“საბურთალო” – ორ წელიწადში მოპოვებული ორი ტიტული

0
21

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ შეხვედრას გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სტადიონმა უმასპინძლა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა დამსახურებული გამარჯვება იზეიმა. დამსახურებული, რადგან „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ აჯობა და გამარჯვებაც ლოგიკური იყო.
„საბურთალომ“ თამაში სოლიდურად დაიწყო და უკვე მეოცე წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. ჯერ დაახლოებით 30 მეტრიდან გიორგი კოხრეიძემ დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მალევე, საბურთალოელთა უპირატესობა გაიზარდა. ელვინ ტერას კარგად შესრულებული გადაცემით გიორგი გაბედავა მეკარესთან პირისპირ დარჩა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
ლევან კორღალიძის დამოძღვრილმა გუნდმა მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა. ბურთთან ირაკლი სიხარულიძე მივიდა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა, ეს „რკინიგზელთა“ მაქსიმუმი გამოდგა, რადგან „საბურთალომ“ თავი კარგად დაიცვა და  შეტევაშიც უკეთ გამოიყურებოდა.
ასპარეზობის მიწურულს ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ყველა კითხვის ნიშანი გააქრეს, კუთხური კარგად გაითამაშეს და ლევან კაკუბავამ ფინალის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა „საბურთალომ“ შარშან მოპოვებულ ჩემპიონობას კიდევ ერთი ტიტული, ამჯერად საქართველოს თასი შემატა.

საბურთალო – ლოკომოტივი 3:1 (2:0)
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
„საბურთალო“ (4-3-1-2): კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ტაბატაძე (ცნობილაძე 86), ტერა, კაკუბავა, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (ყენია 61), გ. კოხრეიძე (ლ. კოხრეიძე 67), გაბედავა.
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
„ლოკომოტივი“ (4-2-3-1): ბულისკერია, კომახიძე, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი, დ. კირკიტაძე (გვალია 78), დარცმელია (ჯიქია 82), შონია, თ. კირკიტაძე (ინჯგია 30), სიხარულიძე.
მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
გოლები: 1:0 გ. კოხრეიძე (12), 2:0 გაბედავა (19), 2:1 სიხარულიძე (52, პენ), 3:1 კაკუბავა (89).
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი