ბაჩო ხურციძე: „კლუბებზე ხმების გადანაწილების პრინციპი უსამართლოა“

0
4

30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. როგორც ცნობილია, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქართული რაგბის გაძღოლის სურვილი აქვთ: ბაჩო ხურციძეს, ირაკლი აბუსერიძეს და გოჩა სვანიძეს.

ჯერჯერობით, მხოლოდ მოქმედმა პრეზიდენტმა წარადგინა ოფიციალურად კანდიდატურა, ხოლო დანარჩენები ახლო მომავალში იზამენ იგივეს. ბაჩო ხურციძე დიდი ხნის განმავლობაში, 2008 წლიდან მუშაობდა რაგბის კავშირში და მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორის თანამდებობა ეკავა. მან ამ წლების მანძილზე, ქართული რაგბისთვის ბევრი სასარგებლო რამ გააკეთა. სწორედ ის იყო 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ორგანიზების ხელმძღვანელი, რომელიც თბილისში და ქუთაისში გაიმართა და „მსოფლიო რაგბისგან“ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ხურციძემ 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში ზემოხსენებული პოსტი დატოვა, რისი მიზეზიც გოჩა სვანიძესთან უთანხმოება გახდა, რაც ქართული რაგბის განვითარებაზე, მათი შეხედულებების განსხვავებულობით იყო გამოწვეული. ამის შემდეგ, ბაჩომ საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლა დაანონსა. მისი თქმით, მას ქართული რაგბის განვითარებისთვის მრავალი სასარგებლო იდეა გააჩნია და ბოლომდე იბრძოლებს, რომ ამის განხორციელების საშუალება მიეცეს.

ჩვენ ბაჩოს დავუკავშირდით და მასთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელიც საკმაოდ ვრცელი გამოვიდა და ამის გამო, გადავწყვიტეთ, ის სამ ნაწილად დაგვეყო. დღეს ინტერვიუს პირველ ნაწილს გთავაზობთ.

– უკვე ვიცით, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 იანვარს იქნება და პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებთ. როგორია თქვენი განწყობა და მოლოდინი? როგორ შეაფასებდით შანსებს კანდიდატებს შორის?

– მე ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც იმიტომ, რომ ვფიქრობ, ის პრობლემები, რაც იყო რაგბის კავშირში, ამაზე ხმამაღლა უნდა მესაუბრა, კრიტიკულად, რადგან, ვფიქრობ, ჯანსაღი კრიტიკა ორგანიზაციას ეხმარება განვითარებაში და სწორად მუშაობაში, ამის გარეშე, ნებისმიერმა ადამიანმა და ორგანიზაციამ შეიძლება იმოქმედოს არასწორი მიმართულებით.

შანსებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ბუნებრივია, რომ მოქმედ პრეზიდენტს გაცილებით მეტი შანსი აქვს ყოველთვის, რადგან ადმინისტრაციული რესურსი, ყველა ბერკეტი მის ხელშია. მაგალითად, რაღაც შეკითხვები მაქვს კონკრეტულად, კლუბებისთვის ხმების გადანაწილების საკითხზე, რასაც ოფიციალურად მივწერ. როგორც წესი და რიგია, როგორც ჩემი კამპანია დავიწყე, ვაპირებ ისე გაგრძელებას, როგორც ჩემი ხედვის წარდგენით, წერილის მიწერით და ა.შ. ჩემი აზრით, ეს არის სწორი ფორმა.

რაც შეეხება მესამე კანდიდატს, მას თავისი სამოქმედო გეგმა აქვს, რომლის შესახებაც არ ვიცი, მაგრამ საინტერესოა თუ სხვა კანდიდატების ხედვა რა არის, როგორი იყო აქამდე მათი ხედვა, როგორ შეიცვალა და ამის მიხედვით დელეგატები გადაწყვეტენ ყველაფერს.

ვნახოთ, ვფიქრობ, რომ სწორი ვქენი, როდესაც კანდიდატურა დავაყენე, რადგან ძალიან ბევრ საჭირბოროტო საკითხზე მომიწია მუშაობა და ვფიქრობ, ამან რაღაც დოზით სწორ გადაწყვეტილების მიღებაზე იქონია გავლენა.

– ახსენეთ კლუბების ხმების საკითხი და მეც ამის შესახებ გკითხავთ. რამდენად სამართლიანად და სწორად მიგაჩნია, რომ „ბათუმი“, რომელიც არის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი აქვს ორი ხმა და მაგალითად, „წირაქა“, რომელიც ბევრ გულშემატკივარს საერთოდ არ გაუგია სამი ხმა აქვს. რამდენად სწორია ხმების ასეთი გადანაწილება?

– გამიკვირდა, რომ „ბათუმს“ მხოლოდ ორი ხმა აქვს. არის წესი, რომლის მიხედვითაც უნდა გყავდეს გარკვეული ასაკობრივი გუნდები, რომელიც ხმებს გიმატებს. ცუდია, თუ „ბათუმს“ საფესტივალო ასაკის გუნდები არ ჰყავს, მაგრამ გასაკვირი სხვა რამ არის. მაგალითად, ავიღოთ „ხარები“ და „ლელო“ – „ლელო“ დაახლოებით 40 წლის გუნდია, 11 წლის ვიყავი, როდესაც იქ თამაში დავიწყე და „ხარები“, ასევე ძალიან სახელოვანი გუნდი. მათ ოთხ-ოთხი ხმა აქვთ და ზესტაფონის „არწივებს“, რომელიც საერთოდ ორი წლის წინ შეიქმნა, აქვს სამი ხმა. ამაზე ოფიციალურ წერილს ვამზადებ, რადგან მართლა მინდა გავიგო, რადგან თუ აქამდე იყო ეს ხარვეზი წესდებაში, რატომ არ მოხერხდა აქამდე მისი გამოსწორება. წლები გავიდა უკვე, ბატონი გოჩა იყო გამგეობის თავმჯდომარე, ახლა პრეზიდენტია, რატო არ მოხერხდა ამ ხარვეზის გამოსწორება? ხომ არ შეიძლება ხმების გადანაწილება ისე მოხდეს, რომ ორი წლის შემქნილ კლუბს და 40 წლის შემქნილ კლუბს შორის მხოლოდ 1 ხმა იყოს სხვაობა? მეც მაქვს ამაზე შეკითხვები და არ ვთვლი, რომ ხმების გადანაწილების პრინციპი სამართლიანია. ორი წლის კლუბს როგორ გაუხდა სამი ხმა? იმას ხომ ბავშვები უნდა გაეზარდა და ამოეყვანა? რა გამოდის, რომ ავდგეთ ჩვენ, შევკრიბოთ 15 წლის ბავშვების გუნდი, ვისაც რაგბი არ უთამაშია და პირდაპირ ჭაბუკთა ლიგაში ჩაგვრთავენ, პლუს საფესტივალო ასაკში რაღაც გუნდები შევქმნათ და ამის ხარჯზე ხმა მოგვემატება? მგონი ეს არასწორია და ამაზე ვაპირებ, რომ ოფიციალური წერილი მივწერო კავშირს.

– ისევ წესდებაზე და ხმების გადანაწილებაზე გკითხავთ. თქვენი აზრით, გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონი ხდება, ან თუნდაც იკავებს მეორე ან მესამე ადგილს, არის წარმატებული – ასეთი გუნდები ხმების მხრივ გარკვეული პრივილეგიით არ უნდა სარგებლობდნენ და არ უნდა ჰქონდეთ დამატებითი ხმები?

– ძალიან სწორი შეკითხვაა. უნდა სარგებლობდნენ, ზუსტად მაგაშია საქმე, როდესაც ამ საკითხზე ამდენი ვისაუბრე, რა თქმა უნდა ამასაც ვგულისხმობ. წარმატებული კლუბები უნდა იყვნენ გამორჩეულები რაღაც კუთხით. ჩვენ ასეთი იდეა გვქონდა და ეს აპრობირებული მეთოდია: როდესაც კლუბს გამართული სტრუქტურა აქვს, არის ჩემპიონი, თანაც არაერთგზის, რაღაც კონკრეტული კრიტერიუმით რომ ხდებოდეს ამის შეფასება, რომ მაგალითად არის ოთხვარსკვლავიანი კლუბი, ხუთიანი. როდესაც მშობელს ბავშვის რაგბიზე მიყვანა მოუნდება, ის ამ კრიტერიუმსაც გაითვალისწინებს და ამით მიხვდება, თუ რამდენად ხარისხიან კლუბში მიყავს ბავშვი. აუცილებლად ვიზიარებ იმ აზრს, რომ ქვეყნის ჩემპიონს ხმების გადანაწილების კუთხით, რაღაც პრივილეგია უნდა ჰქონდეს და მაგას ვამბობ, რომ არ არის კარგად ჩამოყალიბებული და გაწერილი ჩვენს წესდებაში.

– ირაკლი აბუსერიძემ „იმედთან“ საუბარში განაცხადა, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, კანდიდატები ერთად არ დამსხდარან წესდების შემუშავებაზე და მისი თქმით, ყველაფერი ისე მოირგეს, როგორც სურდათ. თქვენთან ხომ არ ჰქონიათ კონტაქტი კავშირიდან წესდებასთან დაკავშირებით?

– არა, რა თქმა უნდა არ ჰქონიათ. მე კანონის ფარგლებში ვმოქმედებ. მოვითხოვე ინფორმაცია 18 დეკემბერს, რაც საჯარო ინფორმაციაა და წესით ვალდებული იყო კავშირი, რომ მოეწოდებინათ ეს ინფორმაცია, რაც ჯერ კიდევ არ მოუწოდებიათ და კიდევ ერთხელ ვწერ წერილს ზუსტად ამ წესდებასთან და ხმების გადანაწილებასთან დაკავშირებით. ასე ვინ რა მოირგო ვერ გეტყვით, როდესაც ოფიციალური მიმართვა მექნება, რა მასალასაც მივიღებ, იმაზე დაყრდნობით უფრო შემეძლება კონკრეტული პასუხის გაცემა.

– გოჩა სვანიძემ განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს სამხრეთ აფრიკელი სვის დე ბრუინი გაწვრთნის. მან ადრე აღნიშნა, რომ ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა არჩევნების შემდეგ უნდა მომხდარიყო, ან ამაზე ყველა კანდიდატს ერთად უნდა დაელაპარაკა, თუმცა მან არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, საკუთარი კანდიდატი გააჟღერა. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ და ირაკლი აბუსერიძეს ამჟამად ეს ბერკეტი ნაკლებად გაგაჩნიათ?

– მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია. ეს არის მოქმედი პრეზიდენტის ფუფუნება, რომლის ხელშიც არის ადმინისტრაციული რესურსი, ლეგიტიმაცია იმის, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები. ბუნებრივია, რომ არჩევნების წინ ასეთი ინფორმაციის გაჟღერება ყოველთვის არის დამატებითი ბერკეტი მისი კანდიდატურისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ ამ მწვრთნელს, სვის დე ბრუინს, უდავოდ მაღალი დონის მწვრთნელი არის, რომელსაც ძალიან უყვარს შეტევა, თუმცა უკვე აღინიშნა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა მენტალური პრობლემები, რის გამოც რასი ერასმუსს ვერ გაჰყვა მსოფლიო თასზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა, რაც დასაფიქრებელია. ამის შესახებ იუთუბზეც დევს ვიდეო, სადაც ის საუბრობს, თუ როგორ ურჩია ფსიქოლოგმა, რომ გარკვეული პერიოდით ჩამოშორდეს რაგბის. ეს არის შესაფასებელი რისკები. მე უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ასე უპირობოდ იმის თქმა, რომ ეს კაცი რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებს ჩაიბარებს, არასწორია, რადგან ხომ შეიძლება რომ რაგბი ევროპაზე ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ისე ითამაშოს, რომ გაიბრწყინოს და რაღაც არაჩვეულებრივი სანახაობა შემოგვთავაზოს? რატომ ვამბობთ, რომ ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს, შანსი არ ჰქონდეს და სხვა დაინიშნოს? ან რატომ არ შეიძლება, რომ ასისტენტობა შეეთავაზებინათ ასეთი მაღალი დონის სპეციალისტისთვის, მითუმეტეს იმ პირადი პრობლემების გათვალისწინებით, რაც მას აქვს. მგონია, რომ სამწუხაროდ, რაგბის კავშირს არ ჰქონდა ეს დეტალები შესწავლილი, რომ ამ ადამიანს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ამიტომაც ეს გარკვეულწილად რისკია, რადგან ამან შეიძლება მნიშვნელოვან მომენტში იჩინოს თავი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სპეციალისტი არის უმაღლესი დონის.

ბევრი რამ არ მიმაჩნია სწორად და ზუსტად ამიტომ ვიყრი კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომ ამ პრობლემებზე ვისაუბრო და გამოვასწორო, თუმცა ეს არის ერთი ჩვეულებრივი მეთოდი საკუთარი პოზიცის გასაძლიერებლად, ეს მისი ნებაა და ამაზე შეზღუდვა არ არსებობს, რადგან მან თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მოხდება დე ბრუინის დანიშვნა და არა ის, რომ კონტრაქტი უკვე გაფორმებულიაო. ამაზე კი ვერაფერს ვიტყვით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოქმედ პრეზიდენტს უფრო მეტი ბერკეტი გააჩნია, მას აქვს კვლავ ლეგიტიმაცია და ექნება კიდევ ორი კვირის განმავლობაში და მას შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება საქართველოს რაგბის კავშირის სახელით და ამ კუთხით სხვა კანდიდატებზე წინაა, რადგან სხვებს ეს არ შეუძლიათ.

– ახლახანს გაფორმდა 11-წლიანი ურთიერთმემორანდუმი სამხრეთ აფრიკასთან. ბევრი  მნიშვნელოვანი სიახლიდან, ალბათ მაინც გამოსაყოფი ქართული ფრენჩაიზის „ქარის თასზე“ ჩართვაა. ეს ძალიან კარგია, თუმცა ალბათ რამდენიმე წელში კიდევ უფრო მეტი იქნება საჭირო, იმისთვის, რომ პირველი დონის გუნდებს უფრო წამოვეწიოთ, რომლებსაც ფრენჩაიზები, თანაც არაერთი, ჰყავთ მაღალი დონის, გრძელ ტურნირებზე. თქვენი აზრით, რა პერიოდში გახდება საჭირო უფრო მაღალ, მაგალითად პრო 14-ის დონის ტურნირზე ჩართვა?

– კი ბატონო, პრო 14 არის გაცილებით მაღალი დონის ტურნირი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საუკეთესო ფრენჩაიზი უნდა შევკრათ, ნაკრების ძირითადი მოთამაშეებით უნდა დავაკომპლექტოთ, რომ იქ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, რაც ფინანსურად გაგვიჭირდება. ამიტომაც, ქარის თასი კარგი გამოსავალი არის, მაგრამ არგენტინულ გზას რომ გავხედოთ, მათ ზუსტად ქარის თასით დაიწყეს და ისე აიმაღლეს კლასი, რაგბი ჩემპიონშიპში და შემდეგ სუპერ რაგბიში მიიღეს, თუმცა ქარის თასი იმდენად მნიშვნელოვანი ტურნირია იქაც დატოვეს და ჰყავთ გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩვენზე მეტი ფინანსები და ადამიანური რესურსი გააჩნიათ, პოტენციალი ჩვენც გვაქვს.

თუ ჩვენ ქარის თასზე სამი-ოთხი წელი მოგვიწია თამაში და ამის ხარჯზე ნაკრები ისე გაგვიძლიერდა, რომ დავიწყეთ ძლიერი, პირველი დონის გუნდების დამარცხება, მაშინ დაფიქრდებიან 6 ერისაც და პრო 14-ის მესვეურებიც მათ ტურნირში ჩართულობაზე, თუმცა ჩვენ ერთი მინუსი გვაქვს, რომელიც სულ დაგვსდევს – ეკონომიკურად არ ვართ ისეთი საინტერესო ქვეყანა, როგორიც მაგალითად ესპანეთია, რომელსაც რამდენადაც ვიცი ჩელენჯ თასზე სთავაზობენ ადგილს. ესპანეთი, გერმანია, რუსეთი, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი უფრო ეს ქვეყნები იქნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ის გვაქვს, რომ ჩვენს სპორტულ შედეგს და თამაშის ხარისხს ვერ გაექცევიან და ზუსტად ეს უნდა განვავითაროთ მაქსიმალურად, თუმცა მომავალში ჩვენი მიზანი უნდა იყოს 6 ერში და პრო 14-ში შეღწევა.

– ქართული რაგბისთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი ფინანსებია. როგორ ფიქრობთ, თუ ქარის თასზე წარმატებით ვითამაშებთ და ყველას დანახებთ, რომ ქართული რაგბი ვითარდება, რაგბის თამაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე შეგვიძლია, ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ ისეთი გლობალური სპონსორი გამოჩნდეს ქართულ სივრცეში, რომელიც გაადვილებს გზას პრო 14-ისკენ?

– ისეთი სპონსორი, რომელიც ამხელა თანხას ერთიანად ჩადებს ცოტა მეეჭვება, თუმცა ზუსტად ვიცი ქართული სპონსორები, რომლებიც საკმაოდ სოლიდური თანხის ჩამდებები არიან ფრენჩაიზში. მქონია რამდენიმე ქართულ წამყვან კომპანიასთან ამაზე საუბარი, რომელთაც აინტერესებთ ფრენჩაიზის დასპონსორება. ასევე, რატომაც არა, ვთქვათ სამხრეთ აფრიკული სპონსორი? მარა გლობალური სპონსორი რამდენად გამოჩნდება არ ვიცი, ვფიქრობ, ეს მაშინ უფრო მოხდება, თუ პრო 14-ისკენ გზა გაგვეხსენება.

ირაკლი ალიმბარაშვილი
myrugby.ge