შერმადინი ისევ MVP – ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე წაგებულ მატჩში

0
31

ესპანური “ტენერიფე იბეროსტარის” ქართველმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, დღეს კი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა და მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ტენერიფელები რუსეთში “ნიჟნი ნოვგოროდს” შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 72:75 დამარცხდნენ. 7-დან 7 გამარჯვების მქონე ტენერიფელებისთვის ეს გახლდათ პირველი დამარცხება ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაში. ქართველი ცენტრი მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 27:53 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. პასივში შერმადინს 3 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა ჰქონდა.

შერმადინის პასით ალექს ლოპესს შეეძლო ბოლო წამზე გათანაბრება, თუმცა ვერ ჩააგდო. 7 მოგებითა და 1 მარცხით ტენერიფელები 8-გუნდიან ჯგუფში პირველობას საიმედოდ ინარჩუნებენ. შემდეგ მატჩს შერმადინის გუნდი 17 დეკემბერს, შინ მონტენეგრულ “მორნარს” შეხვდება.