შენგელიას 19 ქულა, გამარჯვება და MVP-ის ტიტული

0
10

ესპანეთის ჩემპიონატის მეცამეტე ტურში გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”, ქართველი ლეგიონერი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბასკონიელებმა მურსიაში ადგილობრივი გუნდი 86:75 დაამარცხეს, რაშიც შენგელიას წვლილი უდიდესია.

შენგელიამ ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი – 35:34 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება მოაგროვა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 9-დან 8 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი – 21 ერთეული შეადგინა.

“ბასკონიას” 7 მოგება და 6 წაგება მოუგროვდა და მეხუთე-მეცხრე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 22 დეკემბერს, შინ, “სან პაბლო ბურგოსთან” ჩაატარებს.