ცხრა ტურის შემდეგ გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის MVP-ია

0
11
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც აღნიშნული შეჯიბრების MVP-ების სიას ეხება და სასიხარულოა, რომ ცხრა ტურის შემდეგ ტურნირის ვებგვერდი საუკეთესო მოთამაშედ ქართველ ცენტრ გიორგი შერმადინს ასახელებს.
“იმისათვის, რომ ამ სიაში მოხვდე, ქვევით ჩამოთვლილი ხუთი კრიტერიუმიდან მინიმუმ ოთხში “კი” უნდა მიიღო:
  1. შენს კლუბს მატჩების 66%-ზე მეტი აქვს მოგებული?
  2. 66%-ზე მეტი მოგება შენი დამსახურება არის?
  3. შენი კლუბი ოთხთა ფინალში თუ გავა, შენი დამსახურება იქნება?
  4. გაქვს კი ისეთი სტატისტიკა, შენი კანდიდატურა MVP-დ რომ განვიხილოთ?
  5. 15 წლის ასაკში მოგიპოვებია 89 ქულა ერთ შეხვედრაში და 76 ქულა მეორეში? ხოლო 18 წლისა პროფესიონალურ ლიგაში თამაშობდი და საშუალოდ 35.1 ქულას აგროვებდი?
    ბოლო კრიტერიუმი კი ერთგვარი გრიმი გახლავთ, რასაც იმისათვის ვიყენებ, რომ უფრო დიდი ინტერესით ჩახვიდეთ სტატიის ბოლოსკენ. თუმცა 15 წლის ასაკში ჩაგდებული 89 და 76 ქულა საუკეთესოდ დასახელების მიზეზი არ არის.
    მიუხედავად ამ გრიმისა, კალათბურთელი, რომელიც სიას ლიდერობს, სრულიად იმსახურებს იქ ყოფნას, სადაც არის, როგორც სიაში მყოფი სხვა ბიჭები.
#1 გიორგი შერმადინი (“იბეროსტარ ტენერიფე”)
(1) კი! 8-1, საუკეთესო შედეგი ლიგაში!
(2) კი! იმიტომ, რომ როცა “ტენერიფეს” ქულის ჩაგდება სჭირდება, დაინახავთ, როგორ კარნახობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩუს ვიდორეტა, რის შემდეგაც შერმადინი მარსელინიოსთვის სქრინს აკეთებს, შემდეგ კი ბურთს ფარქვეშ იღებს, რომელიც ქულის მოპოვებისთვის შესანიშნავი პოზიციაა.
(3) კი! იმიტომ, რომ 216 სმ სიმაღლის ცენტრი, რომელსაც ფარის ახლოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ბევრ ქულას აგდებს და “ტენერიფესათვის” გამარჯვებები ინდივიდუალურად მოაქვს.
(4) კი! რადგან ის საშუალოდ 16,7 ქულას აგროვებს, 63%-იანი სიზუსტით ისვრის, 6.2-ჯერ ხსნის ბურთს და 2 შედეგიან გადაცემას ასრულებს, რაც მას თამაშის შემდეგ საშუალოდ  19,7 ეფექტიანობის კოეფიციენტს აძლევს. ამასთანავე, ის მხოლოდ 23,5 წუთს თამაშობს და აღნიშნული სტატისტიკა მართლაც რომ გასაოცარია.
(5) კი!!! გიორგი შერმადინი საკალათბურთო სამყაროს ახალ ამბებში მაშინ მოხვდა, როცა 15 წლის ასაკში საქართველოში თამაშისას აბსურდულ სტატისტიკას აჩვენებდა. 76 ქულისა და 16 მოხსნის მტკიცებულება YouTube-ზეც არის 13 წლის წინ ატვირთული. 2006-07 წლების სეზონში ის თბილისის “მაკაბიში” თამაშობდა და 18 წლის ასაკში საშუალოდ 35,1 ქულასა და 16,1 მოხსნას აგროვებდა. მას შემდეგ კი შერმადინმა ძალიან ბევრი იმოგზაურა, კლუბი 13-ჯერ შეიცვალა, თუმცა, როგორც ახლა “იბეროსტარ ტენერიფეში” თამაშობს, იმის წინაპირობას გვაძლევს, რომ იქ დიდი ხნით დარჩება. არა მხოლოდ დარჩება, ტიტულების მოგებასაც მოახერხებს, ხომ? დიახ, სწორია.
ესეც ასე, 9 სათამაშო ტურის შემდეგ გიორგი შერმადინი MVP რბოლას ლიდერობს. ვულოცავთ მაღალ ბიჭს!”
ცნობილი სახეებიდან აღნიშნულ სიაში მეოთხე ადგილზე ევროლიგის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი, 36 წლის კეით ლანფორდი გახლავთ აეკ-იდან. მე-6 ადგილზე შერმადინის თანაგუნდელი, ესპანეთის სამგზის ჩემპიონი მარსელინიო უერტასია.