაისელებმა მესამე პერიოდში ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს, რაც მიზანმიმართული შეტევებისა და გააზრებული კომბინაციების შედეგი იყო. იმერულმა კლუბმა საბოლოოდ 102:93 დაამარცხა აჭარული გუნდი და ნახევარფინალში გავიდა.
ტურის ბოლო მატჩში ვერა ოლიმპს დაუპირისპირდა. ვერელებს წინა შეხვედრაში ტიტები ჰყავდა დამარცხებული და ახლაც რომ ემარჯვა, ნახევარფინალში კაკტუსს შეუწყვილდებოდა, თუმცა დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა უბადლოდ ჩატარებული მეორე ნახევრის წყალობით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 77:56. არადა, პირველი ნახევარი ვერელებმა 41:38 მოიგეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა ოლიმპი გამოვიდა, რომელმაც მესამე პერიოდი 22:6 მოიგო და შეხვედრის ბედი ფაქტობრივად გაარკვია. აღებული ტემპი ოლიმპელებმა არ დააგდეს და მატჩის ბოლომდე უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.
შესაბამისად, D ჯგუფიდან გამსვლელი გუნდი გაურკვეველია, თუმცა ყველაზე უკეთესი შანსი ოლიმპს აქვს, რომელიც ბოლო მატჩში ტიტებთან 12 ქულით წაგების შემთხვევაშიც არ კარგავს პირველ ადგილს. 13 ქულით თუ იმარჯვებს, ნახევარფინალში ტიტები გავა.
მემორიალის ჯგუფური ეტაპი 17 იანვარს, ამ მატჩებით დასრულდება: