ორი ლელო და 19 ქულა ჩელენჯ ქაფზე

0
5

ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის მესამე ტურის შეხვედრებში 17-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და ორმა მათგანმა ლელო გაიტანა, ხოლო თედო აბჟანდაძემ კარში დარტყმებით 9 ქულა მოაგროვა.

ფრანგული ‘კლერმონი’ ჩემპიონთა თასის მესამე ჯგუფის მესამე ტურში ინგლისში ‘ბათს’ ეწვია და 11 700 მაყურებლის წინაშე 34:17 დაამარცხა. პირველი ტაიმის 7:7 დასრულების შემდეგ, სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით 15 წუთში მოიპოვეს, სამი ლელო გაიტანეს და ბონუსიც მოიპოვეს.

‘კლერმონის’ შემადგენლობაში 50-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა და ორი შეტევით 7 მეტრი მოიგო. მისი გუნდი სამი თამაშის შემდეგ 11 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ‘ოლსთერს’.

მეხუთე ჯგუფის ფრანგულ დერბიში ‘მონპელიე’ ‘ტულუზს’ ეწვია და 9:23 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა. ორივე მათგანმა მოედანზე 55-55 წუთი გაატარა. თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე.

ჩელენჯ ქაფის პირველ ჯგუფში მესამე საშინაო მატჩი დათმო რუსეთის ჩემპიონმა ‘ენისეიმ’, თუმცა ამჯერად ფრანგულ ‘კასტრს’ მათ ბონუსი არ გაატანეს – 12:28. ტურნირის ზედიზედ მესამე მატჩში რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო, რომელსაც კიდეებიდან ამჯერად ირაკლი ჭანუყვაძე და სულხან ჩიხლაძე ეხმარებოდნენ. საგულისხმოა, რომ ამაშუკელმა ‘კასტრის’ ოთხ და ‘ენისეის’ ორ მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა.

კრასნოდარში გამართულ მატჩში მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში სამი ქართველი მორაგბე იყო. ბურჯმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა 76 წუთი ითამაშა და 59-ე წუთზე ფრანგებს ძალისმიერი ლელო გაუტანა, რომლის შემდეგაც ანგარიში 12:23 გახდა. ეს მისი პირველი ლელოა ჩელენჯ ქაფზე. მან ბურთი სულ 6-ჯერ წაიღო და 6 მეტრი მოიგო, 4 პასი გააკეთა და დაცვაში 6 ბოჭვა შეასრულა.

სრულად ითამაშა დავით მესხმა და 5 წაღებით 5 მეტრი მოიგო, 3 პასი გააკეთა და 9 ბოჭვა შეასრულა. შეუცვლელად ითამაშა მესამეხაზელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ, 17 მიძალებით 25 მეტრი იარა და 7 პასი გააკეთა, დაცვაში საკუთარ კლუბში ყველაზე მეტი, 14 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა. სამი ტურის შემდეგ გაჩეჩილაძე ინდივიდუალურ სტატისტიკაში ორ ნომინაციაში ლიდერობს – ბურთით ხელში 45-ჯერ შეუტია და დაცვაში 50 ბოჭვა მოუგროვდა, ხოლო 5 ოფლოუდით მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

მეორე ჯგუფში მესამე თამაში მოიგო და 13 ქულით პირველ ადგილზეა ‘ტულონი’. მესამე ტურში ფრანგებმა ‘ლონდონ აირიში’ მიიღეს და ბონუსით, 37:17 დაამარცხეს. ბურჯი ბექა გიგაშვილი ‘ტულონის’ სასტარტო შემადგენლობაში პირველად იყო, მოედანზე 47 წუთი გაატარა, 5 შეტევით 10 მეტრი მოიგო და 3 ბოჭვა შეასრულა.

მესამე ჯგუფში ‘ბორდომ’ ‘აჟენი’ 73:3 დაამარცხა და 12 ქულით პირველ ადგილზეა. სტუმართა 11 ლელოდან ერთი ლექსო ყაულაშვილის ანგარიშზეა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო, თავი 24-ე წუთზე გამოიჩინა, 35-ეზე კი შესაცვლელი შეიქმნა და მოედანზე ლაშა ტაბიძე გამოჩნდა. ყაულაშვილმა მიმდინარე სეზონში მესამე ლელო გაიტანა – ორი ტოპ 14-ში და ერთი ჩელენჯ ქაფზე.

სრულად ითამაშა ბექა გორგაძემ, 9 შეტევით 21 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 13 ბოჭვა შეასრულა.

12 ქულა აქვს ‘ედინბურგსაც’, რომელმაც ‘უოსფსს’ უმასპინძლა და 31:20 დაამარცხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. მან დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა, შეტევაში კი ბურთი 2-ჯერ მიიღო და 3 მეტრი იარა.

მეოთხე ჯგუფში ‘სტად ფრანსე’ ‘ბრისტოლთან ინგლისში 11:37 დამარცხდა. სტუმართა შორის პირველიდან 45-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ, 5 შეტევით 18 მეტრი მოიგო და 8 ბოჭვა შეასრულა.

იტალიაში ‘ზებრესთან’ 24:27 დამარცხდა ‘ბრივი’, რომლის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ქართველი იყო. თედო აბჟანდაძემ სრულად ითამაშა და გუნდს 9 ქულა შესძინა – 3 გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა. მან 25 პასი გაუშვა, 6 შეტევით 6 მეტრი მოიგო და 3 ბოჭვა შეასრულა.

‘ბრივმა’ თამაში ქართული პირველი ხაზით დაიწყო. 52-52 წუთი ითამაშეს ბურჯებმა კარლენ ასიეშვილმა და ლუკა ჯაფარიძემ. ასიეშვილმა 6 შეტევით 7 მეტრი მოიგო და 9 ბოჭვა შეასრულა, ხოლო ჯაფარიძემ 5-ჯერ მიიღო ბურთი და 6 ბოჭვა მოაგროვა. კვაჭმა ვანო კარკაძემ 57 წუთი ითამაშა და 12 შეტევით 21 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 12 ბოჭვა მოაგროვა.