ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე – ნაწილი IX

0
25

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პროექტი“გზა ევრობასკეტი 2021-მდე”გრძელდება. ნაკრებთან ერთად მეოცედან ოცდამეერთე საუკუნეში გადმოვინაცვლოთ.

შორი გზა, რომელმაც ევროპამდე ვერ მიგვიყვანა

ზურაბ ტომარაძე

1999 წელს შვეიცარიაში ჩატარებული ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. ლევან მოსეშვილის ნაცვლად ზურაბ ტომარაძე დაინიშნა, ასისტენტად – ნუგზარ კანდელაკი.

მათი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრობასკეტი 2003-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ლუქსემბურგში გაიარა, შესარჩევი ეფექტურად დაიწყო – თბილისში სძლია ბულგარეთსა და ბელარუსს, ორივე შეხვედრაში დაამარცხა აზერბაიჯანი და…

ჯგუფიდან გასვლა ორი მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული: ერთმანეთის მიყოლებით ვითამაშეთ ბულგარეთსა და ბელარუსში. მათთან მცირე სხვაობით წაგებებიც საკმარისი აღმოჩნდებოდა ბარიერის გადასალახად. ბულგარეთში 66:85 დავმარცხდით. ქალაქ იამბოლიდან ბელარუსის ქალაქ გომელამდე მგზავრობა დღესაც მკაფიოდ ახსოვს დღევანდელი ნაკრების ყველა წევრს. მოვუსმინოთ მთავარ მწვრთნელ ზურაბ ტომარაძეს:

– მატჩამდე მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სოფიიდან ჯერ მოსკოვში უნდა ჩავსულიყავით, შემდეგ გომელში. ბულგარეთის სააგენტოში გვითხრეს, რომ ბელარუსში, რუმინეთის გავლით ვიზის გარეშე შევძლებდით გადასვლას. ბულგარეთის ზღვისპირა საზღვარს მივადექით, მაგრამ მტკიცე უარი გვითხრეს – თურმე ქართველებს რუმინეთთან სავიზო რეჟიმი სწორედ წინა დღისით შემოუღიათ. არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჩვენმა ექიმმა, ვალერი მელაძემ უკრაინაში დარეკა – ქართველი გენერალი გაწუხებთ, სასწრაფოდ გემი გვჭირდებაო. უკრაინელებმა ყურადღება გამოიჩინეს და სპეციალურად ჩვენთვის ხომალდი გამოგზავნეს. “კომეტით” უკრაინის პატარა პორტში ღამის 4 საათზე ჩავედით, საიდანაც ტაქსებით ოდესამდე მივაღწიეთ. კიევამდე მიკროავტობუსები გამოვიყენეთ, უკრაინის დედაქალაქიდან გომელამდე – ავტობუსი. მოკლედ, ცხენის გარდა ტრანსპორტის ყველა სახეობა მოვსინჯეთ. იოლი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იქნებოდნენ სპორტსმენები… დიდი მონდომების მიუხედავად, ბელარუსთან ძალა აღარ გვეყო და დავმარცხდით.

 

გიორგი გაგნიძე

 

90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში საქართველოში რა მდგომარეობაც იყო, კარგად მოგეხსენებათ. ეროვნული ნაკრების თითოეული მწვრთნელი ცდილობდა გუნდის შეკვრას, ბრძოლისუნარიანი კოლექტივის ჩამოყალიბებას, მაგრამ ამისთვის თუნდაც სრულფასოვანი შეკრება იყო საჭირო. რადგან ეს ვერ ხერხდებოდა, მწვრთნელები უშუალოდ თამაშებში ცდიდნენ კალათბურთელებს.

 

1998 წლისთვის უკანახაზელი გიორგი გაგნიძე პერსპექტული ახალგაზრდა იყო და, ცხადია, ნაკრებშიც მოხვდა, თუმცა მან მხოლოდ ორი შეხვედრა გამართა. ერთმანეთზე რთული მატჩები – თურქეთთან და იტალიასთან. პირველში 3 წუთი ითამაშა, მეორეში – 13.

 

ვალერი კილაძე

ვალერი კილაძე ეროვნულ გუნდში გარდამავალ ეტაპზე თამაშობდა. იგი ზურაბ ტომარაძის ფორმაციის ნაკრებშიც მოხვდა და დრაჟენ ბრაიკოვიჩისაშიც. მისი დებიუტი 2000 წელს შედგა – ლუქსემბურგის წინააღმდეგ ითამაშა, ბოლო მატჩი კი 2004 წელს მაკედონიასთან ჰქონდა.

ვალერი კალათბურთში აღარ საქმიანობს, თუმცა ოლიმპიური სასახლის ტრიბუნებზე ხშირად ნახავთ – 17 წლის ვაჟს, ირაკლის ქომაგობს, რომელიც “დინამოს” ღირსებას იცავს და 18-წლამდელთა ნაკრების წევრია.

– ირაკლი პროფესიულ კალათბურთში თავის სადებიუტო სეზონს ატარებს, თამაშობს თბილისის “დინამოში”. პატარაობაში ცენტრალურ თავდამსხმელად უწევდა გარჯა, ამჟამინდელი სიმაღლის გათვალისწინებით კლასიკურ 3-ნომრად ყალიბდება. იგი ბევრს შრომობს და ბრძოლისუნარიანი ხასიათით დიდი კალათბურთის თამაში აქვს განზრახული.

 

ირაკლი მაისურაძე

 

ირაკლი კილაძის ასაკის გუნდს, 18-წლამდელთა “ზაზას” წვრთნის ირაკლი მაისურაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი უკანახაზელი. მას წარმატებული სამწვრთნელო კარიერა აქვს, იყო უმცროსი ასაკის ნაკრებების მწვრთნელი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლის  შეუძლია ხანგრძლივი და წარმატებული კარიერით დაიტრაბახოს, ეროვნულ გუნდში მხოლოდ 5 მატჩი აქვს ჩატარებული. მიზეზი თავადაც ვერ აუხსნია:

– 90-იან წლებშიც და შემდეგ, დრაჟენ ბრაიკოვიჩის დროსაც ნაკრების შეკრება არ გამომიტოვია, ყოველთვის მიძახებდნენ, გუნდთან ერთად ვემზადებოდი, მაგრამ თამაში იშვიათად მიწევდა, მაშინაც კი, როცა გერმანიასა თუ რუსეთის სუპერლიგაში კარგად ვთამაშობდი. ამჟამად მწვრთნელი ვარ და ვფიქრობ, ალბათ მე დავაკელი რაღაც… თუმცა როდესაც საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, მაისურის თუნდაც ერთხელ მორგება ნებისმიერი კალათბურთელისთვის საოცნებო რამაა.

 

გიგი ნაცვლიშვილი

ვახტანგ ნაცვლიშვილის უმცროსი ძმა გიგი, ისევე როგორც ირაკლი მაისურაძე საქართველოს ნაკრების შეკრებებზე ხშირად იყო, თუმცა ირაკლის დარად მასაც 5 მატჩი მოუგროვდა.

დებიუტი 1998 წელს ჩეხეთში ჰქონდა, მეხუთე შეხვედრა კი 1999 წელს შვეიცარიაში პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა, 17 წუთი ითამაშა.

 

გიგი 2000-იანი წლების დასაწყისში თბილისის “დინამოში” თამაშობდა, გუნდთან ერთად ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპი გადალახა და პლეი ოფში ითამაშა, სადაც დინამოელებმა უკრაინულ “აზოვმაშთან” დათმეს.

ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი გადალახა და პლეი ოფში გავიდა.