ესპანეთის ACB ლიგის XII ტური – შერმადინი პირველია, შენგელია – მესამე!

0
16

როგორც დავწერეთ და ვივარაუდეთ, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მთელს 9 შეხვედრაში, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გაიმართა, ქართველი ლეგიონერის მჯობნი არავინ გამოინახა. სათქმელია ისიც, რომ შერმადინის დარად, სარგებლიანობის ინდექსი 38 ერთეულით გამოხატა უნიკახელმა ხაიმე ფერნანდესმა, რომელიც მე-12 ტურში შერმადინის თანაზიარი MVP-ია.

შეგახსენებთ, რომ შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ გასულ უქმეებზე მურსიას 85:78 სძლია, გიორგი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 30:16 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 8 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა და ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა მალაგის უნიკახას ლიდერ ფერნანდესს, რომელმაც ბექა ბურჯანაძის გრან კანარიასთან მოგებულ (79:76) მატჩში 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერი ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ, კარიერის განმავლობაში კი მეექვსედ დაასახელეს. გიომ კომენტარი ესპანური ACB ლიგის ოფიციალურ ვებგვერდთან გააკეთა.

“მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რასაც ჩემს თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს ვულოცავ.
ესპანურ ლიგაში ყველა თამაში რთულია, მითუმეტეს ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომელთაც კარგი მსროლელები ჰყავთ და ფარქვეშაც დამაჯერებლად ირჯებიან.
მურსიასგან დიდ წინააღმდეგობას ველოდით და ასეც მოხდა, თუმცა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, ჩვენ მაინც უკეთესები ვიყავით.
ცუდი თამაში ნამდვილად არ მქონია, მაგრამ ვგრძნობ, რომ მეტის გაკეთება შემიძლია, მითუმეტეს, რომ თანაგუნდელები ყველანაირად ხელს მიწყობენ.
პირადად სტატისტიკას დიდად არ ვაკვირდები. ცხადია, მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ მაგალითად ჩემი სარგებლიანობის კოეფიციენტი 38-მდე ავიდა, მაგრამ ეს ხომ ჩემი საქმეა. უნდა ვითამაშო და გუნდს მოგებაში დავეხმარო”.

შერმადინისთვის მიმდინარე სეზონი გამორჩეულია, რაზეც მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები მოწმობს: 27:46 წუთი, 18.2 ქულა (ლიგაში მე-4 მაჩვენებელი), 6.6 მოხსნა (მე-6), 1.8 პასი, 24.3 სარგებლიანობის კოეფიციენტი (მე-2).

შეგახსენებთ, რომ იბეროსტარ ტენერიფეს ესპანეთის ჩემპიონატში 7 მოგებითა და 5 წაგებით მე-7 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი, 14 დეკემბერს, სტუმრად, შერმადინის ყოფილ კლუბ მორაბანკ ანდორასთან ჩაატარებს.

ACB ლიგის ამავე ტურში მესამე ნომრად ბასკონიას ქართველი ლიდერი თორნიკე შენგელია დასახელდა, რომელმაც ხუვენტუტთან მატჩში 19 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა შეასრულა.